გიორგი კირთაძე: ბათუმს აქვს სასაფლაოების პრობლემა. შესაბამისი განკარგულებით გამოიყო მიწის ნაკვეთი, ბათუმის მერიამ დახარჯა ფული, სასაფლაო მოაწყო, მაგრამ ბევრი წელია, ეს სასაფლაო არის გაჩერებული, პრაქტიკულად, დასრულებული სასაფლაო... იქ, რა თქმა უნდა, „ატკატების“ სახით ფული მოტყდა. ამაზე პროკურატურაში საქმე აღიძრა და ა. შ., მაგრამ ამას, ალბათ, შესაბამისმა ორგანოებმა, ადრე თუ გვიან, უნდა მიხედონ, ვინ მოიპარა იქ ფული და რატომ მოიპარა, მაგრამ ეს პრობლემა ხომ გადასაწყვეტია.

ვერდიქტი: გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

ბათუმის ახალი სასაფლაოების მოწყობა მუნიციპალურ ბიუჯეტს თითქმის 4 მლნ ლარი დაუჯდა, შემსყიდველმა ობიექტი ჩაიბარა და მიმწოდებელს თანხა გადაურიცხა. თუმცა დღემდე ობიექტი უფუნქციოა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მისი გამოყენება შეუძლებელია. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ კვლევა 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. იმავე წლის მარტში კი პროკურატურამ, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. 2020 წელს, როცა ჩვენ საკითხს დავუბრუნდით და პროკურატურისგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ, უწყებამ მოგვწერა, რომ გამოძიება ჯერაც დასრულებული არ იყო.

2023 წლის 6 დეკემბერს პროკურატურას კიდევ ერთხელ წერილობით მივმართეთ და საქმის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, ადრესატს ორჯერ შევახსენეთ, რომ პასუხს ველოდებოდით. ორივეჯერ მოგვწერეს, რომ განცხადება განხილვის პროცესშია. ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ფაქტია, რომ ობიექტი ჩაბარებულია, თუმცა ინფრასტრუქტურა, როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, მეწყრულად აქტიურია. ქალაქში არსებული ყველა სხვა სასაფლაო კი გადატვირთულია და ჭირისუფალს დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს, რომ მიცვალებული დაკრძალოს. ქალაქის მერიას 2024 წლის ბიუჯეტში, ამ მდგომარეობით, პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი გათვალისწინებული არ აქვს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა: „ბათუმს აქვს სასაფლაოების პრობლემა. შესაბამისი განკარგულებით, გამოიყო მიწის ნაკვეთი, ბათუმის მერიამ დახარჯა ფული, სასაფლაო მოაწყო, მაგრამ ბევრი წელია, ეს სასაფლაო არის გაჩერებული, პრაქტიკულად, დასრულებული სასაფლაო... იქ, რა თქმა უნდა, „ატკატების“ სახით ფული მოტყდა. ამაზე პროკურატურაში საქმე აღიძრა და ა. შ., მაგრამ ამას, ალბათ, შესაბამისმა ორგანოებმა, ადრე თუ გვიან, უნდა მიხედონ, ვინ მოიპარა იქ ფული და რატომ მოიპარა, მაგრამ ეს პრობლემა ხომ გადასაწყვეტია.“

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ბათუმში ახალი სასაფლაოების მოწყობის თემას ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შევეხეთ. მაშინ „ფაქტ-მეტრმა“ სცადა იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, რატომ გადაიხადა ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ 3 მილიონ 400 ათასამდე ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, თუ ობიექტი გამოუსადეგარი იყო. სტატიაზე მუშაობის დროს, ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული ინფორმაცია შევისწავლეთ, გამოვკითხეთ შემსყიდველი ორგანიზაციის იმჟამინდელი დირექტორი, ვესაუბრეთ შპს „მამისონის“ (მშენებელი კომპანია) ხელმძღვანელს, დავუკავშირდით პროექტის ავტორს, რადგან „მამისონის“ დირექტორი სწორედ პროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებდა. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია 2019 წლის თებერვალში გამოვაქვეყნეთ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. იმავე წლის 15 მარტს კი აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №170150319801 საქმეზე, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, საკითხს კვლავ დავუბრუნდით, თუმცა საქმე დასრულებული არ იყო და ამდენად, გაურკვეველი დარჩა, ვის დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. რა იგეგმებოდა პრობლემის მოგვარების მიზნით, ამის შესახებ ბათუმის მერიაშიც ვერაფერი გავარკვიეთ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ობიექტის ჩაბარებიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ინფრასტრუქტურას, რომელშიც ბათუმის მერიამ 4 მლნ ლარამდე დახარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბათუმელებისთვის მიცვალებულის დაკრძალვა ურთულეს პრობლემად იქცა, რადგან ქალაქში ათზე მეტი სასაფლაოა, ახალი საფლავისთვის ადგილი კი - არც ერთი. ის, რომ ბათუმში მოქმედ ყველა სასაფლაოზე ადგილები ამოწურულია, ა(ა)იპ ბათუმის სასაფლაოების დირექტორმა ჯერ კიდევ 2022 წელს დაადასტურა. იმავე ინტერვიუში დირექტორმა თქვა, რომ ადგილი, რომელზეც ახალი სასაფლაოებისთვის ინფრასტრუქტურა მოეწყო, ექსპერტიზამ მეწყრულ ტერიტორიად შეაფასა.

მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, თუმცა ბათუმის მერიას 2024 წლის ბიუჯეტში, პრობლემის მოგვარების მიზნით, რაიმე მნიშვნელოვანი ხარჯი გათვალისწინებული არ აქვს. რაც შეეხება პროკურატურას, რომელსაც ჩვენ წერილობით განმეორებით 6 დეკემბერს მივმართეთ, ოფიციალური პასუხი ჯერ არ გამოუგზავნია. თუმცა ორჯერ შევახსენეთ, რომ ინფორმაციას ველოდებით. ორივეჯერ მოგვწერეს, რომ განცხადება განხილვის პროცესშია. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმის გამოძიება დასრულებული არ არის.

ამდენად, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი