ირაკლი ნადირაძე: კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირის უხარისხოდ შესრულების გამო გააგდო, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგოეთი -კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 9-კმ20 ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 18 იანვარს კომპანია „ერ ტე დეს“-თან 14 899 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. მანამდე, ორი დღით ადრე (16 იანვარს), ამავე კომპანიას თბილისის მერმა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის არაჯეროვნად განხორციელების გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

კომპანიების შავი სიის წარმოების წესის მიხედვით, თუ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებს და ხელშეკრულების ვადა ამოწურულია ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე არის შეწყვეტილი, აღნიშნული კომპანიის შავ სიაში შეყვანის საფუძველი ხდება. კომპანია „ერ ტე დე“-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა. შესაბამისად, კომპანია შავ სიაში შეყვანის კანდიდატი იყო. ამის სანაცვლოდ, თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორ დღეში, უკვე საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანიას 15-მილიონიან ხელშეკრულებას უფორმებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია „ერ ტე დე“-ს მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია. კომპანიას ჯამში 101 ტენდერი აქვს მოგებული. ლუხუმ ქართლოსიშვილს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 25 000 ლარი აქვს შეწირული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ნადირაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა: „კომპანიას, რომელიც კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ „შავ სიაში“, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ - რატომ ჩავარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა - პასუხი არის მარტივი - კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს „შავ სიაში“, იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? - იმიტომ, რომ ეს კომპანია და ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგოეთი -კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 9-კმ20 ტენდერი (NAT230022389) 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 15 დეკემბერს დამთავრდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 772 758 ლარი იყო. ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა: შპს „ცეკური“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო#1“ და შპს „ერ ტე დე“. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 18 იანვარს კომპანია „ერ ტე დეს“-თან 14 899 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის დასრულების ვადა ერთი წლით განისაზღვრა. უკვე 24 იანვარს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ცვლილებაზე მითითებულია, რომ შეცდომის გასწორებაა, თუმცა უფრო მეტი დეტალის შემცველი დოკუმენტი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით მიმაგრებული არ არის.

განხილულ ხელშეკრულებაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, შპს „ერ ტე დე“ სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც 16 იანვარს თბილისის მერმა კახი კალაძემ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის უხარისხოდ და დაგვიანებით განხორციელების გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა. კომპანია რომ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა, ხელშეკრულების შეწყვეტამდეც ცხადი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ერ ტე დე“ სამუშაოებს არ აწარმოებდა, 24-საათიან რეჟიმში არ აწარმოებდა და არასათანადოდ ასრულებდა, თბილისის მერიას არაერთხელ ჰყავდა დაჯარიმებული, რაც საბოლოოდ, ხელშეკრულების შეწყვეტით დამთავრდა. თუმცა ეს ფაქტორიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კომპანია „შავ სიაში“ ყოფილიყო შეყვანილი. სანაცვლოდ, მერიის მიერ „დაწუნებულ“ კომპანიასთან ამჯერად უკვე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია შპს „ერ ტე დე“-ს მიერ ვერ შესრულებული ერთადერთი პროექტი არ არის. ამ ეტაპზე, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციასაც „ერ ტე დე“ ახორციელებს. ამ შემთხვევაშიც, კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში უკვე თექვსმეტი ცვლილება არის შესული. ბოლო ცვლილება შარშან 15 დეკემბერს განხორციელდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 29 თებერვლამდე გახანგრძლივდა. არსებული მდგომარეობით, პროექტი დასრულებული არ არის, კომპანიისთვის კი 14 351 166 ლარია გადახდილი, რაც მთლიანი ღირებულების 74%-ს შეადგენს (იხ. სტატია).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, კომპანია „ერ ტე დე“ 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია, დამფუძნებელი კი ლაშა ქართლოსიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“. „ფლანგვის დეტექტორი“, კომპანიის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 2015 წლის სექტემბრიდან იღებს.

პირველი ტენდერი „ერ ტე დემ“ მას შემდეგ მოიგო, რაც მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილი გახდა. პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში ქართლოსიშვილმა „ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა. კომპანიას ჯამში 101 ტენდერი აქვს მოგებული, კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 168,095,705 ლარს შეადგენს.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მიხედვით, შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველია, როცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

კომპანია „ერ ტე დე“-ს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება, ხელშეკრულებაც ვადაზე ადრე არის შეწყვეტილი. შესაბამისად, ყველა პირობაა იმისთვის, რომ კომპანია შავ სიაში იქნეს შეყვანილი. სანაცვლოდ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

ყოველივე განხილულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი