ლაშა კომახიძე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ამტკიცებს ახალ ბიუჯეტს, რომლის ნახევარზე მეტი ხელფასებში იფლანგება, ძალიან დიდი რაოდენობა თანხისა იფლანგება ბიუროკრატიულ ხარჯებში, ავტომანქანების შეძენაში, საწვავის მოხმარებაში, ახალი სავარძლების შეძენაში...

ვერდიქტი: ლაშა კომახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ბიუროკრატიული ანუ ადმინისტრაციული ხარჯი ორი მუხლის - შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების - ჯამს წარმოადგენს. პოლიტიკოსის განცხადებაში ჩამოთვლილი ხარჯები - ხელფასი, საწვავის მოხმარება, ახალი ავეჯის შეძენა - ამ ორ მუხლშია გაერთიანებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებში მომუშავეთათვის, ასევე, მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის, დაგეგმილია არა მთლიანი გადასახდელების ნახევარი, არამედ 45.3%, რაც 31 800 551 ლარს შეადგენს. ამასთანავე, არსებული მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს, ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით, არც ტენდერი გამოუცხადებია და არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიუმართავს. განცხადების ავტორს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა, მან ამ კონკრეტულ ნაწილში რა იგულისხმა. გვიპასუხა, რომ ავტომობილების შეძენის შარშანდელ ფაქტზე საუბრობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ხარჯების წილი, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა კომახიძემ განაცხადა: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ამტკიცებს ახალ ბიუჯეტს, რომლის ნახევარზე მეტი ხელფასებში იფლანგება, ძალიან დიდი რაოდენობა თანხისა იფლანგება ბიუროკრატიულ ხარჯებში, ავტომანქანების შეძენაში, საწვავის მოხმარებაში, ახალი სავარძლების შეძენაში“...

სანამ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტს გავაანალიზებთ, განვმარტავთ, რომ ბიუროკრატიული ანუ ადმინისტრაციული ხარჯი ორი მუხლის აერთიანებს: შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება. თავის მხრივ, მუხლი „საქონელი და მომსახურება“ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა ხელფასებს, სამივლინებო, ოფისის, კვების, სამედიცინო, რბილი ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობის ხარჯებს. ამდენად, პოლიტიკოსის განცხადებაში ნახსენები ხელფასის, საწვავის მოხმარების, ახალი ავეჯის შეძენის ხარჯებს სწორედ ეს ორი მუხლი მოიცავს.

თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 70 194 600 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის გეგმას, 62 456 800 ლარს, 7 737 800 ლარით აღემატება. გადასახდელების მთლიანი მოცულობიდან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის განხორციელების მიზნით, 4 555 860 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის დაიგეგმა, ხოლო 5 182 691 ლარი - საქონლისა და მომსახურებისთვის. ეს, ჯამში, 9 738 551 ლარს შეადგენს. შარშანდელი გეგმა კი იყო, შესაბამისად, 4 111 916 ლარი და 5 066 441 ლარი, ჯამურად - 9 178 357 ლარი. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შრომის ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

აღნიშნულ თანხაში არ შედის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა ხელფასები, ასევე, საქონლისა და მომსახურებისთვის დაგეგმილი გადასახდელები. ეს ინფორმაცია თავმოყრილია ბიუჯეტის დანართში, კერძოდ, ნორმატიულ აქტ 4-ში, რომლის ხილვაც შეგიძლიათ ბიუჯეტის ბმულზე გადასვლის შემთხვევაში.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თოთხმეტი იურიდიული პირი ფინანსდება. სამწუხაროდ, დოკუმენტში ორგანიზაციებში მხოლოდ შტატით დასაქმებულთა რაოდენობაა მითითებული. შტატგარეშეთა რიცხვი ცალკე გამოყოფილი არ არის, თუმცა მათი ანაზღაურება, როგორც აღვნიშნეთ, საქონელსა და მომსახურებაშია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ქობულეთის 2023 წლის ბიუჯეტიდან ორგანიზაციებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებას, ამ ორი მუხლის გეგმა, ჯამურად, თითქმის 5 მლნ ლარით ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ შპს ქობულეთის სტადიონი მუნიციპალიტეტმა შარშან დეკემბერში დააფუძნა. ორგანიზაციის შტატში, დოკუმენტის მიხედვით, 13 პირია დასაქმებული. იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილია ბიუჯეტის დანართ 3-ში, რომელსაც ბმულზე გადასვლის შემთხვევაში გახსნით.

ცხრილი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე გაწერილი ხარჯი, 2023-2024 წლების გეგმა

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დანართი

2024 წლის ბიუჯეტის დანართის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში შრომის ანაზღაურება 1 569 ადამიანისთვის დაიგეგმა და ჯამში 13 777 600 ლარს შეადგენს. აქედან საკუთარი სახსრებით ხელფასს მხოლოდ ორი ორგანიზაცია გასცემს. მათ შორის - „ქობულეთის წყალი“ სრულად - 1 131 500 ლარს და „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური“ - მხოლოდ ნაწილს - 15 600 ლარს (34 300 ლარიდან). სულ საკუთარი სახსრებით 1 147 100 ლარი ანაზღაურდება. დანარჩენი 12 630 500 ლარი ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. იგივე ორგანიზაციები საკუთარი სახსრებით გასწევენ საქონლისა და მომსახურების ხარჯის მცირე წილს. ამ მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი, მთლიანობაში, 9 694 100 ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტიდან გასაცემი - 9 431 500 ლარს.

უნდა ითქვას, რომ 2023 წელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობა გაზრდილია თითქმის ყველა ორგანიზაციაში. შესაბამისად, გაზრდილია 2024 წლის ორივე მუხლის - შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება - საპროგნოზო მაჩვენებლებიც. კერძოდ, შარშანდელი გეგმის მიხედვით, იურიდიულ პირებში დასაქმებული 1 458 ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გეგმა იყო 11 246 400 ლარი, აქედან ბიუჯეტის სახსრები 10 520 800 ლარს შეადგენდა. საქონელი და მომსახურება კი დაგეგმილი იყო 8 101 000 ლარით, საიდანაც ბიუჯეტის ანგარიშზე 7 131 700 ლარი მოდიოდა, ხოლო დანარჩენი ორგანიზაციების საკუთარი სახსრებიდან ფინანსდებოდა.

ამდენად, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრაციულ ხარჯებსა და იურიდიული პირების შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილ ხარჯებს შევკრებთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს, ამ მიმართულებით, ბიუჯეტში 26 830 857 ლარი იყო დაგეგმილი, რაც მთლიანი გადასახდელების 42.96%-ს შეადგენს. 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 31 800 551 ლარია, ანუ მთლიანი გადასახდელების 45.3%.

რაც შეეხება ავტომანქანების შეძენას, ჩვენ განცხადების ავტორთან დავაზუსტეთ, რომ ის გასულ წელს შესყიდულ სატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობდა. აღნიშნული ფაქტი 2024 წლის ბიუჯეტს არ უკავშირდება. ამასთანავე, ხელფასებსა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაგეგმილია არა მთლიანი გადასახდელების ნახევარზე მეტი, არამედ 45.3%. თუმცა ფაქტია, რომ ეს ხარჯი შარშანდელ მაჩვენებელს თითქმის 5 მლნ ლარით აღემატება. ამდენად, ლაშა კომახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი