ლევან ხაბეიშვილი: უმცირესობაში იქნებოდა „ქართული ოცნება“ [მაჟორიტარული სისტემის გარეშე]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მცდარი.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საჯარო დაპირება გასცა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.

2019 წლის ნოემბერში, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. 2020 წლის მარტში, მოლაპარაკებების შედეგად, პოლიტიკურმა ძალებმა კონსენსუსს მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდებოდა, სიით გასულების კი შესაბამისად, 77-დან 120-მდე იზრდებოდა. საარჩევნო ბარიერად 1% განისაზღვრა.

პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მიიღო, მაჟორიტარულში კი ოცდაათივე ოლქში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა.

1%-იანი ბარიერი სულ 9 პოლიტიკურმა ძალამ გადალახა. ბუნებრივი ბარიერის (0.67%) პირობებში, მათ რიცხვს ნინო ბურჯანაძის პარტიაც შეუერთდებოდა, რომელმაც ხმების 0.85% მიიღო. სულ ამ ათმა პოლიტიკურმა ძალამ ჯამში ხმების 94.7% დააგროვა. არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 40-მა პარტიამ ბუნებრივი ბარიერის გადალახვაც ვერ მოახერხა. გაუნაწილებელი მანდატების ბარიერგადალახულ სუბიექტებზე გადანაწილების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ 50.9%-ს აიღებდა, რაც 76 დეპუტატს ნიშნავს, რასაც გაუნაწილებელი მანდატებიდან კიდევ 1 მანდატი დაემატებოდა. 77 მანდატი უკვე უმრავლესობაა და საკმარისია მთავრობის სრული შემადგენლობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი: 25 იანვარს „TV პირველის“ ეთერში გადაცემა ,,რეაქციაში’’ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა: „2020 წელს ოცნებამ რამდენი პროცენტი აიღო? ...46-48 დაახლოებით. დანარჩენმა ოპოზიციამ აიღო 52%. 2020 წლის არჩევნები რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარული და ბიძინა ივანიშვილს რომ არ გადაეგდო ხალხი, დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა“. ამავე აზრს ლევან ხაბეიშვილი ეთერში რამდენჯერმე იმეორებს: „უმრავლესობა აიღო ოპოზიციამ უმცირესობაში იქნებოდა „ქართული ოცნება“, ოღონდ 30 მაჟორიტარით მოიგეს; ქართველ ხალხს არ გადაუწყვეტია 2020 წელს რომ ესენი უნდა იყვნენ სისტემამ გადაწყვიტა; 2020-ში უკვე წააგეს“.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, 24 ივნისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების დაპირება გასცა.

პარლამენტის არჩევის წესს კონსტიტუცია განსაზღვრავს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის სისრულეში მოყვანას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებოდა. თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾ იყო საჭირო ანუ 113 ხმა. იმავე წლის 14 ნოემბერს პირველი მოსმენით, კენჭისყრაზე ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.

დაპირებულ ცვლილებებზე უარმა პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა. საბოლოოდ, მხარეებმა ე.წ. 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს, მასში 3 ძირითადი პუნქტი იყო გაწერილი:

1) არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდებოდა - სიით გასული დეპუტატების რაოდენობა 77-დან 120-მდე იზრდებოდა, მაჟორიტარების 73-დან 30-მდე მცირდებოდა;

2) საარჩევნო ბარიერი 5%-დან 1%-მდე მცირდებოდა;

3) წესდებოდა 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი - თუ პარტია 40%-ს ვერ აიღებდა, უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებდა.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა და 1%-იანი ბარიერი 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამასთან, უკლებლივ ყველა, ოცდაათივე ოლქში, მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა.

რა მოხდებოდა, რომ არჩევნები მართლა სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარებულიყო? გაანგარიშება ეფუძნება იმ დაშვებას, რომ პარტიები იმავე მხარდაჭერას მოიპოვებდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 48.22% აიღო. ცხადია, ეს ნახევარზე ნაკლებია. ერთი შეხედვით, „ქართული ოცნება“ 72 მანდატს აგროვებდა და ხელისუფლებას ემშვიდობებოდა, თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. „ნულოვანი ბარიერი“ რეალურად, „ბუნებრივ ბარიერს“ ნიშნავს - პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა, მიიღო იმდენი ხმა მაინც, რომ შენი შედეგი საკმარისი იყოს ერთი მანდატის მისაღებად, საქართველოს შემთხვევაში, 1 მანდატი 150-დან. შესაბამისად, იმისთვის რომ პარტიას პარლამენტში 1 დეპუტატი მაინც გაეყვანა, ხმათა მინიმუმ 0.67% სჭირდებოდა.

გრაფიკი 1: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები (დაშვებით რომ ბარიერი 0.67% იყო)

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

2020 წლის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, ნინო ბურჯანაძის პარტიამ 0.85%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში ეს პარტიაც მოხვდებოდა. სულ 10-ივე პარტიამ ხმათა 94.7% მიიღო. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 40 პარტიიდან თითოეულმა ხმათა 0.67%-ის მოპოვებაც ვერ შეძლო, ისინი უბარიერო სისტემის პირობებშიც პარლამენტს მიღმა რჩებოდნენ.

გაუნაწილებელ მანდატებს ბარიერგადალახული პარტიები იყოფენ. მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები აიღო, მაგრამ ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, ბარიერგადალახული პარტიებიდან მისი მხარდაჭერა 50.9%-ს მიაღწევდა (48.2% : 94.7% = 50.9). 50.9% 76 დეპუტატს ნიშნავს (150 * 50.9% = 76.35), რაც საკმარისია უმრავლესობის დაკომპლექტებისთვის. ამასთან, ამ სცენარში ბარიერს წარმატებით 10 პარტია გადალახავდა. მანდატებს პარტიები 150 მანდატთან (პარლამენტში მანდატების ჯამური რაოდენობა) საკუთარი შედეგის შეფარდებით იღებენ. ეს იშვიათად არის მთელი რიცხვი, ამიტომ მანდატებს იღებენ იმ რაოდენობით, რაც მთელი რიცხვია, ხოლო დანარჩენი გაუნაწილებელი რჩება. ამ სცენარის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ყველა მანდატი გადანაწილდებოდა ანუ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული 76 და ოპოზიციის მიერ ჯამურად მიღებული 69 მანდატის გარდა, გაუნაწილებელი დარჩებოდა კიდევ 5 მანდატი, რომელსაც თანმიმდევრობით მიიღებდნენ საუკეთესო შედეგის მქონე პარტიები - ამ შემთხვევაში: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. შესაბამისად, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნებას“ 77 დეპუტატი ეყოლებოდა.

ცხრილი 1: მანდატების განაწილების სიმულაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულად, ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში [1]

წყარო:ცენტრალური საარჩევნო კომისია

ანალოგიურ შედეგს მივიღებთ ცესკოს მეთოდოლოგიითაც. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად (მუხლი 125, პუნქტი 5), პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. „ქართულმა ოცნებამ“ 928 ათასი ხმა აიღო, იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯამში 0.67%-იიანი ბუნებრივი ბარიერი გადალახეს - 1823 ათასი ხმა. შესაბამისად, 928*150/1823=76,4.

გრაფიკი 2: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უბარიერო სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

ექნებოდა, თუ - არა უმრავლესობა დღეს „ქართულ ოცნებას“, გადადგებოდა, თუ - არა გიორგი გახარია და გამოეყოფოდა, თუ - არა უმრავლესობას მისი გუნდი. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოახერხებდა თუ - ვერა „ქართული ოცნება“ კოალიციის შეკვრას რომელიმე მცირე ზომის პარტიასთან, ან საერთოდ აიღებდნენ, თუ - არა იმდენივე პროცენტს პარტიები სრულად პროპორციულ არჩევნებში, რამდენის აღებაც 2020 წელს რეალურ ვითარებაში მოახერხეს, მსჯელობის საგანია და მტკიცებით ფორმატში რაიმეს თქმა, შეუძლებელია. დათვლადი მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები იგივე პროცენტულ მხარდაჭერას მიიღებდნენ, რაც მიიღეს, „ქართული ოცნება“ 77 მანდატს იღებდა, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის სრული შემადგენლობის დასაკომპლექტებლად საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადების სრული კონტექსტი სიმართლეს არ შეესაბამება, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

[1] ავტორის გამოთვლები. ეფუძნება საარჩევნო კოდექსის კონსოლიდირებულ ვერსიას - 30 იანვარი, 2024 წელი. ხელმისაწვდომია:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=85


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია