ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში მოცემული ძირითადი განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

განცხადება 1: 2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ეროვნულ ვალუტაში დათვლილი ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 2012 წელს 27.2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი 2.9-ჯერ მეტს - 79.4 მლრდ-ს შეადგენს, 2024 წლის პროგნოზი 86 მლრდ ლარია (2012 წელთან შედარებით 3.2-ჯერ მეტი).

3-ჯერ გაზრდილი ნომინალური ეკონომიკა, ცხოვრების დონის 3-ჯერ გაუმჯობესებას არ ნიშნავს, წლების განმავლობაში ეკონომიკასთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სამომხმარებლო ფასებიც იზრდებოდა.

3-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, მის 200%-იან ზრდას ნიშნავს, მაშინ, როცა, ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით, 2023 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკა 60%-ით ანუ 1.6-ჯერ იქნება გაზრდილი, 2024 წელს (მშპ-ის ზრდის პროგნოზის მიხედვით) - 68%-ით ანუ დაახლოებით 1.7-ჯერ.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდა (2012=100%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო

დამატებითი მითითების გარეშე, ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვები გადაჭარბებულ შთაბეჭდილებას გვიქმნის. სინამდვილეში, ბოლო 11 წლის განმავლობაში, რეალური ეკონომიკა 3-ჯერ არ გაზრდილა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ეს ნაწილი „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე. უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

განცხადება 2: ისტორიულ მინიმუმზეა სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% (582.9 ათასი ადამიანი) ცხოვრობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეს 532 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო.

აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც 2022 დაფიქსირდა. ამრიგად, პრემიერის მიერ დასახელებული მონაცემები ზუსტია, თუმცა სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება. ამასთან, განცხადება საჭიროებს დამატებით განმარტებას, რომ საუბარია უკიდურესი სიღატაკის მაჩვენებლებზე და არა ზოგადი სიღარიბის დონეზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

განცხადება: ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის დონე.

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ყოფილი პრემიერი სავარაუდოდ, 2022 წლის მაჩვენებლებს გულისხმობს, რადგან 2023 წლიური მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამასთან პრემიერს მსგავსი განცხადება ადრეც გაუკეთებია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2022 წელს, დასაქმებისა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები პანდემიურ პერიოდთან (2020-2021) შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების [2015-2019] მაჩვენებლები სრულად აღდგენილი არ იყო. მიუხედავად ამისა, 2022 წელს უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც დაფიქსირდა, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა.

მტკიცება, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო, გადაჭარბებულია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

განცხადება: დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია.

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ამ მტკიცებას ღარიბაშვილი დემოკრატიის კვლევის ცენტრის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) 2023 წლის ანგარიშზე დაყრდნობით ავითარებს, რომელშიც 179 ქვეყანა 6 სხვადასხვა ინდექსის მიხედვით არის შეფასებული. ამასთან, თითოეულ ინდექსში დამატებით გამოყოფილია ის ქვეყნები, რომლებმაც ქვეყნის ქულა ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებითად გააუმჯობესეს.

საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებითი პროგრესი ანგარიშის 6 ინდექსიდან მხოლოდ ორში - ლიბერალური დემოკრატიის (LIBERAL DEMOCRACY INDEX (LDI)) და არჩევითი დემოკრატიის ინდექსებში (ELECTORAL DEMOCRACY INDEX (EDI) ) აჩვენა. განცხადებაში ღარიბაშვილი არჩევითი დემოკრატიზაციის ინდექსში ასახულ პროგრესზე აპელირებს.

ამ მიმართულებით, საქართველო 10- წლიანი დემოკრატიზაციის პროგრესის მაჩვენებელ ქვეყანათა ათეულშია, თუმცა დაკვირვების შედეგად, ნათელი ხდება, რომ არჩევითი დემოკრატიის მიმართულებით 2012 წლიდან ქვეყნის მონაცემები 2017-2018 წლებამდე პროგრესირებს, ხოლო მომდევნო წლებში უარესდება. მაგალითად, 2017 წელს საქართველო საერთო რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებდა, 2023 წლის მონაცემებით კი მე-60 ადგილზე დაქვეითდა. პრემიერის განცხადებაში ეს ნაწილი კონტექსტს მიღმაა დატოვებული.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის განცხადებაში არის სიმართლის ელემენტი, განცხადება ქმნის იმგვარ შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველო ამ დროის განმავლობაში უწყვეტად დადებითი მიმართულებით ვითარდებოდა და ბოლო წლების რეგრესს ყურადღების მიღმა ტოვებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი შინაარსის განცხადებები აქამდეც არაერთხელ გაუჟღერებია. ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი