ირაკლი კობახიძე: 2012-2023 წლებში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით 110-იდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, 2003-2023 წლებში კი ქვეყნის ეკონომიკა 7.5-ჯერ გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოში მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით, მშპ 1 სულ მოსახლეზე 9,800 დოლარს შეადგენდა და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 110-ე ადგილს იკავებდა, 2023 წელს კი 22,350 დოლარით 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ადრეული 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა, უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ზოგადად მსოფლიოსი ან ევროკავშირის, რის გამოც პოზიციური წინსვლა ადრეც გააჩნდა. მაგალითად, 2003-2012 წლებში 120-დან 110-ე ადგილამდე დაწინაურდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური შემოსავლით (PPP) 30 სახელმწიფოს მართლაც გაასწრო.

დეპუტატი 2003-2012 წლებს ცალკე არ გამოყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2003-2023 წლებში მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკა 7.5-ჯერ გაიზარდა, უფრო მეტჯერ, ვიდრე ევროპის ცალკეული ქვეყნების. სინამდვილეში, 2003-2023 წლებში ნომინალური ეკონომიკა ნამდვილად 7.5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ რეალური ეკონომიკა მხოლოდ 2.8-ჯერ.

შესაბამისად, თავად ფაქტი, რომ ამ პერიოდში, მათ შორის „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მსოფლიოსი და ამის გამო ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა, სიმართლეს შეესაბამება. დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილი ეკონომიკის ზრდის მოცულობას ეხება. ის 7.5-ჯერ მხოლოდ ნომინალში გაიზარდა, ინფლაციის გამოკლებით კი მხოლოდ 2.8-ჯერ.

ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ს (PPP) ცვლილების ტენდენციას სწორად ასახელებს. თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლად ნომინალურ მონაცემებს იყენებს, რაც, როგორც რეალურად არსებულ ზრდას, ასევე მის მიერვე დასახელებულ ქვეყნებთან მიღწეულ უპირატესობას, გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მიუხედავად მითითებისა რომ ის ნომინალურ მაჩვენებლებზე საუბრობს, გამოყენებული მიდგომა შეცდომაში შემყვანია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ბოლო 20 წელიწადში, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე საუბრობს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, 2012 წლის შემდეგ, საქართველო 30 საფეხურით დაწინაურდა: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.“ ... „2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის - 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის - 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე წლებში, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა“.

სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე სახის პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა ფასი აქვს, მის გათანაბრებას მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მეთოდი ცდილობს. ირაკლი კობახიძე ანალიზში სწორედ ამ მეთოდს იყენებს, წყაროდ კი სავალუტო ფონდს ასახელებს.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე (PPP დათვლით) 9800 დოლარს შეადგენდა და მსოფლიოში 110-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ერთად შემდეგი ქვეყნებიც უსწრებდნენ: ინდონეზია, მონღოლეთი, ეკვადორი, ბოტსვანა, გაბონი, სურინამი და ა.შ. რაც შეეხება 2023 წელს 22.4 ათასი დოლარით საქართველო ნამდვილად 79-ე ადგილზეა.

სხვა ქვეყნებთან შედარებით ფარდობითი უპირატესობის მოპოვება ცალსახად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს, რაც შეიძლება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩაითვალოს. თუმცა, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნები უფრო მაღალი ზრდით ხასიათდებიან და საქართველოს პოზიციაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ გაუმჯობესებულა. 2003 წელს იმავე PPP მეთოდით, საქართველო 120-ე ადგილზე იმყოფებოდა, პანდემიამდე 2019 წელს - 90-ეზე, 2023 წელს - 79-ეზე.

გრაფიკი 1: მშპ 1 სულ მოსახლეზე PPP და პოზიცია მსოფლიოში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, 2023 წელს 7%-იანი ზრდა აჩვენა, მიუხედავად ამისა, 2020 წელს 2 პოზიციით დაწინაურდა. 2023 წელს კი მხოლოდ ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6.1%-ით იზრდებოდა და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს - 4.4%-ით, 2004-2012 წლებში საქართველო 10 პოზიციით დაწინაურდა, 2013-2023 წლებში - 31 პოზიციით.

ირაკლი კობახიძე 2003-2012 წლებს ცალკე არ გამოყოფს, თუმცა საშუალოზე მაღალ ეკონომიკურ ზრდის ტემპს ირიბად ამ პერიოდისთვისაც ადასტურებს და აცხადებს, რომ 20 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 7.5-ჯერ ანუ 650%-ით გაიზარდა, რაც ნომინალურ ჭრილშიც გადაჭარბებულია.

2003-2023 წლებში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა 7.5-ჯერ - 4-დან 30 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა. რიცხვები სწორადაა დასახელებული სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც, თუმცა მეთოდი მცდარია. შემოსავლების ზრდა ფასების ზრდის პარალელურად რეალურ სურათს ამახინჯებს. სინამდვილეში, მუდმივ ფასებში დათვლით, საქართველოს ეკონომიკა 2003-2023 წლებში არა 7.5-ჯერ, არამედ 2.75-ჯერ გაიზარდა.

საქართველო ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს არა მხოლოდ ნომინალური, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპითაც უსწრებს. თუმცა სასტარტო პირობის ფაქტორი ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია. უფრო სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს 20 წელიწადშიც კი ვერ დაეწია. გარდა ამისა, პოლიტიკოსი ნომინალური მეთოდის გამოყენებით მანიპულაციის გზას მიმართავს, რომლის მიზანსაც, სავარაუდოდ, წარმატების გადაჭარბებულად ჩვენება წარმოადგენს.

გრაფიკი 2: საქართველოს ნომინალური და რეალური ეკონომიკის ზრდის დინამიკა (2003=100)

წყარო: მსოფლიო ბანკი

რეალურის ნაცვლად ნომინალური ზრდის გამოყენებით, არა მხოლოდ უშუალოდ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, არამედ სხვა ქვეყნებთან შედარებით არსებული უპირატესობაც გადაჭარბებულად წარმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზრდის ტემპით ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ რვავე სახელმწიფოს ნამდვილად უსწრებს, ნომინალურთან შედარებით რეალურ ზრდის ტემპებს შორის სხვაობა გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი პოლონეთისას 2.5 აღემატება, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ 1.6-ჯერ.

გრაფიკი 3: რეალური ეკონომიკური ზრდის დინამიკა (2003=100%)

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს მუდმივ ფასებში PPP მეთოდითაც ითვლის. 2017 წლის მუდმივ ფასებში საქართველოს მაჩვენებელი 2012-2022 წლებში 11300-დან 17100-მდე გაიზარდა, პოზიციურად კი 102-დან 83-მდე დაწინაურდა. თავის მხრივ, 19 პოზიციით დაწინაურებაც მნიშვნელოვანი პროგრესია (იმავე მეთოდოლოგიით, 2003-2012 წლებში ქვეყანა 10 პოზიციით 112-დან 102-მდე დაწინაურდა) და სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შედეგებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მთლიანობაში, ირაკლი კობახიძის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. მის მიერ დასახელებული მეთოდოლოგიით, საქართველომ ნამდვილად გადაინაცვლა 110-იდან 79-ე ადგილზე და სამ ათეულზე მეტ ქვეყანას გაუსწრო. დეპუტატი 2012 წლის შემდგომ პერიოდს ცალკე გამოყოფს და შემდეგ 2003-2023 წლების პერიოდს აერთიანებს, რაც საშუალოზე მაღალ ეკონომიკურ ზრდის ტემპს 2013 წლამდე არსებულ პერიოდშიც ირიბად ადასტურებს, თუმცა აძნელებს აღქმას, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების რეიტინგში ადგილს პოზიციურადაც იუმჯობესებდა. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, მასში მცდარი მეთოდოლოგიაა გამოყენებული და წარმატება გადაჭარბებულადაა წარმოჩენილი. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 20 წელიწადში არა 7.5-ჯერ, არამედ 2.75-ჯერ გაიზარდა. ამასთან, მართალია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ რვავე სხვა სახელმწიფოსას ნამდვილად აღემატება, მაგრამ ნომინალურთან შედარებით რეალურ ზრდის ტემპებს შორის სხვაობა უფრო ნაკლებია.

პოსტში მოყვანილი მონაცემების რიცხობრივად სისწორის, მაგრამ მცდარი მეთოდოლოგიის გამოყენების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი