მიხეილ სარჯველაძე: განსაზღვრულია პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა [პრეზიდენტმა], ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იმსჯელოს, რამდენად კარგია, თუ ცუდია გადაწყვეტილება

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

2024 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ, პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ხელის არ მოწერის „სცენარი“ შეაფასა.

,,კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის, როგორც წესი, უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვის. მე არ გავაკეთებ პროგნოზებს, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტურად არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს. განსაზღვრულია პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იმსჯელოს, რამდენად კარგია, თუ ცუდია გადაწყვეტილება’’, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ფაქტ-მეტრმა“ მიხეილ სარჯველაძის განცხადება გადაამოწმა.

2024 წლის 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება და დღის წესრიგში ახალი პრემიერის დანიშვნის საკითხი დგება. [1]

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენების უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიას აქვს. [2] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ მინისტრობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენა ევალება. [3] ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად 2 თებერვალს წარუდგინა. ამასთან, პარლამენტში შევიდა სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ, ბიუროს კი, საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს. პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის. [4] საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

პარლამენტს კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადა აქვს. ნდობის მისაღებად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობის გამოსაცხადებლად მმართველი პარტიის ხმების რაოდენობაც საკმარისია. [5]

საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცედურაში პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ერთვება. მოვლენები ორი სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს:

პირველი - შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ 2 კვირის ვადაში ვერ მიიღოს პარლამენტისგან ნდობა. ამ შემთხვევაში, პარლამენტს კიდევ 2 კვირა აქვს მთავრობის ალტერნატიული შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად. შემადგენლობა ამჯერად პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს. თუ პარლამენტი არც ამ შემთხვევაში გამოუცხადებს ნდობას მთავრობას, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. [6]

მეორე - ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, „ოცნებას“ ნდობის გამოსაცხადებლად საკმარისი რაოდენობის ხმები აქვს, უდიდესი ალბათობით, ნდობის გამოცხადების საკითხი დადებითად გადაწყდება. ამის შემდეგ, პრეზიდენტს 2 დღის ვადა აქვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასანიშნად. ხოლო პრემიერ-მინისტრს 2 დღე მინისტრების დასანიშნად.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე უარს იტყვის?

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება“. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის ტექსტუალური განმარტებაც კმარა იმის აღსაქმელად, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურაში არ ფლობს არავითარ სამართლებრივ ბერკეტს, რომლითაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას დააბრკოლებდა.

ამის მიუხედავად, უფლებამოსილების სიმბოლური ხასიათის იმგვარად განმარტება, რომ თითქოს, პრეზიდენტს არ შეეძლოს იმაზე მსჯელობა, „რამდენად კარგია, თუ ცუდია გადაწყვეტილება“, არაზუსტია. ხელმოწერაში ძალაუფლებრივი კომპონენტის არ არსებობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელმოწერას საკუთარი პოლიტიკური წონა და შინაარსი არ გააჩნია. პრეზიდენტი ხელმოწერით ან ხელმოწერაზე უარის თქმით ახლად წარდგენილი მთავრობის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, რითაც მას პოლიტიკური პროცესების შექმნასა და განხორციელებაში საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს.[7] ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, მიხეილ სარჯველაძის განცხადების შინაარსი პრეზიდენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის სიმბოლურობის შესახებ ზუსტია, თუმცა ვინაიდან იგი უფლებამოსილებას მისი პოლიტიკური მდგენელისგან განყენებულად აანალიზებს, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

[1] კონსტიტუციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[2] კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები

[5] საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[6] საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები

[7]https://socialjustice.org.ge/ka/products/shetsqalebis-politikuroba-da-konstitutsiuri-tsesrigis-logika


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია