დავით კირკიტაძე: „ქართული ოცნება“ იმ დაპირებით მოვიდა, რომ კომუნალურ გადასახადებს შეამცირებდა და ნახეთ, როგორ გააძვირეს ყველაფერი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ტარიფების შემცირება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მართლაც იყო. „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის პერიოდში, ელექტროენერგიის ტარიფი მხოლოდ 2013 წელს რამდენი ტიპის მომხმარებლისთვის შემცირდა მცირე ხნით და მერე ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. შემდგომ წლებში ელექტროენერგიის გადასახადი იზრდებოდა და მხოლოდ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შემცირდა 3 თეთრით. რაც შეეხება სხვა კომუნალურ გადასახადებს - გაზის და წყლის ტარიფს, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი შემცირება არ ყოფილა, 2017 წლიდან კი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში ფასებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც კომუნალური გადასახადებია. შესაბამისად, 11-წლიან პერიოდში ტარიფები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გარკვეულწილად გაიზრდებოდა. თუმცა აღნიშნული დაპირება რომ არ შესრულდა, ესეც ფაქტია. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ტარიფი არ განახევრებულა და მოკლევადიანი ხელოვნური შემცირების შემდგომ საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა და შემდგომ უკვე გადააჭარბა კიდეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ სტუმრობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა: „ქართული ოცნება“ იმ დაპირებით მოვიდა, რომ კომუნალურ გადასახადებს შეამცირებდა და ნახეთ, როგორ გააძვირეს ყველაფერი“.

პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ტარიფის შემცირება მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება მართლაც იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება „დაევალათ“. 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით, ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ, დაახლოებით, 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2013 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2015 წლის სექტემბერში ტარიფი მცირედით კვლავ გაიზარდა (გარდა 100 კვტ/სთ-მდე მომხმარებლისა).

2016 წლის დეკემბრიდან ენერგოპროს მომხმარებლებს ტარიფი დაახლოებით 3.3 თეთრით გაეზარდათ. ტარიფის შემდგომი ზრდა უკვე 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა და აღნიშნული როგორც ენერგოპროს, ასევე თელასის აბონენტებსაც შეეხოთ.

ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, 2021 წლის განმავლობაში აღნიშნული ზრდა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებიათ. რეალურად, ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მოსახლეობის უმეტესობა 2022 წლის იანვრიდან იხდიდა (იხ. სტატია).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფი ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება და 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ცხრილი1: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2010-2021 წლებში (თეთრი/ კვტსთ დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2010 წლის შემდეგ („ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს არსებული ტარიფი), 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ელექტროენერგიის ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 3 თეთრით შემცირდა, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაზრდილია.

რაც შეეხება ტარიფს ბუნებრივ აირზე, ბუნებრივი აირის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფები, სამი უმსხვილესი პროვაიდერის შემთხვევაში, განსხვავებულია. „ყაზტრანსგაზის“ (რომელიც ქართულ ბაზარზე აღარ ოპერირებს და მის ნაცვლად დედაქალაქს 2019 წლის მაისიდან „თბილისი ენერჯი“ ემსახურება) მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი 2012-2017 წლებში არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან 5 თეთრით ტარიფის შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა, რაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. 2017 წლის ივლისში სუბსიდირების მემორანდუმები გაუქმდა და აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა. დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივი აირის გადასახადი 2021 წლის ივნისიდან გაძვირდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი შეადგინა. თბილისში დღემდე აღნიშნული ტარიფი მოქმედებს.

2012 წლისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი მხოლოდ „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაშია ცნობილი და ის 31.6-42.8 თეთრს შორის მერყეობდა. როგორც აღვნიშნეთ, 2021 წლის ზაფხულში დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი გახდა. როგორც ვხედავთ, ტარიფი დედაქალაქის შემთხვევაში 2012 წლის შემდეგ 0.67 თეთრით არის გაზრდილი.

„სოკარის“ და „საქორგაზის“ მომხმარებლებისთვის 2017 წლიდან მოყოლებული ტარიფი არ შეცვლილა და შესაბამისად 48.254 და 48.314 თეთრს შეადგენს.

რაც შეეხება წყლის გადასახადს, საანგარიშო წლებში წყლის გადასახადის ზრდა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ გაიზარდა წყლის გადასახადი, არასრული მონაცემების გამო, ზუსტი განსაზღვრა რთულია (იხ. სტატია).

მიმდინარე წელს სემეკმა „ჯორჯიან ვოთერ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები უცვლელად დატოვა, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების შემთხვევაში კი, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, ტარიფები გაიზარდა.

2010 წლის ტარიფების მიმდინარე ტარიფებთან შედარება თავისთავად გარკვეულწილად მანიპულაციურია, რადგან შესადარებლად აღებულ პერიოდებს შორის დიდი დროითი სხვაობაა. დროთა განმავლობაში ფასებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც კომუნალური გადასახადებია. შესაბამისად, გონივრულია დაშვება, რომ 10-წლიან პერიოდში ტარიფი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გარკვეულწილად გაიზრდებოდა. თუმცა, აღნიშნული დაპირება რომ არ შესრულდა, ფაქტია. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ტარიფი არ განახევრებულა და მოკლევადიანი ხელოვნური შემცირების შემდგომ საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა და შემდგომ უკვე გადააჭარბა კიდეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი