ვასილ ურუშაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მშპ 1 სულ მოსახლეზე 3-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვასილ ურუშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2004-2012 წლებში, მშპ წლიურად საშუალოდ 6.1%-ით იზრდებოდა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 6.8%-ით (სხვაობა მოსახლეობის შემცირებამ გამოიწვია). ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013-2023 წლებში, ზრდის ტემპი 4.4%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მშპ-ის ზრდის ტემპი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს არა 3-ჯერ, არამედ 1.39-ჯერ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში კი 1.55-ჯერ აღემატებოდა.

შედარებისას გასათვალისწინებელია კონტექსტიც. 2004-2012 წლებში გლობალურადაც უფრო სწრაფად იზრდებოდა ეკონომიკა, ვიდრე 2013-2023 წლებში. საქართველოსთან ერთად ზრდის ტემპი მისი ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს შემთხვევაშიც შემცირდა.

ვასილ ურუშაძე ცდება მეთოდოლოგიაში, როდესაც ერთმანეთს ნომინალურ ზრდის ტემპს ადარებს, რა დროსაც ინფლაციასა და კურსის ცვლილებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული კი უპირატესობას გაორმაგებულად წარმოაჩენს. ლარში დათვლის დროს რიცხვებშიც ცდება და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ზრდას გადაჭარბებულად, „ქართული ოცნების“ პერიოდისას კი შემცირებულად წარმოაჩენს. ის ასევე მსჯელობაში 2023 წელს არ ითვალისწინებს, რა დროსაც საქართველოს მშპ საშუალოზე მაღალი ტემპით - 7%-ით გაიზარდა და ყურადღების მიღმა ტოვებს კონტექსტს, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ჭრილში შემცირდა.

მცდარი მეთოდოლოგიის გამოყენების, უპირატესობის გაზვიადებულად წარმოჩენის, კონტექსტის უგულებელყოფისა და კალკულაციიდან 2023 წლის მაჩვენებლის გაქრობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ვასილ ურუშაძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასილ ურუშაძემ ფეისბუქზე ქარდი განათავსა წარწერით: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში 3-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე“. ქარდს აღწერაც დაურთო: „ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ ლარში - 2003-2012 წწ ერთ- 3.37 ჯერ გაიზარდა, 2013-2022 წწ ერთ- 2.53 ჯერ გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ დოლარში - 2003-2012 წწ ერთ - 4,38 ჯერ გაიზარდა, 2013-2022 წწ ერთ- 1,44 ჯერ (44% ით) გაიზარდა“.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი სხვადასხვა მიზნით, შეიძლება ადგილობრივ ვალუტაში და დოლარში, ნომინალურ მაჩვენებელში და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით, მიმდინარე და მუდმივ ფასებში, გაიზომოს.

ინფლაცია რეალურ სურათს ამახინჯებს და ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მსგავს, ან ზოგ შემთხვევაში საპირისპირო შედეგს აჩვენებს ვალუტის კურსის ცვლილებაც. პასუხს კითხვაზე, თუ რა მოცულობით გაიზარდა ეკონომიკა, დროის გარკვეულ შუალედში მშპ-ის წლიური რეალური ზრდის ტემპის ნამრავლი იძლევა.

მაშინ, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპი უფრო ნაკლებია, შემცირების შემთხვევაში, პირიქითაა.

საქართველოს ნომინალური მშპ 2003-2023 წლებში 7.5-ჯერ - 4-დან 30 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე დათვლით კი 7.9-ჯერ - 1,030 დან 8,160 დოლარამდე.

რეალურად, ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის ზრდა არ ყოფილა და 2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, ქვეყნის ეკონომიკა იმავე პერიოდში 2.75-ჯერ - 7.84-დან 21.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე კი 2.93-ჯერ - 1,985-დან 5,820 დოლარამდე[1].

გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური ზრდის დინამიკა საქართველოში (2003=100%)

წყარო: მსოფლიო ბანკი

მიმდინარე ფასებშიც და მუდმივ ფასებში დათვლითაც, მთელი ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით ერთ სულ მოსახლეზე მშპ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან იმავე პერიოდში მოსახლეობა 230 ათასით - 3.7 მლნ-მდე, შემცირდა.

გრაფიკი 2: მოსახლეობის რაოდენობა (ათასი ადამიანი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.1%-ს შეადგენდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2013-2023 წლებში - 4.4%-ს. თუ ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით, მაშინ 6.8%-სა და 4.4%-[2]. აშკარაა, რომ 6.1 და მით უფრო 6.8 მეტია 4.4-ზე, თუმცა მხოლოდ 1.39-ჯერ (ერთ სულ მოსახლეზე დათვლით 1.55-ჯერ) და არა 3-ჯერ, როგორც ეს ვასილ ურუშაძემ განაცხადა.

ვასილ ურუშაძე ასევე აცხადებს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე ლარში 2003-2012 წლებში 3.37-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2013-2022 წლებში - 2.53-ჯერ. საქსტატის მიხედვით, 2003 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2,167 ლარს შეადგენდა, 2012 წელს 7,018 ლარს ანუ 3.24-ჯერ მეტს. იმავე საქსტატის ცნობით, 2013-2022 წლებში, ლარში დათვლით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2.70-ჯერ - 7,220-დან 19,465 ლარამდე, გაიზარდა. უცნობია, რატომ აიღო საბაზისო წლად ვასილ ურუშაძემ 2013 და არა 2012. რიცხვები ბოლომდე სიმართლეს არც ამ შემთხვევაში შეესაბამება, პირველ პერიოდში, ზრდა გადაჭარბებულადაა წარმოჩენილი, მეორეში - შემცირებულად, თუმცა მთავარი უზუსტობა მაინც მეთოდშია, სადაც ინფლაცია არაა გათვალისწინებული.

დაახლოებით იგივე სურათია დოლარში დათვლითაც, მსოფლიო ბანკის ცნობით, 2003-2012 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4.4-ჯერ - 1030-დან 4,420-მდე, გაიზარდა, ხოლო 2013-2022 წლებში - 4,620-დან 6,675-მდე. ამ შემთხვევაში, ნომინალურად სწორი მონაცემების მოყვანის მიუხედავად, მეთოდი ორმაგად მცდარია, რადგან ინფლაციის გარდა კურსის ცვლილებაც უგულებელყოფილია.

მეთოდოლოგიური და ფაქტობრივი უზუსტობების გარდა, გასათვალისწინებელია კონტექსტიც. ქვეყნის ეკონომიკა განკერძოებულად ვერ განვითარდება და მასზე როგორც გლობალური, ასევე რეგიონული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

2004-2012 წლებში საქართველოს ოთხივე მეზობელ სახელმწიფოს, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოს, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე 2013-2023 წლებში.

გრაფიკი 3: საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი

წყარო: მსოფლიო ბანკი

მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, მაგრამ უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა საქართველოს მეზობელ ოთხივე სახელმწიფოს და არა მხოლოდ მათ, გლობალურად სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2004-2012 წლების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2013-2023-ისას აღემატება.

ვასილ ურუშაძე ცდება მეთოდოლოგიაში, როდესაც ერთმანეთს ნომინალურ ზრდის ტემპს ადარებს, რა დროსაც ინფლაციასა და კურსის ცვლილებას არ ითვალისწინებს, რის შედეგადაც უპირატესობას გაორმაგებულად წარმოაჩენს. ლარში დათვლის დროს რიცხვებშიც ცდება, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ზრდას გადაჭარბებულად, „ქართული ოცნების“ პერიოდისას კი შემცირებულად წარმოაჩენს. ის, ასევე მსჯელობიდან ხსნის 2023 წელს, როცა საქართველოს მშპ საშუალოზე მაღალი ტემპით - 7%-ით, გაიზარდა და კონტექსტს არ ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, მშპ-ის ზრდის ტემპი, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ჭრილში, შემცირდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ არა სამჯერ. საშუალო წლიური ზრდის ტემპი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ქართულ ოცნების“ პერიოდისას 1.36-ჯერ, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დათვლით 1.55-ჯერ აღემატებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვასილ ურუშაძემ უპირატესობა გაორმაგებულად წარმოაჩინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი მართალია მხოლოდ იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, საერთო ჯამში, საშუალო წლიური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ დროს, თუმცა მცდარი მეთოდოლოგიის გამოყენების, უპირატესობის გაორმაგებულად წარმოჩენის, ანგარიშისას დაშვებული უზუსტობებისა და კონტექსტის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მისი განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.



[1] 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით მსოფლიო ბანკს 2023 წლის ანგარიში არ გამოუქვეყნებია, თუმცა საქსტატიდან ცნობილი, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა და ანგარიშში 2022 წლის მაჩვენებლებს ერთ სულ მოსახლეზე 5440 დოლარსა და ქვეყნისთვის 20.2 მლრდ დოლარს თითოეულს 7% აქვს დამატებული.

[2] მოსახლეობის რაოდენობა 2003-2012 წლებში შემცირდა. 2023 წლის ზრდა 2022 წლის დადებითმა მიგრაციულმა სალდომ განაპირობა. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 46 ათასი შეადგინა, თუმცა უცხო ქვეყნის, ძირითადად რუსეთის, ასევე უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეების ხარჯზე დადებითმა მიგრაციულმა სალდომ საერთო ჯამში 55 ათასს მიაღწია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი