ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მალე დაიწყებოდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2016 წლის 26 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017-2020 წლებს მოიცავს და აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება (AIIB). ADB-ის მიერ გამოყოფილი სესხი 108,190,000 ევროს შეადგენს, ხოლო AIIB-ის ფინანსური რესურსი - 114,000,000 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგაუმტარი მილის მოწყობა. ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

2023 წლის 17 მაისს საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა და პრეტენდენტებს შორის, საბოლოოდ, არჩევანი თურქულ კომპანია POLAT YOL & MAPA-ზე შეჩერდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება, თავდაპირველად, 329 630 734 ლარი იყო.

2019 წლის მარტში დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშენებლობა აქტიურ ეტაპზე იყო და მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბების სამუშაოები. უწყებამ იდენტური ტექსტი იმავე წლის მაისშიც გამოაქვეყნა, შემდეგ - 2020 წლის მაისში. მსგავსი შინაარსის განცხადება კიდევ არაერთხელ გავრცელდა, თუმცა სამუშაოები ვერც 2020 წელს დასრულდა და ვერც მომდევნო წლებში. პირველ ეტაპზე, პროექტის გაჭიანურების მიზეზად კოვიდპანდემია სახელდებოდა, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც სამუშაოები შეფერხდა. ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“, 2022 წლის სექტემბერში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა ისაუბრა.

საბოლოოდ, 2022 წლის ნოემბერში სამინისტრომ გვაუწყა, რომ პრობლემები აღმოფხვრილია და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა. შეგახსენებთ, რომ პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ დასრულდა ვერც 2021 წელს და ვერც 2022 წელს. ვინაიდან პროექტის ჩაბარების ვადად ბოლოს 2023 წლის ბოლო დასახელდა, შარშან 26 დეკემბერს დეპარტამენტისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რა ეტაპზე იყო სამუშაოები და როდის დასრულდებოდა. ადრესატის პასუხის თანახმად, ბათუმის შემოვლით

გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია

სამუშაოების დაახლოებით 85%, აშენებულია 19 ხიდი და გაჭრილია 5 გვირაბი. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება. კონკრეტულად რომელ თვეში, ეს მითითებული არ არის.

დეპარტამენტის მიერ 2022 წლის ნოემბერში გავრცელებული განცხადებით, იმ პერიოდისთვის, როცა სამუშაოები განახლდა, დასრულებული იყო 3 გვირაბისა და 14 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და მიმდინარეობდა დარჩენილი ორი გვირაბის ბურღვა-აფეთქებითი და ხიდების სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამავე განცხადების თანახმად, სულ არა 19, არამედ 20 სახიდე გადასასვლელი უნდა აშენდეს.

„ფაქტ-მეტრმა“ მოიძია დოკუმენტი (საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებაში 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ცვლილება, რომელიც, ADB-ის სესხის ფარგლებში არსებული დანაზოგით, ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთისა და ფოთის ხიდის მშენებლობის დაფინანსებას, ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის დეტალური პროექტირების მომზადებასა და სესხის დახურვის თარიღის 2023 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებდა. იმავე წლის ბოლოს შედგა კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა ADB-ს სესხის ფარგლებში PBM (შესრულებაზე დაფუძნებული მოვლა-შენახვა) ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხის გამოყენებას თბილისი (გლდანი)-თიანეთის 21 კმ გზისა და 7 მეწყრული ზონის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად.

იყო, თუ - არა აღნიშნული გარემოება კომპანიის მიერ დასახელებული „ფინანსური პრობლემების“ მიზეზი, ამაზე მსჯელობა ჩვენს კომპეტენციას სცდება. ფაქტი კი ის არის, რომ პროექტის დასრულებას სამ წელზე მეტი დროით დააგვიანდა.

ფოტო: On.ge


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი