სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4; 5), ამჯერად წერს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მკვლელობას და ტერაქტის რუსეთისთვის დაბრალებას გეგმავდნენ. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომლის მარჯვენა ქვედა კუთხეში საფრანგეთის ტელეკომპანიის France 24-ის ლოგო ჩანს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია მათ გააშუქეს. სინამდვილეში, მტკიცება ყალბია.

უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მაკრონის მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია X-ზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმაც გაავრცელა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიუჟეტი France 24-ის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. მას ვერც ტელეკომპანიის სოციალურ ქსელებში ვხვდებით (Facebook, YouTube, X).

ვიდეოზე ნამდვილად France 24-ის ტელეწამყვანი ჟულიენ ფანკიუი (Julien Fanciulli) ჩანს. ფოტოანაბეჭდის მიხედვით, შესაძლებელია, იმ კონკრეტული სიუჟეტის ნახვა, რომლიდანაც მოცემული ფოტოა მოჭრილი. აღნიშნული სიუჟეტი France 24-ის ეთერში 12 თებერვალს გავიდა და მას უკრაინასთან კავშირი არ აქვს. ნამდვილ სიუჟეტში საუბარია რაფაში (ქალაქი ღაზას სამხრეთ ნაწილში) 2 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ. სინამდვილეში, არც ამ და არც სხვა რომელიმე დღეს France 24-ის ეთერში სიუჟეტი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ემანუელ მაკრონის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ არ გასულა.

-ყალბი:

-ნამდვილი:

France 24 -ის ფაქტების გადამმოწმებელი სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას და განაცხადა, რომ ინფორმაცია ყალბია, ხოლო ვიდეო ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს.

ინფორმაციას გამოეხმაურა BBC verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადეც, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული, France 24-ის ეთერში მსგავსი ვიდეო არ გასულა და მტკიცება სრულიად ყალბი იყო (France 24 never aired this, it's totally fake).

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი უკრაინაში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი გაუქმდა. მიზეზად უსაფრთხოება სახელდებოდა, თუმცა სხვა დეტალი გაუქმებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის 16 თებერვალს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი.

ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ემანუელ მაკრონის მკვლელობას გეგმავდნენ და ეს ინფორმაცია France 24-მა გააშუქა, ყალბია.

------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი