რომან გოცირიძე: ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტის 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ანგარიში წარადგინა, საპარლამენტო კონტროლის პრობლემებზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც ისაუბრა. „ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღე, რომელიც ეხება გაზის კორპორაციას, რომელშიც უამრავი ფული იფლანგება სახელმწიფო რესურსებიდან და 230 მილიონი ასესხა ბიუჯეტმა გაზის და ნავთობის კორპორაციას, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტში იქით უნდა შეეტანა მას ფული. ვკითხე, რატომ გაიქცა ინდოელი „ნამახვანიდან“, ან კორეელი რატომ წავიდა „ნენსკრადან“, 13 მილიონი რატომ მიაყოლეთ ინდოელს და რა ხდება ამ სისტემაში? - 397 დღე არ გამცა პასუხი, ორიოდ სიტყვა დაეწერა, პასუხი რომ ჩასთვლოდა, თუნდაც ეთქვა, რომ ინდოელი კი არა, ინვესტორი პაკისტანელი იყოო. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 392 ველოდები - 10 მილიონი რომ გადაუხადეთ როტშილდებს, რომელსაც ფინანსური ჰაბი უნდა შეექმნა და თბილისის ზღვაზე და გონიოში ცათამბჯენებში უნდა დუღდეს საფონდო ვაჭრობა, რაში მიეცით 10 მილიონი-თქო, ვკითხე. პატარა ქაღალდი წარმოადგინე, რა დაგიწერეს ამ როტშილდებმა რჩევის სახით. ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს, რომელსაც მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით, 930 დღეა პასუხი არ გაუცია, მოქმედ მინისტრს, 100 დღე გავიდა თურქეთიდან წამლების შესყიდვაზე და ევროპიდან და სხვა სანდო ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ვკითხე და პასუხს არ მცემს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში „ევროოპტიმისტების“ წევრმა.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პარლამენტის ვებგვერდზე იმ წერილების შესახებ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა უწყებას გაუგზავნეს. მოცემულ პლატფორმაზე მითითებულია, როგორც წერილის გაგზავნის თარიღი, ასევე - ასეთის არსებობის შემთხვევაში - ატვირთულია პასუხი და მისი მიღების თარიღიც არის მითითებული.

რომან გოცირიძემ ეკონომიკის სამინისტროს შეკითხვით 2022 წლის 26 დეკემბერს მიმართა. პარლამენტის ვებგვერდზე აღნიშნულ წერილს თან ახლავს მონიშვნა - „ვადაგასულია 393 დღით“.

საკუთარ წერილში დეპუტატი ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი აირის ფასის შენარჩუნებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებსა და იმ სესხზე ეკითხება, რომელიც საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის განკარგულების (N2423) ფარგლებში, სახელმწიფომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას მისცა. [1] ვადაგადაცილებულია პასუხი რომან გოცირიძის კიდევ ერთ კითხვაზე ხუდონჰესის შესახებ. დეპუტატმა ამ კითხვითაც სამინისტროს 26 დეკემბერს მიმართა. ამავე დღეს სამინისტროს დეპუტატმა კიდევ ერთი ჰესის შესახებ გაუგზავნა სადეპუტატო კითხვა - კერძოდ, რა ეტაპზე იყო ნენსკრაჰესის მშენებლობა და ხომ არ იგეგმებოდა ახალი ტენდერის გამოცხადება. ორივე ამ სადეპუტატო კითხვაზე პასუხი ვადაგასულია 393 დღით.

ვაქცინებისა და PCR ტესტების შესახებ კითხვა რომან გოცირიძემ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 ივლისს გაუგზავნა. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი 930 დღით არის დაგვიანებული.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ კიდევ ერთ წერილში დეპუტატი კითხვას დასავლური წარმოების მედიკამენტების შესახებ სვამს. კითხვა 2023 წლის 31 ოქტომბერს არის გაგზავნილი და მასზე პასუხი 100 დღით არის დაგვიანებული.

რომან გოცირიძემ სადეპუტატო კითხვით ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა. 2023 წლის 11 იანვარს გაგზავნილ წერილში დეპუტატი საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, სტრატეგიის შესამუშავებლად, საქართველოს მთავრობასა და „Rothschild & Co“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ სვამს კითხვას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვადაგასულია 392 დღით.

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: „პარლამენტის წევრი უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა“.

ამრიგად, სადეპუტატო კითხვების გაგზავნა და მასზე პასუხების სავალდებულოობა ნამდვილად წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმს. რომან გოცირიძის მიერ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები და განცხადების ზოგადი კონტექსტი სწორია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ. სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებული ანგარიში. ნოემბერი, 2023. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/351294


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი