სოციალურ ქსელში კრემლისტური ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (იხილეთ 1, 2, 3), გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლეს ანტიკორუფციულ ფონდთან დაკავშირებულ მრავალ ადამიანთან ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა. ამ ადამიანებს შორის ინფორმაციის გამავრცელებლები ასახელებენ - მაგალითად, საგამოძიებო ჟურნალისტიკის სააგენტო Bellingcat-ის ხელმძღვანელ ჰრისტო გროზევს, სამშობლოდან წასულ რუს ბიზნესმენ ევგენი ჩიჩვარკინს და სხვებს. ინფორმაციის გავრცელებისას დეზინფორმატორები ანა გონჩარის მონათხრობს იმოწმებენ, რომელიც მათი თქმით, წარსულში, იულია ნავალნაიას თანაშემწე იყო. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბ მტკიცებულებებს ემყარება.

მტკიცებულებები ყალბია, უპირველესად იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში იულია ნავალნაიას ყოფილი თანაშემწე, სახელად ანა გონჩარი, არ არსებობს. ის გამოგონილი პერსონაჟია. გამოცემა Novaya Gazeta გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ანა გონჩარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო, რომელშიც ნავალნაიას პირადი ცხოვრების დეტალებს ჰყვება, სრული სიყალბე, ე.წ. DeepFake-ია: „აღსანიშნავია, ბოლო დროს, Z-არხებში გავრცელებული ინფორმაცია იულია ნავალნაიას FBK სპონსორებთან რომანტიკული ურთიერთობების შესახებ. ამის შესახებ სამწუთიან ვიდეოში მისი „ყოფილი თანაშემწე“ ანა გონჩარი საუბრობს - ადამიანი, რომელიც რეალობაში არ არსებობს, უხარისხო ვიდეოში არაბუნებრივად აქნევს თავს და ხმას ტუჩებს არ აყოლებს“.

Bellingcat-ის დამაარსებელი ელიოტ ჰიგინსი სოციალურ ქსელ „X“-ის საკუთარ გვერდზე ასევე წერს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ანა გონჩარი ოდესმე ნავალნაისთან მუშაობდა, ხოლო ბრალდებები ეფუძნება ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა და მყისიერად წაიშალა.

მეორე მტკიცება, იულია ნავალნაიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სააგენტო Bellingcat-ის ხელმძღვანელ ჰრისტო გროზევს შორის სავარაუდო რომანტიკულ ურთიერთობას ეხება. ინფორმაციის გამავრცელებლები მტკიცებულებად პარიზის სასტუმროს ჯავშანს და სავარაუდოდ, 2023 წელს გადაღებულ ფოტოს წარმოადგენენ, რომელზეც პოლიტიკოსის მეუღლე ჟურნალისტთან ერთად არის გამოსახული.

რეალურად, აღნიშნული მტკიცებულებებიც ყალბია. განცხადება Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა სოციალურ ქსელ „X“-ის საკუთარ გვერდზე უარყო. მისი თქმით, ჯავშნის შემოწმებამ აჩვენა, რომ პარიზის სასტუმროში ოთახი არა 2023 წელს იყო დაჯავშნილი, როგორც ამას პროპაგანდისტები აცხადებდნენ, არამედ 2024 წელს და ძალიან სწრაფად გაუქმდა: „ერთადერთი მტკიცებულება Booking.com-ის ჯავშნის დადასტურება იყო ნაწილობრივ დაფარული ჯავშნის ნომრებით. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ დაფარული ციფრების ყველა შესაძლო ვარიანტს ვცდიდით, ვიდრე ონლაინ ჯავშანს არ ვიპოვიდით“. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ჯავშანი რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა იულია ნავალნაიას დისკრედიტაციის მიზნით, თავად შექმნეს.

რაც შეეხება პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილ ჰრისტო გროზევისა და იულია ნავალნაიას ფოტოს, ის ამოჭრილია - ორიგინალ ფოტოზე არა ორი, არამედ სამი ადამიანია გამოსახული - გროზევი, იულია ნავალნაია და თავად ალექსეი ნავალნი. ფოტო პოლიტიკოსის ინსტაგრამზე 2020 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, გროზევი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და ისინი ერთმანეთს პირადად ძალიან კარგად იცნობდნენ.

ამრიგად, რუსი პროპაგანდისტების მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია. შესაბამისად, მათი ბრალდებებიც პუტინის სისტემის მიერ მოკლული პოლიტიკოსის მეუღლის მიმართ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი