2023 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და დასაქმების მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 17.3%-დან 16.4%-მდე შემცირდა. 2023 წელს დასაქმების მაჩვენებლები, არამხოლოდ წინა წელთან, არამედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმებისა და სამუშაო ძალის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ. გასულ წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 2.9%-ით (44.7 ათასით) გაიზარდა და 1 596.3 ათასი შეადგინა. 2023 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 44.5% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე და დასაქმების დონე, 2017-2023 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 50.9 ათასით (4%-ით) გაიზარდა. საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ გადანაწილდა დასაქმებულთა რაოდენობა. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% შეადგინა. გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 49.5 ათასით (5.7%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა - 1.6 ათასით (0.4%-ით) არის გაზრდილი.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა რაოდენობა, 2017-2023 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასაქმების მხრივ არსებული ტენდენციების სწორად შესაფასებლად მართებულია, დასაქმების მაჩვენებლები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორშიც გავაანალიზოთ. თუმცა საკუთრების ფორმების მიხედვით, 2023 წლის დასაქმების მაჩვენებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ამ ნაწილს „ფაქტ-მეტრი“ მოგვიანებით დაუბრუნდება.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამუშაო ძალის/დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენციაა, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამ პერიოდში ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, რაზეც პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდას. 2022-2023 წლებში დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის პროგრამაში 46,055 ოჯახის ერთი წარმომადგენელი მაინცაა ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სამუშაო ძალის/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, უმუშევრობა და დასაქმების დაბალი დონე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. როცა ვამბობთ, რომ ქვეყანაში 16.4%-ია უმუშევარი, ეს ის კატეგორიაა, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. თუ დასაქმების დონეს ვნახავთ, ქვეყანაში 15+ მოსახლეობის მხოლოდ 44.5% არის დასაქმებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 53.3%-ია, რაც დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა. ეს არის 15+მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დასაქმებულია ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, დანარჩენი 46.7% [1.4 მლნ ადამიანი] სამუშაო ძალის გარეთაა.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი