ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-ს გაუთანაბრდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2024 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში 27 სახელმწიფოა. მედიანური მაჩვენებელი შუა წევრის, ანუ რიგით მე-14 სახელმწიფოს - სლოვენიის, მდგომარეობას ასახავს (ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით), რაც სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წლისთვის 53.7 ათას დოლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ 13 სახელმწიფოს მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე სლოვენიაზე მაღალი ექნება,13 სახელმწიფოს კი უფრო დაბალი.

საქართველოში, იმავე სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს მშპ (PPP) ერთ სულ მოსახლეზე 24 ათას დოლარს მიაღწევს, რაც თავის მხრივ სლოვენიის მაჩვენებლის 44.8%-ს უთანაბრდება.

ლაშა ხუციშვილმა გამოსვლისას, კიდევ ოთხი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ბულგარეთი დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, გაწევრიანების მომენტში ამ სახელმწიფოების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მედიანურ მაჩვენებლის 45%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რაც ასევე სიმართლეს შეესაბამება. გაწევრიანების მომენტში ჩამოთვლილი ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 38%-42%-ს შორის მერყეობდა. ამ 4 სახელმწიფოს გარდა, 2004-2013 წლებში ევროკავშირში კიდევ 9 ქვეყანა გაწევრიანდა. გაწევრიანების მომენტში მათი მშპ-ის ფარდობა მედიანურ მაჩვენებელთან 45%-ს აღემატებოდა.

საქართველოსა და ყველა სხვა დასახელებული სახელმწიფოს შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მიერ მოყვანილი მონაცემები სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა მონაცემები ამოკრეფილი იყო და სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

6 თებერვალს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა: (3:03-დან) „საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-მდე იქნება. 2000-იან წლებში ევროკავშირში გაწევრიანებულ 13 ქვეყნიდან, თუ ავიღებთ 4 ქვეყანას: პოლონეთი ლიეტუვა, ლატვია და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო“.

ევროკავშირში გასაწევრიანებლად მსურველი სახელმწიფო გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მოთხოვნების დიდი ნაწილი საკანონმდებლო ჰარმონიზაციას და დემოკრატიის დონეს ეხება, თუმცა ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებისთვის ყურადღება ბუნებრივია, ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც ექცევა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად ინდიკატორად კი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტია მიჩნეული.

2024 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში 27 სახელმწიფოა. მედიანური მაჩვენებელი შუა წევრის, ანუ ამ შემთხვევაში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით, რიგით მე-14 სახელმწიფოს - სლოვენიის, მდგომარეობას ასახავს.

გრაფიკი 1: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი (საერთაშორისო დოლარი[1])

წყარო: სავალუტო ფონდი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2024 წლის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს (PPP) სიდიდით (53.7 ათასი დოლარით) ევროკავშირის მედიანურ მაჩვენებელზე სლოვენია გადის. ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში 24 ათასი დოლარია, რაც სლოვენიის მშპ-ის 44.8%-ს უთანაბრდება. შესაბამისად, ლაშა ხუციშვილის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

ლაშა ხუციშვილმა კიდევ ოთხი ქვეყანა დაასახელა, მათგან სამი: პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირის რიგებს მეოთხე გაფართოებისას (2004 წლიდან) შეუერთდა, ბულგარეთი მეხუთე გაფართოებისას - 2007 წლიდან.

2003 წელს ევროკავშირი 15 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით ევროკავშირის მედიანურ მაჩვენებელს 31.5 ათასი დოლარი შეადგენდა (იტალიის მაჩვენებელი). იმ პერიოდში პოლონეთში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 13.3 ათასს, ლიეტუვაში - 13.2 ათასსა და ლატვიაში 12.1 ათას დოლარს უთანაბრდებოდა ანუ იტალიის მაჩვენებლის 38%-42%-ს. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა ესტონეთს, რომელიც ევროკავშირს ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ ლიეტუვასა და ლატვიასთან ერთად შეუერთდა და მისი მაჩვენებელი ევროკავშირის მედიანური მონაცემის 51.7%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებში, პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში 2003 წლის მაჩვენებელი (საერთაშორისო დოლარი)

წყარო: სავალუტო ფონდი

2006 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა 25-მდე იყო გაზრდილი. 32 ათასი დოლარით მედიანურ მაჩვენებელს კვიპროსის მონაცემი წარმოადგენდა. ბულგარეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაშინ 12.2 ათას დოლარს - კვიპროსის მაჩვენებლის 38%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 3: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებსა და ბულგარეთში 2006 წლის მაჩვენებელი (საერთაშორისო დოლარი)

წყარო: სავალუტო ფონდი

ლაშა ხუციშვილი განცხადების მეორე ნაწილიც, სადაც ის აღნიშნავს, რომ გაწევრიანების მომენტში ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთისა და ბულგარეთის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP-ს გათვალისწინებით, ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-ზე ნაკლებს შეადგენდა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ჩამორჩება იმ 9 სახელმწიფოს ანალოგიურ მაჩვენებელს, რომლებიც ევროკავშირში 2004-2013 წლებში გაწევრიანდნენ.

გრაფიკი 4: მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით ევროკავშირის მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით. საქართველო 2024 წელს, სხვა ქვეყნები გაწევრიანების მომენტში

წყარო: სავალუტო ფონდი

პოლონეთმა ევროკავშირში შესვლის განაცხადი 1994 წელს გააკეთა და გასაწევრიანებლად 10 წელი დასჭირდა, ლიეტუვასა და ლატვიას 9-9 წლიანი ლოდინი მოუწიათ 1995-დან 2004 წლამდე, ბულგარეთს 12-წლიანი - 1995-დან 2007 წლამდე. საქართველომ განაცხადი დაგეგმილზე 2 წლით ადრე[2], 2022 წლის მარტში შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მოიპოვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან ევროკავშირის რიგებს ძირითადად ყოფილი სოციალისტური ბანაკის, შედარებით ღარიბი სახელმწიფოები შეუერთდნენ, რამაც გაერთიანების საშუალო და მედიანური მშპ შეამცირა. ევროკავშირი დღესაც იგივე ქვეყნებით რომ იყოს წარმოდგენილი, როდესაც მას ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი შეუერთდა, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 36% იქნებოდა (ლიეტუვის და ლატვიის გაწევრიანების დროინდელ მაჩვენებლებზე 6, ლატვიისაზე კი 2 პროცენტული პუნქტით ნაკლები), ანუ დღევანდელ მაჩვენებელზე 9 პროცენტული პუნქტით ნაკლები. ასეთ შემთხვევაში, მედიანურ მაჩვენებელზე ისეთი განვითარებული ქვეყანა გავიდოდა, როგორიც შვედეთია.

გრაფიკი 5: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მეოთხე გაფართოებამდე არსებულ ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი (საერთაშორისო დოლარი)

წყარო: სავალუტო ფონდი

თუ საზომად 2007 წლამდე არსებულ მდგომარეობას (ბულგარეთის გაწევრიანება) ავიღებთ, როდესაც ევროკავშირში 25 სახელმწიფო იყო გაწევრიანებული, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 42.5% იქნებოდა (ბულგარეთის გაწევრიანების დროინდელ მონაცემზე 4 პროცენტული პუნქტით მაღალი), რაც საკმაოდ ახლოს არის დღეს არსებულ 44.8%-იან მაჩვენებელთან.

გრაფიკი 6: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მეხუთე გაფართოებამდე არსებულ ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი (საერთაშორისო დოლარი)

წყარო: სავალუტო ფონდი

წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როდის გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მრავალ ფაქტორზე ერთდროულად არის დამოკიდებული. თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მაჩვენებლები შესადარისია ევროკავშირში 2004 წლის შემდგომ გაწევრიანებული ქვეყნების გაწევრიანების დროინდელ მდგომარეობასთან.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), საქართველოს მშპ-ის ფარდობა ევროკავშირის მედიანურ მაჩვენებელთან დღეს უფრო მაღალია, ვიდრე პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ბულგარეთის გაწევრიანების მომენტში, თუმცა ჩამორჩება იმ დანარჩენ 9 სახელმწიფოს, რომლებიც ევროკავშირში 2004-2013 წლებში გაწევრიანდნენ, რის შესახებაც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს არ უსაუბრია. სწორად დასახელებული, მაგრამ მხოლოდ ცალკეული მონაცემების გამოყენების გამო, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.



[1] ხელოვნური ვალუტა გამოიყენება მსყიდველუნარიანობის განსხვავების აღმოსაფხვრელად კურსი უთანაბრდება აშშ დოლარის ღირებულაბას

[2] რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 28 თებერვალს განაცხადი პირველმა უკრაინამ შეიტანა, 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი