ლევან დავითაშვილი: პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 26%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2019 წელს საქართველოში 5.1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 3.3 მლრდ დოლარს მიაღწია. 2020-ის ვარდნის შემდეგ, აღდგენის ნიშნები 2021 წელსვე გამოჩნდა, 2023 წელს დარგიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 4.7 მლნ-ს მიაღწია.

ეკონომიკის მინისტრი ყველა მონაცემს ნომინალურად სწორად ასახელებს, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა ინფლაცია. 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და არა 26%-ით. გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ დაბრუნებია, ეს კი ფინანსურ ნაწილში ნაჩვენებ წარმატების ეფექტს ამცირებს.

სწორად მოყვანილი მონაცემების, მაგრამ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოტოვების გამო, რაც რეალობას უკეთესად წარმოაჩენდა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ტვ იმედზე“ გადაცემა „იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, ტურიზმზე ისაუბრა და განაცხადა (13:12-დან): „შარშანდელი [2023 წლის] მონაცემები იყო რეკორდულად მაღალი. 26%-იანი ზრდა გვქონდა იგივე 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან. 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ეს ძალიან მაღალი იყო. ასევე, 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში და რაც ყველაზე აღსანიშნავია დაახლოებით ეს 70%-ზე უფრო მეტია, თუ კი შევადარებთ აღდგენას 26 წელთან (კონტექსტის გათვალისწინებით, გულისხმობდა 2019 წელს) შედარებით, როცა რეკორდულად მაღალი 9 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, მაგრამ ტურისტული ვიზიტები რაც ყველაზე შემოსავლიანია, ეს გაიზარდა და 4.6 მილიონი ტურისტული ვიზიტი იყო 2023 წელს, რაც თითქმის 100 %-იანი აღდგენაა, 2019 წელთან შედარებით“.

საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის წილიც ეკონომიკის ფორმირებაში პანდემიამდე 8%-ს აჭარბებდა, 2022 წელს კი 7%-ს მიაღწია.

2020 წელს მშპ-ის 6.3%-იანი ვარდნაში (ძველი გაანგარიშებით 6.8%-იანი) ტურიზმის გაჩერებამ დიდი წვლილი შეიტანა. ქვეყანამ 3 მლრდ დოლარის პოტენციური შემოსავალი დაკარგა.

2022 წელს შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს ნომინალურად გადააჭარბა. ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა, თუმცა შემოსავლებისგან განსხვავებით, ვიზიტორების რაოდენობით პანდემიამდელი პოზიციების აღდგენა ვერც ამ წელს მოხერხდა.

2019 წელს საქართველოში 9.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, საიდანაც 5.1 მლნ იყო ტურისტული. 2023 წელს მათმა რაოდენობამ შესაბამისად - 7.1 მლნ და 4.7 მლნ, შეადგინა.

გრაფიკი 1: ვიზიტების რაოდენობა საქართველოში (1000 ვიზიტი)

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 76%-ით აღდგა, ხოლო ტურისტული ვიზიტების - 92%-ით.

ტურისტია ისეთი ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოში გაათია. შესაბამისად, შემოსავლების კუთხით, ტურისტულ ვიზიტებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 3.3 მლრდ დოლარამდე მიიღო. სეზონის პიკზე, მესამე კვარტალში 84 მლნ-იანი კლება ძირითადად რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტით იყო გამოწვეული. 2020 წელს ტურიზმის ადმინისტრაცია 3.5 მლრდ-იან შემოსავლის მიღებას იმედოვნებდა, თუმცა პანდემიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა და შემოსავალიც 0.5 მლრდ-მდე შემცირდა. ამ თანხის 80%-იც ქვეყანამ პირველ კვარტალში მიიღო.

გრაფიკი 2: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წელს საქართველოში კოვიდშეზღუდვები გრძელდებოდა, თუმცა ტურიზმის აღდგენის ნიშნები მაინც გამოჩნდა. დარგიდან მიღებულმა ნომინალურმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე 2022 წელს, რეალურმა შემოსავალმა კი 2023 წელს გადაუსწრო.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინფლაციური პროცესები თითქმის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ამიტომ ნომინალურ შემოსავლებთან ერთად მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, თუ რა მოცულობით გაიზარდა რეალური შემოსავლები. 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 26%-იანი ზრდის მიუხედავად, თუ დოლარის მსყიდველუნარიანობასაც გავითვალისწინებთ, რეალური ზრდის ტემპი 6%-მდე შემცირდება, რადგან 2019 წელს 3.3 მლრდ დოლარს ისეთივე ძალა ჰქონდა, რაც 2023 წელს 3.9 მლრდ დოლარს.

როგორც შემოსავლების, ასევე ტურისტების რაოდენობის კუთხით, მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, რომ არა ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილება - არ გაეხსნა პანდემიის დროს ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი. 2019 წელს 19.8%-იანი წილით აზერბაიჯანს ვიზიტორებში პირველი ადგილი ეკავა, 2023 წელს კი მისი წილი 3.2%-მდე შემცირდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რუსეთიდან, თურქეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

გრაფიკი 3: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 30.5%, უკრაინის მოქალაქეების 30.3% და ბელარუსის მოქალაქეების 42.5% საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან ან აპირებენ 1 წელზე მეტი ხნით დარჩენას. სავალუტო ფონდის განმარტების მიხედვით, ისინი უკვე საქართველოს რეზიდენტებს წარმოადგენენ და მათ მიერ გაწეული ხარჯები ტურიზმის სტატისტიკაში აღარ ასახულა.

რუსეთიდან შემოსავლის ჯამური ზრდის მიუხედავად, ზრდას ნახტომისებური ხასიათი არ ჰქონია. 2019 წელს რუსეთის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 23.7%-ს შეადგენდა, 2022 წელს 25.3%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს 22.7%-მდე შემცირდა. ეს ზრდა უფრო დიდი იქნებოდა, სტატისტიკაში რეზიდენტად ქცეული რუსეთის მოქალაქეებიც რომ შესულიყვნენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადება ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება. 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მართლაც გადააჭარბა 4.1 მლრდ დოლარს, რაც 2019 წელთან შედარებით, 26%-ით მეტია. ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მოგზაურების, მათ შორის ტურისტების, რაოდენობასა და ტურიზმის აღდგენის პროცენტულ მაჩვენებელსაც სწორად ასახელებს, თუმცა ყურადღების მიღმა რჩება ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის რეალურმა ზრდამ, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, 6% შეადგინა და არა 26%. გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ დაბრუნებია, ეს კი ფინანსურ ნაწილში ნაჩვენებ წარმატების ეფექტს ამცირებს. სწორად მოყვანილი მონაცემების, მაგრამ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტორის უგულებელყოფის გამო, რაც რეალობას უკეთესად წარმოაჩენდა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი