სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1,2,3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასზე გამოსახულია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ფერმერების პროტესტიდან გაქცევა. ფრანგმა ფერმერებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ მთავრობის აგრარული პოლიტიკას, გაარღვიეს პოლიციის ბარიკადი და სცადეს თავდასხმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. მაკრონმა მოძუძგა“. რეალურად, აღნიშნული ფოტო 2023 წლისაა, მასზე ჩანს ემანუელ მაკრონი, რომელიც ხალხთან მისასალმებლად მირბის.

პოსტში გავრცელებული ფოტოს გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფოტო Associated Press-ს (AP) ეკუთვნის და სწორედ AP Newsroom-ის ვებგვერდზე 2023 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ქრისტოფერ პეტიტ ტესონის გადაღებულია და მასზე აღბეჭდილია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც „გარბის ხალხთან მისასალმებლად სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის დღეზე, პარიზში, შაბათი 2023 წლის 25 თებერვალი“.


აღნიშნულ ფოტოსთან ერთად პოსტის ავტორი ფერმერების პროტესტის ვიდეოებს ავრცელებს. ვიდეოები 2024 წლის 24 თებერვალს, პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნის დროს არის გადაღებული, როცა ფერმერები შენობაში შეცვივდნენ. პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აღნიშნულ გამოფენას საფრანგეთის პრეზიდენტიც დაესწრო, რომელიც ფერმერების ლიდერებმა წინასწარ გააფრთხილეს, რომ მისი ვიზიტი მშვიდად არ წარიმართებოდა, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მაკრონმა გამოფენაზე მისვლისთანავე, ფერმერული გაერთიანების სამ ძირითად ლიდერთან ( FNSEA, Jeunes Agriculteurs და Coordination Rurale) ორსაათიანი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა ფერმერების მოთხოვნები განიხილა და სახელმწიფო დახმარების შესახებ ისაუბრა.

„მე ყოველთვის მირჩევნია დიალოგი დაპირისპირებას“, - თქვა მაკრონმა. „მე გეუბნებით, რომ ადგილზე მიმდინარეობს მუშაობა, გამარტივების პროცესში ვართ“. მაკრონმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ფერმერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 62 ვალდებულება აიღო, მათ შორის - ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე მინიმალური ფასის დაპირება. პრეზიდენტის თქმით, სამ კვირაში, კერძოდ, სამ მარტს, ფერმერებს კვლავ შეხვდება.

ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისიდან ფერმერები საპროტესტო აქციებს ევროპის მასშტაბით მართავენ, კერძოდ - საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიასა და ესპანეთში. ყველა ქვეყანაში მათ განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, თუმცა ძირითადად მაღალ გადასახადებს, იაფ იმპორტს და ევროკავშირის კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი