სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ინფორმაციას ავრცელებს. ავტორის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სირსკიმ განაცხადა, რომ ის ღირსება, რომლითაც უკრაინის ჯარები ავდეევკას ტოვებენ, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს და რომ იგი აღფრთოვანებულია უკრაინელების გამბედაობით, რომლებმაც იპოვეს ძალა თავაწეულებს, დამარცხების აღიარების გარეშე, პოზიციები დაეტოვებინათ. რეალურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა უკანდახევის აუცილებლობის შესახებ, თუმცა არაფერი უთქვამს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დამარცხების აუღიარებლობისა და ავდეევკას „ჩაბარების“ ისტორიის წიგნში შეტანის შესახებ.

ავდეევკას დატოვების შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის 17 თებერვალს Facebook-ზე გააკეთა. გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ქვედანაყოფების ქალაქიდან გაყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადანაცვლება ქალაქის ირგვლივ არსებულმა ოპერატიულმა ვითარებამ განაპირობა. აღნიშნული ნაბიჯი ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ისინი აგრძელებენ სიტუაციის დასტაბილურებას და პოზიციების შესანარჩუნებლად ზომების მიღებას.

მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავისი სამხედრო მოვალეობა ღირსეულად შეასრულეს, ყველაფერი გააკეთეს საუკეთესო რუსული სამხედრო შენაერთების გასანადგურებლად და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, თუმცა „სამხედრო პერსონალის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა“. განცხადების დასასრულს ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ უკრაინელები ავდეევკაში კვლავ დაბრუნდებიან.

ამდენად, გენერალი სირსკი განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მცდარია.

ცნობისთვის, 17 იანვარს ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე, ავდეევკაში მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა. უკრაინელი გენერლის ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, მტერმა ხანგრძლივი საარტილერიო ცეცხლითა და ფართომასშტაბური დაბომბვით, ქალაქი თითქმის ბოლომდე გაანადგურა. ავდეევკას გარდა, რუსებმა მიზანში მიმდებარე 20-მდე დასახლებაც ამოიღეს. უკრაინელი ჯარისკაცები განადგურებული პოზიციებიდან მანევრირებას თავდაცვის ახალი ხაზებისკენ ახდენდნენ, რა დროსაც რამდენიმე ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ტარნავსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენა მათთვის მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ახალ პოზიციებზე გადავიდოდნენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქალაქი ავდეევკას დასაკავებლად რუსული არმიის მცდელობების გათვალისწინებით, სამხედრო ხელმძღვანელობას ასევე სთხოვა, რომ უკრაინის დამცველების სიცოცხლე ყველაზე წინ დაეყენებინათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი