სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელზეც Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, რომის პაპია გამოსახული, რომელიც დევიდ როკფელერს ხელზე ემთხვევა. გავრცელებული მტკიცებით, ფოტოზე როტშილდი და ჰენრი კისინჯერიც ჩანან. რეალურად, ფოტოზე რომის პაპის ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებთან შეხვედრაა ასახული. შეხვედრას არც როკფელერი, არც როტშილდი და არც კისინჯერი არ დასწრებიან.

პოსტში გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად სხვადასხვა აღწერილობით ვრცელდება. ზოგიერთი დეზინფორმატორის მტკიცებით, ფოტოზე რომის პაპი ფრანცისკე და დევიდ როკფელერი არიან გამოსახული, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ მათთან ერთად კადრში ჯონ როტშილდი და ჰენრი კისინჯერიც ჩანან.

2014 წლის 26 მაისს იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში „იად ვაშემი" ვიზიტისას, რომის პაპმა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ დახოცილი ექვსი მილიონი ებრაელი მოიხსენია და ექვს გადარჩენილს შეხვდა. ჰოლოკოსტს გადარჩენილებთან შეხვედრისას, რომის პაპმა თავმდაბლობა გამოიჩინა, გადარჩენილთა ბრძოლისა და შიმშილის ისტორიების მოსმენის შემდეგ დაიხარა და თითოეულ მოხუცს ხელზე ემთხვია.

ფოტოზე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ექვსი ადამიანია გამოსახული: ავრაამ ჰარშალომი (ფრიდბერგი), ჩავა (ევა) შიკ, ჯოზეფ გოტდენკერი, მოშე ჰა-ელიონი, ელიეზერ (ლოლეკ) გრინფელდი და სონია ტუნიკ-გერონი. მათ შორის არ არიან დევიდ როკფელერი, როტშილდი და ჰენრი კისინჯერი. ინტერნეტსივრცეში დასახელებული პირების აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების დამადასტურებელი ინფორმაცია ასევე არ იძებნება.

მეტიც, თუ მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეხვედრის კადრებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ფოტოზე გამოსახული ადამიანი დევიდ როკფელერი არ არის.

აღნიშნული ფოტოს სხვადასხვა დროს ხშირ გავრცელებას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, მათ შორის, PilitiFact, Snopes, CheckYourFact, AFP Fact Check, ასევე გამოეხმაურნენ.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე რომის პაპი არა დევიდ როკფელერს, არამედ ჰოლოკოსტს გადარჩენილ ელიეზერ (ლოლეკ) გრინფელდს ემთხვევა ხელზე. მათ გვერდით კი ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოშე ჰა-ელიონი და ჯოზეფ გოტდენკერი დგანან და არა ჯონ როტშილდი და ჰენრი კისინჯერი, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი