სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში გაეროს 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, უკრაინის არმიის ქმედებებს, რუსეთის არმიასთან შედარებით, ოთხჯერ მეტი სამოქალაქო ემსხვერპლა და ხუთჯერ მეტი დაიჭრა: „ის, რასაც არავინ და არასდროს ამბობს. როდესაც უკრაინის ორწლიანი ომის სამოქალაქო მსხვერპლზე საუბრობენ ყოველთვის ჯამურ რიცხვს ასახელებენ. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში უკრაინის არმიის ქმედებებს ოთხჯერ მეტი სამოქალაქო ემსხვერპლა და ხუთჯერ მეტი დაიჭრა, ვიდრე ეს რუსეთი არმიის ქმედებებს მოჰყვა. ეს ძირითადად გამოწვეულია დონბასში და ბელგოროდის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის არმიის მიერ პერიოდული და გამიზნული იერიშების მიტანით. რეალურად, გაეროს უახლესი ანგარიშის მიხედვით, ომის დროს ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებას უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე 7768 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (დაშავებულთა რიცხვი 15761-ს აღწევს), ხოლო რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღნიშნული რიცხვი 1230 ადამიანია (დაშავებულია 3057 სამოქალაქო პირი). ამავდროულად, ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შემთხვევის უმეტესობა, ანგარიშის მიხედვით, „სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელდა“.

2024 წლის 22 თებერვალს გაეროს უახლესი ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინაში ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მისიის (HRMMU) მიერ შეიქმნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული 30,457 მშვიდობიანი მოქალაქიდან, 10,582 დაიღუპა და ხოლო 19,875 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ომს 587 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ასევე 1298 დაშავდა.

წყარო: Ohchr.org

ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გარდაცვალება (91 პროცენტი) გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღით. ხოლო ომის ნაღმებმა და ფეთქებადმა ნარჩენებმა (ERW) მშვიდობიანი მოსახლეობის 3,7 %-ის დაღუპვა გამოიწვია.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ასაფეთქებელი იარაღს უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეეწირა, „უმეტეს შემთხვევაში, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად“.

ასევე, ასაფეთქებელი იარაღით დაშავებულთა და გარდაცვლილთა უმრავლესობა (78%) ფრონტის ხაზთან საარტილერიო ჭურვების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და საჰაერო ბომბების გამოყენებას უკავშირდება. თუმცა, დაღუპულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, ფრონტის ხაზიდან მოშორებით შეინიშნება. ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ შორი დისტანციური რაკეტების და საბრძოლო მასალის გამოყენება სამიზნეების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში საომარი მოქმედებებისგან სრულიად უსაფრთხო ადგილს პრაქტიკულად არ ტოვებს.

მშვიდობიანი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა ან დაშავდა არა მარტო ასაფეთქებელი იარაღისა და ნაღმების გამოყენებით, არამედ, სხვა მეთოდითაც. კერძოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობის მანქანებს გაუხსნეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ტერიტორიებიდან ზუსტად მაშინ გაქცეულიყვნენ, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ. 2022 წლის თებერვალსა და მარტში კიევისა და ჩერნიგოვის ოლქში ასეთი ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს ომის პერიოდში ასაფეთქებელი იარაღით განხორციელებული თავდასხმების შედეგებს ასობით საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებაზე. HRMMU-ის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული 1072 საგანმანათლებლო და 465 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა. 2022 წლის 10 ოქტომბრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში რუსულმა რაკეტებმა და საბრძოლო მასალებმა დააზიანა და გაანადგურა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის სერვისის მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

მისიის თანახმად, ანგარიშისთვის ინფორმაცია ფართო სპექტრიდან შეგროვდა, მათ შორის, დაზარალებულებთან, მათ ნათესავებთან და მოწმეებთან ინტერვიუებიდან; ფოტო და ვიდეო მასალიდან; სასამართლო ექსპერტიზის ჩანაწერებისა და ანგარიშებიდან; სისხლის სამართლის გამოძიების მასალებიდან; სასამართლო დოკუმენტებიდან; საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან; სამედიცინო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებიდან და სხვ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში ავრცელებს გამოცემის TRT World-ის ფოტოს, რომელიც მათ 2024 წლის 24 თებერვალს საკუთარ Facebook, X და სხვა სოციალური მედიის გვერდებზე გამოაქვეყნეს. ფოტოზე მითითებულია, რომ ინფორმაცია 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებს ეყრდნობა. HRMMU-ის იანვრის ანგარიშის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ TRT World-ის მიერ ფოტოზე შეცდომით არის წარმოდგენილი რუსეთისა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი. კერძოდ, გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, 8095 ადამიანი დაიღუპა და 16257 დაშავდა არა რუსეთის, არამედ უკრაინის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

წყარო: TRT World

წყარო: HRMMU

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი