მარიამ ქვრივიშვილი: 2023 წელი ტურიზმისა და ავიაციისთვის რეკორდული იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2019 წელს საქართველოში ტურისტული ტიპის 5.1 მლნ ვიზიტი შედგა, 2023 წელს - 4.7 მლნ. აღდგენის მაჩვენებელმა 92% შეადგინა და მას პანდემიამდელი პერიოდისთვის არ გადაუჭარბებია, იგივე მაჩვენებელი ყველა ტიპის ვიზიტისთვის ჯამში კიდევ უფრო ნაკლები - 76% (7.1 მლნ 9.4 მლნ-ს ნაცვლად), იყო.

ტურისტების რაოდენობისგან განსხვავებით, 2019-2023 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ნომინალურად 26%-ით - 3.3 მლრდ-დან 4.1 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა. იმავე პერიოდში რეალურმა ზრდის ტემპმა, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, 6% შეადგინა.

2019 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5.2 მლნ-ს მიაღწია, 2023 წელს 15%-ით მეტს - 6 მლნ-ს. პრაქტიკულად ზრდა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის თითქმის გაორმაგებული დატვირთვით მუშაობის ხარჯზე დაფიქსირდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტურიზმის სტატისტიკას არასწორად ასახელებს და აეროპორტების ნაწილში სიმართლეს ამბობს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ჯამური ზრდა სამიდან მხოლოდ ერთი აეროპორტის ხარჯზე მოხერხდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 24 თებერვალს ტვ იმედის ეთერში ტურიზმზე საუბრისას განაცხადა: (3:30-დან) „გასული 2023 წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული, რეკორდული იყო ავიაციის ინდუსტრიისთვისაც და რეკორდული იყო ტურიზმისთვისაც...მგზავრთნაკადის კუთხით, ახალი ავიაკომპანიების კუთხით, ახალი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლების კუთხით ჩვენ წელიწადში საშუალოდ 15-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, არა მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, არამედ 2019 წელთან შედარებით, სადაც ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები“.

ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოცხადებული, რომელიც ეკონომიკის 7%-8%-ს აგენერირებს. პანდემიამდე ტურისტების რაოდენობის მხრივ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მხრივ და აეროპორტების მგზავრთნაკადის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა.

2019 წელს საქართველოში 9.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, საიდანაც 5.1 მლნ ტურისტული ტიპის იყო. 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 76%-ით - 7.1 მლნ-მდე, აღდგა, უშუალოდ ტურისტების 92%-ით - 4.7 მლნ-მდე. 2022 წელთან შედარებით 30%-იანი ზრდის მიუხედავად ტურისტების რაოდენობის მხრივ მდგომარეობა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ გასთანაბრებია.

გრაფიკი 1: ვიზიტების რაოდენობა საქართველოში (1000 ვიზიტი)

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაოდენობრივისგან განსხვავებით, შემოსავლების ნაწილში ზრდა ფიქსირდება. თუ 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წელს იმავე მაჩვენებელმა 26%-ით მეტი - 4.1 მლრდ დოლარი შეადგინა. დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, რეალური ზრდის ტემპი 6%-მდე მცირდება, თუმცა ასეთი დათვლითაც პოზიტიური დინამიკა მაინც ცხადად იკვეთება.

გრაფიკი 2: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, 2019 წელთან შედარებით, 2023 წელს სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო გზებით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებულია, საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა კი პირიქით, 5%-ითაა გაზრდილი.

გრაფიკი 3: საზღვრის ტიპი (ათასი ვიზიტორი)

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში სულ 3 საერთაშორისო აეროპორტია: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის. 2019 წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5.2 მლნ-ს მიაღწია, 2023 წელს 15%-ით მეტს - 6 მლნ-ს. ზრდა პრაქტიკულად მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის ხარჯზე მოხდა, რომელიც 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. თბილისის აეროპორტში უმნიშვნელო 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბათუმის აეროპორტში - 0.3%-იანი კლება.

გრაფიკი 4: მგზავრთნაკადი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში (ათასი მგზავრი)

წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

2019 წელს თბილისის აეროპორტში კლების მიზეზი რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების შეწყვეტა გახდა. 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მაისამდე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები არ ხორციელდებოდა.

თუ აეროპორტების მგზავრთნაკადში მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტორებს გავითვალისწინებთ, მაშინ 2019 წელთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში 103%-იანი ზრდა ფიქსირდება - 216 ათასიდან 437 ათასამდე, თბილისის აეროპორტში 9%-იანი კლება - 1.356 მლნ-დან 1.231 მლნ-მდე და ბათუმის აეროპორტში 2%-იანი კლება - 258 ათასიდან 254 ათასამდე.

მარიამ ქვრივიშვილმა ავიამიმართულებებისა და ავიაკომპანიების რაოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია 89 მიმართულებით ოპერირებდა. რეისების რაოდენობამ კი 2023 წელს 26.3 ათასი შეადგინა 8%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზრდის მიზეზი ქუთაისის აეროპორტი გახდა. გადაზიდული ტვირთების მოცულობა კი პირიქით 2019 წელთან შედარებით 22%-ით და 2016 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით - 19.2 ათას ტონამდეა შემცირებული. საჰაერო სივრცის გამოყენების (გადაფრენის) რაოდენობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 65%-ით - 232 ათასამდეა გაზრდილი.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ აეროპორტების ნაწილში რეკორდი ნამდვილად ფიქსირდება, ოღონდ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის ხარჯზე, ტურიზმის ნაწილში კი შემოსავლები იყო რეკორდული, მაგრამ არა თავად ტურისტების რაოდენობა. ნაწილობრივ სწორად და ნაწილობრივ მცდარად დასახელებული მონაცემების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი