გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა საქართველოს ტერიტორია

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

დიმიტრი ხუნდაძე: 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა, თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი. ეს არიან ტურისტული მიზნებით, სამკურნალოდ, სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ადამიანები... „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოვაკლებ 2022-2023 წლების მონაცემებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გააქტიურებული იმიგრაციის ამბავი სასპეკულაციო არ გახდეს, მხოლოდ 47 000 მოქალაქე დააკლდა ქვეყანას ანუ გასვლა-შემოსვლის სხვაობა არის მინუს 47 ათასი

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ანალიზი:

ემიგრაციის მასშტაბების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებას „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა საქართველოს ტერიტორია“. რეალურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013-2022 წლებში 718,930 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ამავე პერიოდში 505,098 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. ანუ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, საქართველო ჯამში 213,832-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. ამრიგად, გიორგი ვაშაძე 2013-2022 წლებში ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს აჯამებს და ქვეყანაში დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს. ცხადია, ამგვარი მიდგომა მანიპულაციურია და რეალობას გადაჭარბებულად, უფრო მწვავედ წარმოაჩენს. მტკიცება, თითქოს საქართველო 800 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, „ფაქტ-მეტრს“ ადრეც გადაუმოწმებია და შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი. იხილეთ ამ თემაზე ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით: „800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა, თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი. ეს არიან ტურისტული მიზნებით, სამკურნალოდ, სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ადამიანები... „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოვაკლებ 2022-2023 წლების მონაცემებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გააქტიურებული იმიგრაციის ამბავი სასპეკულაციო არ გახდეს, მხოლოდ 47 000 მოქალაქე დააკლდა ქვეყანას ანუ გასვლა-შემოსვლის სხვაობა არის მინუს 47 ათასი.

დიმიტრი ხუნდაძის სწორად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება შეცდომაში შემყვანია და რეალური სურათის დასანახად მიგრაციული სალდო უნდა განვიხილოთ. თუმცამის მიერ დასახელებული არგუმენტები და მონაცემები მცდარია.

საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო ანუ წინა 12 თვის მანძილზე, საქართველოში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

ამრიგად, დიმიტრი ხუნდაძე ემიგრანტს არასწორად განმარტავს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც 6 თვეზე ნაკლები ხნით დატოვა საქართველო, როგორც ემიგრანტი არ აღირიცხება და არ აქვს მნიშვნელობა, საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფებოდა, სამკურნალოდ, ტურისტული თუ სხვა მიზნით.

ასევე მცდარია დიმიტრი ხუნდაძის მტკიცება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა მხოლოდ 47 ათასი იყო. რეალურად, საანგარიშო პერიოდში [2013-2022 წლებში], საქართველო ჯამში 213,832-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. აქედან, მხოლოდ 2022 წელს 46.4 ათასით მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციულ სალდოზე საუბრისას, 2022-2023 წლების მაჩვენებლებს არ ითვალისწინებს. 2023 წლის მიგრაციის მაჩვენებლები ჯერჯერობით ისედაც არ არის ცნობილი. 2022 წელს რაც შეეხება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან იმიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, შედეგად მიგრაციული სალდოს ჯამური ბალანსი [ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით] დადებითი იყო. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითი დარჩა და თან, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამრიგად, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მიგრაციულ სალდოზე ვსაუბრობთ, მასზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმიგრაციის ზრდას გავლენა ვერანაირად ვერ ექნება. შესაბამისად, გაუგებარია, მონაცემების დაჯამებისას, დიმიტრი ხუნდაძე 2022 წლის მონაცემებს რატომ არ ითვალისწინებს. 2022-2023 წლების მაჩვენებლები რომც არ ჩავთვალოთ, გამოვა, რომ 167,435 მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1: 2013-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიმიტრი ხუნდაძე მიგრაციული სალდოს მაჩვენებლებს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს ადარებს. რეალურად, ეს მაჩვენებლები შედარებადი არ არის, რადგან მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტებისა და იმიგრანტების სტატისტიკა მხოლოდ 2012 წლიდან იწარმოება. შესაბამისად, უფრო ადრინდელი მონაცემები არ არსებობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2012 წლამდე პერიოდში, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ანუ იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, 2012 წლამდე პერიოდის მიგრაციის მაჩვენებლები შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს.

ამრიგად, „ხალხის ძალის“ ლიდერი საქართველოს მოქალაქეების მიგრაციულ სალდოს წინა ხელისუფლების პერიოდში მიგრაციული სალდოს ჯამურ მაჩვენებლებს ადარებს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოიცავს და ამავდროულად, არა ზუსტ, არამედ შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს.

შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძე იმ ფაქტზე, რომ გიორგი ვაშაძე მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე საუბრობს და ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობას უგულებელყოფს, რაც შეცდომაში შემყვანია და არსებულ რეალობას კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს, სწორად მიუთითებს. თუმცა დიმიტრი ხუნდაძის კონტრარგუმენტები და მის მიერ დასახელებული მონაცემებიც სიმართლეს არ შეესაბამება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, საქართველო ჯამში 213,832-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. ამასთან, ის არასწორად განმარტავს „ემიგრანტს“ და მისი მტკიცება, რომ თავად გიორგი ვაშაძეც რამდენჯერმე მოხვდებოდა ამ სტატისტიკაში, მცდარია.

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტ-მეტრს დაუკვშირდა გიორგი ვაშაძე, განცხადების ავტორი. პოლიტიკოსმა ვერდიქტი არ გაიზიარა. ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო, სტატიის ავტორთან ერთად, გნიხილავს განცხადების ავტორის / დაინტერესებული პირის შენიშვნებს. სარედაქციო საბჭოს სხდომა 2024 წლის 14 მარტს ჩატარდა, რომელსაც განცხადების ავტორიც ესწრებოდა.

სარედაქციო საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა პოლიტიკოსის არგუმენტები. სტატიის თავდაპირველ ვერსიაში განცხადება ფაქტ-მეტრმა შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი. აღნიშნული ვერდიქტის განმარტებაა, რომ განცხადებაში იყო სიმართლის ელემენტი, თუმცა იგნორირებული იყო მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთაც სხვა შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლოთ. პოლიტიკოსის განცხადების ვერდიქტით შეფასებისას ფაქტ-მეტრმა უფრო მეტი ყურადღება რიცხვების ტექნიკურ სიზუსტეს დაუთმო, ხოლო პრობლემის მასშტაბი, რომელზეც პოლიტიკოსი საუბრობს, მხოლოდ სიმართლის ელემენტად მიიჩნია. მართალია, განცხადების ავტორი გადაჭარბებულად წარმოაჩენს ემიგრაციის პრობლემას, თუმცა ეს პრობლემა ისედაც, ობიექტურად, ძალიან მასშტაბური გამოწვევაა და, განცხადების ვერდიქტით შეფასებისას, ეს კონტექსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავდაპირველად ფაქტ-მეტრმა მიიჩნია. სტატიის განახლებულ ვერსიაში, ფაქტ-მეტრი გიორგი ვაშაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი