ლევან სამუშია: მოსამართლეზე შეუძლიათ დაიწყონ დისციპლინური წარმოება და თბილისიდან გაუშვან დავუშვათ 200-300 კმ-ის მოშორებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სამუშიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

2024 წლის 4 მარტს „TV პირველის“ ეთერში პარტია „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია, სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოში არსებულ პრობლემებს შეეხო. ერთ-ერთ პრობლემად პოლიტიკოსმა მოსამართლეთა მივლინების წესი დაასახელა. „წელიწადნახევარია, რაც მიიღეს ცვლილება. ამას ვუძახით მოსამართლეთა გადასახლებას, ანუ რა გააკეთეს? თუ სასამართლოს შეფებს არ მოეწონებათ მოსამართლე, შეუძლიათ დაიწყონ დისციპლინური წარმოება და თბილისიდან გაუშვან, დავუშვათ, 200-300 კმ-ის მოშორებით, მესტიაში. ან მესტიიდან გადმოიყვანონ აქეთ. ეს კანონის დონეზე გააკეთეს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

„ფაქტ-მეტრმა“ ლევან სამუშიას განცხადება გადაამოწმა.

მოსამართლეთა მივლინების საკითხებს საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ არეგულირებს. კანონის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია ან სხვა სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით, ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით ან როდესაც ამას მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება მოითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. [1]

თუ რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მოსამართლეს სხვა სასამართლოში განსაზღვრული ვადით მიავლენს. თუ მოსამართლე ამ წესით ვერ შეირჩა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე, მისი სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. მივლინება არაუმეტეს 2 წლის ვადით უნდა გაგრძელდეს, ხოლო შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ, მივლინება ვადაზე ადრე წყდება. ამასთან, მოსამართლის თანხმობის გარეშე ვადის გაგრძელებაც შესაძლებელია, არაუმეტეს 2 წლისა. ერთი მოსამართლის, მისი თანხმობის გარეშე, მივლინება 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელაა დასაშვები.

ვენეციის კომისიის 2023 წლის მარტის რეკომენდაცია იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მათი მივლინების უფლება შეზღუდოდა. მარტის რეკომენდაციითვე, მივლინების საფუძვლებად უფრო ვიწრო კრიტერიუმების, დროითი და ადგილმდებარეობითი საზღვრების დაწესება და მოსამართლეთა ამორჩევისთვის შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული სპეციალური სისტემის შექმნა იყო საჭირო. [3]

2023 წელს კანონში ახალი ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ვენეციის კომისიამ ახალი დასკვნა მოამზადა. ვენეციის კომისიის 2023 წლის 6-7 ოქტომბრის დასკვნამ, სასამართლოში არსებული სხვა პრობლემების გარდა, მოსამართლის მივლინების პრობლემური საკითხებიც მიმოიხილა. დასკვნის თანახმად, 2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 371 მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ ლინგვისტური ცვლილებები შევიდა. მუხლი მივლინების წინაპირობებს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სასამართლოში მოსამართლეთა ნაკლებობა ან საქმეთა სიმრავლის გამო მისი გადატვირთულობაა. კანონი ასევე მესამე ალტერნატიულ წინაპირობას ითვალისწინებს: „სხვა ობიექტური გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მართლმსაჯულების სათანადო აღსრულებასთან.“ ეს წინაპირობა იმდენად ფართო სპექტრის მომცველია, რომ ვენეციის კომისიის თანახმად, იგი ნაკლებად ცხადი და განუჭვრეტადია. [4]

2023 წლის ივნისის ცვლილებებით 371 მუხლის მე-5 პუნქტში განისაზღვრა მოსამართლეთათვის ყოველთვიურ ხელფასზე სამივლინებო დანამატი, რაც პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისიისვე პოზიციით, ეს ცვლილება რეკომენდაციის მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებს. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: „მოსამართლის მივლინების კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება, ძალიან ფართო და არაცხადი საფუძვლით, 4 წელზე მეტი ვადით, მოსამართლეთა უსაფრთხოებისა და მათ საქმიანობაში მომეტებული ჩარევის რეალურ რისკს ატარებს, რაც თავისთავად პრობლემურია.“

2023 წლის სექტემბერში აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი კანონპროექტი დაინიციირდა. ცვლილებების მიხედვით მოსამართლის მივლინების გახანგრძლივება 1 წელზე მეტი ხნით დაუშვებელია. ამ ნაბიჯით მოსამართლის, მისი თანხმობის გარეშე, მივლინების მაქსიმალურ ვადად 3 წელი განისაზღვრა, თუმცა ცვლილება არასაკმარისი ნაბიჯია. კერძოდ, მთავარი პრობლემა, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მიმოხილული, არის მოსამართლის მივლინების კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება, „ძალიან ფართო და არაცხადი საფუძვლით“ მიავლინოს მოსამართლეები, რაც მათ საქმიანობაში „მომეტებული ჩარევის რეალურ რისკს“ ატარებს. ეს საკითხი კი არც სექტემბერში დაინიციირებული ცვლილებებით გადაჭრილა.

ლევან სამუშიას განცხადების თანახმად, მოსამართლეთა მივლინებაში გასაშვებად დისციპლინური წარმოების დაწყებაა საჭირო. რეალურად საქმე უფრო მარტივადაა - მოსამართლე მივლინებაში შეიძლება, გარდა სხვა საფუძვლებისა, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული რომელიმე გარემოების საფუძველზე გაუშვან. ეს განმარტება პრობლემურია ვენეციის კომისიისთვისაც.აქედან გამომდინარე გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლევან სამუშიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“. მუხლი 371. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/90676?publication=51

[2] იხილეთ იქვე

[3] ვენეციის კომისიის 2023 წლის მარტის რეკომენდაცია. ხელმისაწვდომია:https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2023)006-e

[4] ვენეციის კომისიის 2023 წლის ოქტომბრის დასვკნა. ხელმისაწვდომია:https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2023)033-e


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი