სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოებს (1, 2) ავრცელებს. მისი მტკიცებით, სამგზავრო თვითმფრინავს არანაირი ხილული გამონაბოლქვი არ აქვს, თუმცა არსებობს „სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც განზრახ უშვებს და ტოვებს ქიმტრეილებს“. რეალურად, თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული ღრუბლების ბილიკი წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტია, რომლის ხილვადობასაც ამა თუ იმ არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს.

რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია, რომელსაც „კონტრეილს“ (contrail) ან „ორთქლის ბილიკს“ უწოდებენ.

„კონტრეილები“თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის - არა.

მიუხედავად არსებული კვლევებისა, ადამიანებს კვლავ სჯერათ, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი არა „კონტრეილი“ არამედ „ქიმიური ბილიკი“, ე.წ. „ქიმტრეილია“, რომლის გავრცელების მიზანიც მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. აღნიშნული შეთქმულების თეორია მანიპულაციურად ხშირად ვრცელდება („ფაქტ-მეტრის“ სტატიები აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე 1, 2).

კონსპირაციული თეორია, რომ მთავრობები ან სხვა აქტორები თვითმფრინავების საშუალებით დედამიწას რგულარულად ასხურებენ ქიმიკატებს, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა. თავდაპირველად, თეორიის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ თვითმფრინავებიდან გამოყოფილი ტოქსიკური ლითონის, ბარიუმის შემცველი სპრეი მოსახლეობის დასამორჩილებლად ან შესამცირებლად გამოიყენებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში „ქიმიური ბილიკების“ შეთქმულების თეორია ვითარდებოდა და დღეისთვის მისი რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა. მაგალითად, პანდემიის დროს, გააქტიურდა ვერსია, რომ თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით კორონავირუსსა და ვაქცინებს ავრცელებდნენ და მიზნად ადამიანების „გონების კონტროლს“ ისახავდნენ.

იმის დასადგენად, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ არა, კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტი) წარმოდგენილი 77 მეცნიერი, რომლებიც ატმოსფეროს შეისწავლიან. კვლევით დადასტურდა, რომ გარკვეული ინტერეს-ჯგუფების მიერ მოსახლეობის დასამორჩილებლად თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა საფუძველს მოკლებული და არარეალურია.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 98,7%-მა (76-მა მეცნიერმა 77-დან) განაცხადა, რომ მათ საიდუმლო მასშტაბური ატმოსფერული პროგრამის (secret large-scale atmospheric program – SLAP), იგივე - „ქიმიური ბილიკის (Chemtrail), ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ხოლო შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ მოყვანილი მტკიცებები სრულიად სხვა ბუნებრივი, ქიმიასა და ფიზიკაში კარგად ცნობილი ფაქტორებით აიხსნება, რაც თვითმფრინავების ფრენისა და საწვავის წვის შედეგია. რაც შეეხება, 77-დან იმ ერთ მეცნიერს, რომელიც 76 კოლეგას არ შეუერთდა, მან არც შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა დააფიქსირა. აღნიშნულ არეალში კი, მისი თქმით, ხმელეთზე ბარიუმის დაბალი შემცველობა იყო.

სამთავრობო უწყებებში შემავალ საჩივართა სიმრავლის გამო, მოსახლეობის ეჭვების გასაფანტად 2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ხელახლა გამოაქვეყნა სახიფათო ნარჩენების ანგარიში NASA-სთან, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NOAA) და აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან (FAA) ერთად. EPA-ს ანგარიში ასკვნის, რომ „კონტრეილები არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, თუმცა: „კონტრეილურმა ღრუბლიანობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებას, ხოლო კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე“, სხვა სიტყვებით, „კონტრეილს“ შესაძლოა კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

ამრიგად, თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული ინვერსიული კვალი მომწამვლელ ნივთიერებებს არ შეიცავს, ხოლო მის ხილვადობას არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცება ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი