დავით ბაციკაძე: ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა სტიქიით დაზარალებულებს თქვენი ხელისუფლება, როდესაც მიჰყავდათ წალკის რაიონში და სრულიად უკანონოდ, სხვის საკუთრებაში, ყოველგვარი საკუთრების მოწმობის გარეშე ასახლებდნენ ამ ხალხს. მერე ამ ხალხს, ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პრობლემები შეექმნა და ზუსტად ის ხალხი ამ 720 ოჯახშია, რომლებისთვისაც მოგვიწია საკუთრების შეძენა თავიდან და ამ ხალხის დალაგება, რომ საკუთრება ჰქონოდათ.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაციკაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2004 წლიდან, სტიქიური მოვლენებით დაზარალებულმა ასობით ოჯახმა აჭარიდან წალკაში ჩასახლება დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბერძნების მიერ მიტოვებული სახლები დაიკავეს. ხელისუფლებამ მიგრირებულ ოჯახებს საცხოვრებლების დაკავების შესაძლებლობა მისცა და მფლობელებისგან სახლების გამოსყიდვის პროგრამაც დაამტკიცა. თუმცა სახლი მხოლოდ რამდენიმე ოჯახისთვის გამოისყიდა და 1-1 ჰა მიწაც გადასცა. ოჯახების უმეტესობა კი სხვის ქონებას დაეპატრონა. წლების შემდეგ ბერძენი მოსახლეობა საქართველოში დაბრუნდა და კუთვნილი სახლების დაბრუნების პროცესი დაიწყო. ვინაიდან სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ქონება საკუთრებაში არ გადასცემიათ, იძულებული გახდნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ. 2012 წლიდან, ათეულობით ოჯახი კვლავ აჭარას დაუბრუნდა. ისინი აქციებს აწყობდნენ და პრობლემის მოგვარებას უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვდნენ.

ახალმა ხელისუფლებამ ოჯახების შესწავლის მიზნით, პროგრამა დაამტკიცა. შეიქმნა სპეციალური კომისიაც. ეკოლოგიური პრობლემების გამო, საცხოვრებლის შეცვლის ფაქტი მხოლოდ ოჯახების მცირე ნაწილს დაუდასტურდა. მათთვის მთავრობა ქონებას ყოველწლიურად ყიდულობდა, თუმცა დღემდე არიან ოჯახები, რომლებიც დაურეგისტრირებელ სახლებში ცხოვრობენ, რადგან მათთვის ქონება საკუთრებაში არ გადაუციათ. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად გადადგა. ბოლო მონაცემებით, წალკაში 2 500-მდე ოჯახია. აქედან სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილების ფაქტი დადასტურებულია 600 ოჯახის შემთხვევაში და ისინი უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით. დანარჩენ 1 900 ოჯახთან მიმართებით კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ხელისუფლება ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტში თანხებს მუდმივად ითვალისწინებს. საკითხს ართულებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემები არ წყდება და თითქმის ყოველ წელს ახალი დაზარალებულები გვყავს. აჭარის მაღალმთიან სოფლებში ათეულობით ოჯახი დღემდე გაყვანას ითხოვს. ზოგი ახალდაზარალებული ოჯახი კი უსაფრთხო საცხოვრებელში უკვე გადაყვანილია. აქედან გამომდინარე, დავით ბაციკაძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ განაცხადა: „ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა სტიქიით დაზარალებულებს თქვენი [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლება, როდესაც მიჰყავდათ წალკის რაიონში და სრულიად უკანონოდ, სხვის საკუთრებაში, ყოველგვარი საკუთრების მოწმობის გარეშე ასახლებდნენ ამ ხალხს. მერე ამ ხალხს, ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პრობლემები შეექმნათ და ზუსტად ის ხალხი ამ 720 ოჯახშია, რომლებისთვისაც მოგვიწია საკუთრების შეძენა თავიდან და ამ ხალხის დალაგება, რომ საკუთრება ჰქონოდათ“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სტიქიური მოვლენების გამო, ასობით ოჯახი დაზარალდა. მათი განსახლების პროცესი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში მიმდინარეობდა. ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ“, მთავრობამ მიგრაციის პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა გადაწყვიტა. 2002 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“. დოკუმენტში წერია, რომ წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებიდან 6 000-ზე მეტი ოჯახი წავიდა და ნებაყოფლობით დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლებისთვის საჭიროა სათანადო ხელშემწყობი გარემო, რაც სამთავრობო კომისიამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ქმედებით. მათ შორის იყო წალკისა და ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების (ბინების) სახელმწიფო შესყიდვის სახელმწიფო პროგრამის პროექტის მომზადება და ჩასახლების რეგიონებში სახელმწიფო სარეზერვო საბინაო ფონდის შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება.

ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეკომიგრანტებს ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში ჩასახლება თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესთავაზა. იმ დროის მონაცემებით, წალკაში 2 400-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა სამინისტროს ბალანსზე მხოლოდ 571 სახლი ირიცხებოდა. მათ შორის იყვნენ აჭარიდან ჩასახლებული ოჯახებიც. ეკომიგრანტების ნაწილმა სახლები თვითონ შეისყიდა. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როცა მთიანი აჭარიდან განსახლებული ოჯახები კვლავ ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ. მაგალითად, 2010 წელს სახელმწიფომ 32 ოჯახი განასახლა ახმეტის რაიონის (ამჟამად - მუნიციპალიტეტის) სოფელ ქორეთში. თუმცა მძიმე საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გამო, ათი ოჯახი მთიან აჭარას დაუბრუნდა. მსგავსი სიტუაციები სხვაგანაც დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა, განსახლებული ოჯახების შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ მძიმე პირობების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობდა: დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გადაცემა, (ზოგ შემთხვევაში) ბუნებრივ აირსა და სასმელ წყალზე ხელმიუწვდომლობა, განსახლების ადგილებში საგანმანათლებლო (მათ შორის, დაწყებითი) ინფრასტრუქტურის არარსებობა, დასაქმების უპერსპექტივობა და სხვა. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის (ხელისუფლების შეცვლამდე) მდგომარეობით, აჭარიდან სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, წალკაში, განსახლებული იყო, დაახლოებით, 9 072 ოჯახი ანუ 38 874 პირი.

წალკაში განსახლებულმა ათეულობით ეკომიგრანტმა ოჯახმა, 2012-2013 წლებში, მასობრივად დაიწყო აჭარაში დაბრუნება. Human Rights.ge-ი წერდა, რომ მთავრობის მიერ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს სახლები საკუთრებაში არ ჰქონდათ გადაცემული. ამიტომ სახლების მფლობელი ბერძნები, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, ეკომიგრანტებისგან საცხოვრებლის დაცლას მოითხოვდნენ. ბევრი ოჯახი კვლავ თავშესაფრის გარეშე დარჩა და დახმარებისთვის აჭარის მთავრობას მიმართა. ასეულობით ადამიანი მთავრობის სახლის წინ აქციებს მართავდა. 2013 წელს შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც აჭარიდან წალკასა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლებში მიგრირებული 144 ოჯახის შესწავლა დაევალა. ჯგუფმა მხოლოდ 132 ოჯახი შეისწავლა, რადგან 12 ოჯახი ადგილზე არ დახვდა. შესწავლილი ოჯახებიდან, 54 ოჯახს (მათივე განცხადებით) ჰქონდა გეოლოგიური დასკვნა მათი საცხოვრებელი სახლის ეროზიული მდგომარეობის შესახებ; 28 ოჯახი დაფიქსირებული იყო სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდა დაზარალების კატეგორია; 50 ოჯახი წალკის მუნიციპალიტეტში თვითნებურად იყო ჩასახლებული, სხვადასხვა მიზეზით (გაფართოება, ეკონომიკური პრობლემები და მიწის ნაკლებობა). 13 ოჯახი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სახლში ცხოვრობდა და გამოსახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა; 1 ოჯახი ცხოვრობდა საკუთარ სახლში; დარჩენილი 117 ოჯახი - ადგილობრივი ბერძნების სახლებში (რომლებიც იქ თავად, ინდივიდუალურად, სახლის მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად ჩავიდნენ). ჯგუფმა დაადგინა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, დაბრუნებულმა ბერძნებმა ე.წ. ეკომიგრანტებს სახლის დაცლა მოსთხოვეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დროს (2013 წელს) აცხადებდა, რომ წალკასა და ნინოწმინდაში აჭარიდან საცხოვრებლად საკუთარი სურვილით ჩავიდა დაახლოებით 3 000 ოჯახი, რომლებიც სახლების მეპატრონე ბერძნებთან პირადად ურთიერთობდნენ. შესაბამისად, სამინისტროსვე განცხადებით, სახელმწიფო ამ კომუნიკაციაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა ოჯახებს სწავლობდა და პრობლემის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

წალკაში ჩასახლებული ოჯახების აქციები, სადაც ისინი ხელისუფლებისგან სახლების შეძენასა და საკუთრებაში გადაცემას ითხოვდნენ, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 2015 წელს მთავრობამ დაამტკიცა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენას, მათ ხელახალ რეგისტრაციას სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო მომდევნო წლებში, აღნიშნული სახლები კერძო საკუთრებაში უნდა გადასცემოდა 1000-მდე ეკომიგრანტ ოჯახს, მათ შორის, წალკის მუნიციპალიტეტში განსახლებულ 571 ოჯახს. „თრიალეთი ექსპრესში“ 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, წალკაში 2 500-მდე ოჯახია. აქედან, სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილების ფაქტი დადასტურებულია 600 ოჯახის შემთხვევაში და ისინი უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით. დანარჩენ 1 900 ოჯახთან მიმართებით კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს და მათი ბედი ჯერაც გაურკვეველია.

ამდენად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული რამდენიმე ოჯახისთვის სახელმწიფომ საცხოვრებელი შეისყიდა, მაგრამ ოპოზიციაში ისე გადაინაცვლა, რომ ასეულობით ოჯახის ბედი გაურკვეველი დარჩა. „ქართული ოცნების ხელისუფლებამ“ პრობლემის მოგვარება ნამდვილად დაიწყო და ეკომიგრანტების ნაწილს სახლები შეუძინა. თუმცა დანარჩენი ოჯახების ბედი დღემდე ვერც მან გადაწყვიტა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ცხოვრობს სახლებში, რომლებიც შესაბამის უწყებას საკუთრებაში ჯერაც არ გადაუცია. უნდა ითქვას, რომ ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად როგორც ცენტრალური, ისე რესპუბლიკური თუ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება. თუმცა პრობლემას ართულებს ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ფაქტორები მუდმივად არაერთ ოჯახს აზარალებს. აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანას ათობით ოჯახი ითხოვს. „ფაქტ-მეტრმა“ სცადა გაერკვია, რამდენი ოჯახია დაზარალებული, რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რამდენი ელოდება ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას. ინფორმაცია ყველა მუნიციპალიტეტის მერიისგან წერილობით გამოვითხოვეთ, თუმცა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის გარდა, არც ერთმა არ მოგვაწოდა.

მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ დავით ბაციკაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი