ქართული ოცნება (დაპირება): 2021-2022 წლებში ქ. ქობულეთში ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალის ხაზის მოწყობა.

ვერდიქტი: „ქართული ოცნების“ მიერ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების წინ გაცემული დაპირება არ შესრულდა.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერი ჯერაც მერობის კანდიდატი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალის მოწყობის პროექტი თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. იმ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და მმართველმა პარტიამ ის 2021-2022 წლების მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალში ჩართო.

2021 წლის სექტემბერში დაწყებულ სამუშაოებს შპს „ვი-აი-პი +“ ახორციელებდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის მარტში შეწყდა. მანამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მისთვის უკვე ანაზღაურებული იყო 2 521 732 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 88%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს 1 მლნ ლარი ავანსის სახით ჩაურიცხა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ კი, პირგასამტეხლოს სახით, 360 520 ლარის გადახდა დააკისრა.

ერთ წელზე მეტია, რაც სამუშაოები შეჩერდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ შემსყიდველმა პროექტის განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობა ვერ უზრუნველყო და სხვადასხვა გარემოების გამო, შესაძლოა სახელმწიფოს დამატებითი ხარჯების გაწევა დასჭირდეს. ამ ეტაპზე სამუშაოები, რომელთა გამოც 2.5 მლნ ლარზე მეტი გადახდილია, მიტოვებულია, წყლითაა დაფარული და ზიანდება.

ჩვენთვის უცნობია, როდის გამოცხადდება ტენდერი პროექტის გაგრძელებაზე. არც ის ვიცით, შეაფასა, თუ - არა ექსპერტმა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ზიანი, რომელიც, შესაძლოა, მოწყობილ ინფრასტრუქტურას უკვე მიადგა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი, ერთთვიანი ლოდინის შემდეგაც კი, ვერ მივიღეთ.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ქართული ოცნებისა“ და მის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა.

ანალიზი:

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“, თავის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით, ქობულეთში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის გვხვდება ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალის ხაზის მოწყობა, რომლისთვისაც, საწყის ეტაპზე, ნავარაუდებია 431 644 ლარის გახარჯვა, ხოლო სამუშაოების განხორციელების ვადად მითითებულია 2021-2022 წლები. ამ დროს პროექტი უკვე დაწყებული იყო. კერძოდ: ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 3 114 421 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი 2021 წლის აგვისტოში გამოაცხადა. სექტემბერში კი ხელშეკრულება გაფორმდა და გამარჯვებული კომპანია შპს „ვი-აი-პი +“ პროექტის განხორციელებას 2 869 929 ლარად შეუდგა. სამუშაოები 240 დღეში უნდა დასრულებულიყო. შემსყიდველმა კომპანიას ავანსის სახით ჯერ - 400 ათასი და შემდეგ 600 ათასი ლარი ჩაურიცხა, ჯამში - 1 მლნ ლარი. 2023 წლის 30 მარტს კი მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყვიტა, იმ მოტივით, რომ კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ განაახლა. შემსრულებელს 360 520 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უკვე ანაზღაურებული იყო მთლიანი ღირებულების 88%, რაც 2 521 732 ლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ პროექტის მიმდინარეობისას, 2022 წლის აპრილში, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, რისი ამსახველი ინფორმაციაც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელდა. სამუშაოებზე ზედამხედველობას შემსყიდველის უფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ, თუმცა პროექტის დასრულების შემაფერხებელი გარემოებები დროულად არ გამოიკვეთა. ეს წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვის სათანადო დაგეგმვა - განხორციელება, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. „შედეგად, ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და შესაბამისი სარგებლის მიღება. ამასთანავე, სამშენებლო საქონლისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების მომენტისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული“, - ნათქვამია ანგარიშში. უწყება ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად, შესრულებულად ნაჩვენებია 2,654,455 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების სამუშაოები, თუმცა დათვალიერების მომენტისათვის, პროექტის ფარგლებში შექმნილი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორილი იყო და შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რწმუნება ვერ მიიღო.

2023 წლის ზაფხულში ოპოზიციამ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. მათ ხელისუფლებას ბრალი დასდეს თანხის გაფლანგვაში, რაც მუნიციპალიტეტის მერიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ კომპანიას ასეულობით ათასი ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს ედავება, ხოლო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში უკვე ჩაირიცხა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ეს დავა ახლა, 2024 წელს, ასევე, დათვალა, თუ - არა ექსპერტიზამ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, როდის გამოცხადდება ტენდერი პროექტის დასრულების მიზნით და ა. შ. იმის მიუხედავად, რომ საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოვითხოვეთ და შევახსენეთ კიდეც, პასუხი არ მიგვიღია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, ფიჭვნარის მაგისტრალური საკანალიზაციო ხაზის მოსაწყობად ფაქტობრივად გახარჯული თანხის ოდენობამ 2022 წელს 2 134 208 ლარი შეადგინა, 2023 წლის გეგმა 150 000 ლარი იყო, ხოლო წელს გათვალისწინებულია 100 000 ლარის გახარჯვა. მიმდინარე მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ტენდერებში არც 2023 წლის განმავლობაში და არც 2024 წელს ახალი შესყიდვა არ იძებნება.

მნიშვნელოვანი დეტალი: „ქართული ოცნების“ მიერ ქობულეთელი ამომრჩევლისთვის წარდგენილი საარჩევნო პროგრამის პირველი გვერდი ეთმობა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიმართვას ამომრჩევლებისადმი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „განვითარება ყველა რეგიონს“ არის გუნდის მიზანი და აუცილებლად შესრულდება. „ჩვენ მიერ წარდგენილი ქობულეთის მერობის კანდიდატისა და ქობულეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ წარმატებით გაგრძელდეს მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტები, გაგრძელდეს ქობულეთის განვითარება და გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების პირობები“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ამდენად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რომ 2021-2022 წლებში ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალის ხაზი მოეწყობოდა, არ შესრულდა.

ფოტო: ქობულეთის მერია


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი