სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მტკიცება, რომ „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა (1, 2, 3). მეტიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, „რეზონანსის“ და ონლაინ გამოცემა „ნიუსჰაბის“ მიხედვით, V-Dem-ის სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი „იკვლევს არასამთავრობო სექტორს და აფასებს რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, რამდენად ჯანსაღად (თავისუფლად და აქტიურად) არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში“.

„ფაქტ-მეტრმა“ V-Dem-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაამუშავა და დაადგინა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინდექსში საქართველოს პოზიცია მართლაც გაუარესდა და 2022 წლის 26-ე (და არა 27-ე) პოზიციიდან 77-ე პოზიციაზე დაქვეითდა (აღნიშნული მონაცემების ჩამოტვირთვა და დამუშავება შესაძლებელია მოცემული ბმულიდან), თუმცა Facebook-პოსტებში მნიშვნელოვანი კონტექსტი არ არის გათვალისწინებული, ხოლო გავრცელებული სტატიები არასწორ ინფორმაციას შეიცავს. რეალურად, V-DEM სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის (core civil society index) გაზომვისას, ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის შექმნილ გარემოს აფასებს და არა საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიციას. შესაბამისად, საქართველოს გაუარესებული ინდექსი არა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის გაუარესებულ გარემოს ასახავს.

"დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) გლობალური მასშტაბის სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორის საფუძველზე ძირითადად სახელმწიფოებში არსებული დემოკრატიისა და ხელისუფლებების მუშაობის ხარისხს აფასებს.

პროექტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი 2022 წლის 0.92 ინდექსიდან 2023 წელს 0.81-ზე ჩამოვიდა (მონაცემების სანახავად ვებგვერდზე გრაფაში “Indicators” მიუთითეთ “Core Civil Society Index”, ხოლო რეგიონში - Caucasus).

იმავე გვერდზე აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი შექმნილია იმისთვის, რომ გაიზომოს, თუ რამდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება გაგებულია, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ჯგუფები, რომელშიც მოქალაქეები თავიანთ პოლიტიკურ და სამოქალაქო მიზნებს თავისუფლად და აქტიურად ახორციელებენ. სამოქალაქო ორგანიზაციებში იგულისხმება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ინტერესთა ჯგუფებით, პროფკავშირებით, რელიგიური ორგანიზაციებით თუ ისინი ჩართულნი არიან სამოქალაქო ან პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებრივი მოძრაობებით, პროფესიული ასოციაციებით, საქველმოქმედო ორგანიზაციებით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებით“.

V-Dem-ის კოდების წიგნში, ისევე როგორც იმავე ვებგვერდზე, სადაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი არის მოცემული, შესაძლებელია იმ ინდიკატორების ხილვა, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი იზომება - სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობითი გარემო; ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო ცხოვრებაში ჩართვისა და მისი დატოვების კონტროლი; ხელისუფლების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესია.

V-Dem-ის კოდების წიგნის მიხედვით, რომელიც მისი მეთოდოლოგიის ნაწილია, „სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობითი გარემოს“ (CSO participatory environment) გაზომვისას, სახელმწიფოს 0 ქულა ეწერება, თუ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ არის დასპონსორებული, ხოლო მაქსიმალური 3 ქულა იწერება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოში არსებობს მრავალი სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ნორმალურ მოვლენად ითვლება, როცა ადამიანები დროდადრო არიან ჩართულნი მათში.

სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის გაზომვისას, მეორე ინდიკატორს წარმოადგენს ის, თუ რამდენად აკონტროლებს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო ცხოვრებაში ჩართვასა და მათ დატოვებას (To what extent does the government achieve control over entry and exit by civil society organizations (CSOs) into public life?). ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას მონოპოლია აქვს სამოქალაქო ორგანიზაციების შექმნასა და ფუნქციონირებაზე, იმავე პრინციპით, სახელმწიფო 0 ქულით ფასდება. თუ ხელისუფლება ხელს არ უშლის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას, თუ ისინი არ არიან ჩართულნი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმებში, სახელმწიფოს 4 ქულა ენიჭება.

და ბოლოს, მესამე ინდიკატორი ითვალისწინებს, თუ რამდენად ცდილობს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპრესიას (Does the government attempt to repress civil society organizations?). აღნიშნულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოში ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს აქტიურად და ძალადობრივად დევნის, იგი ფასდება 0 ქულით. 4 ქულა ენიჭება ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხელისუფლებისგან შევიწროების შიშის გარეშე ორგანიზების, გაფიცვის, გამოხატვის და ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობა აქვთ.

V-Dem-ის ინდიკატორები ნათლად აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ინდექსი ზომავს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილ გარემოს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ და არა „არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიციას“, რომელიც „იკვლევს არასამთავრობო სექტორს და აფასებს რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს“. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის გაუარესება ნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის ვითარება გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ V-Dem-ის მიერ გამოცემულ ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც გლობალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე დემოკრატიის ხარისხია განხილული, საქართველო კრიტიკულად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის მხრივ 2017 წლიდან რეგრესს განიცდის, თუმცა არჩევით დემოკრატიად რჩება. ყველაზე დიდი ხარვეზები საქართველოს საარჩევნო პროცესებში არსებობს. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინების გამო დაზიანდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ადგილი ჰქონდა არასწორ მენეჯმენტს, რომლის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო პროცესი გაყალბებულად მიიჩნია და არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, რამაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ხელისუფლებას ასევე ადანაშაულებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფაში“.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი