ანა დოლიძე: დადასტურებულია, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში [ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების] დათვლის მექანიზმით ჩაერია

ვერდიქტი: მცდარი

5 მარტს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, კერძოდ, ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა: „...ხმის დამცავი მანქანები ელექტრონული იქნება, სინამდვილეში, სწორედ ელექტრონულ სისტემაში ჩარევის ხელოვნები არიან რუსები. საქართველოში კი არა NATO-ს დონეზეა დაყენებული ეს საკითხი, მანამდე აშშ-ის არჩევნებში რომ ჩაერივნენ, სწორედ დათვლის მექანიზმით, ეს დადასტურებულია“.

„ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.

ხმის მიცემა და ხმების დათვლა აშშ-ში

ბოლო წლებში, აშშ-ში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისას, ორი ძირითადი მეთოდი გამოიყენება. ერთ შემთხვევაში, ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს საკუთარი ხელით, ბიულეტენებზე სასურველ კანდიდატთან ოვალის შევსებით აფიქსირებენ, შემდგომ კი ბიულეტენებს ოპტიკური სკანირების აპარატში ატარებენ, რომლის საშუალებითაც ხმები ითვლება. ხელით შევსების გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ მოითხოვონ ბიულეტენების მონიშვნის მოწყობილობით (Ballot Marking Device - BMD) ხმის მიცემა, რა შემთხვევაშიც ბიულეტენი ამომრჩევლის მიერ ელექტრონულად ივსება, თუმცა საბოლოო ჯამში, ისიც ოპტიკური სკანირების აპარატით ითვლება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიხედვით, 2016 წელს ამომრჩეველთა 67%-მა, ხოლო 2020 წელს 77%-მა ხმა მსგავსი ხერხით მისცა. ხმის მიცემის მეორე, ყველაზე გამოყენებული მეთოდი, რომელსაც 2016 წელს ამომრჩეველთა 29%-მა, ხოლო 2020 წელს 20%-მა მიმართა, პირდაპირი ჩაწერის ელექტრონული აპარატია (Direct Recording Electronic System – DRE). DRE ხმის მიცემის სისტემით, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს პირდაპირ ელექტრონულ სისტემაში აფიქსირებს, რომელიც მოწყობილობის მეხსიერების ბარათში ან CD დისკში ინახება. შესაბამისად, DRE წარმოადგენს როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმის დათვლის აპარატს.

აშშ-ის არჩევნების კონტექსტში მნიშვნელოვანი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურაა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას საარჩევნო უბანზე აძლევდა, 2020 წელს COVID-19 პანდემიის პირობებში, ხმის მისაცემად ფოსტით ამომრჩეველთა 46%-მა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ფოსტით ხმის მიცემის მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს და საფუძველი 1860-იან წლებში ჩაეყარა. ფოსტით ხმის მიცემის სურვილის შემთხვევაში, ამომრჩეველი წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს, რის შემდეგაც არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე ფოსტის საშუალებით საინფორმაციო ბროშურას, ხოლო ოცი დღით ადრე, საარჩევნო ბიულეტენს იღებს. არჩევანის გაკეთების შემდეგ, ამომრჩეველს შეუძლია ბიულეტენი ფოსტით დააბრუნოს ან ქუჩებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში განათავსოს. ფოსტით ხმის მიცემის დაცულობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრაციებს არაერთი მეთოდი აქვთ - მოწმდება ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; ბიულეტენებზე განთავსებული შტრიხ კოდების საშუალებით ამომრჩეველი იგებს, მიღებულია, თუ - არა მათი ბიულეტენი; აშშ-ის საფოსტო სამსახური თვალს ადევნებს თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ადგილმდებარეობას; ტარდება არჩევნების შემდგომი აუდიტი და ა.შ.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების ოფიციალური შედეგები

2019 მარტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, 2-წლიანი გამოძიების შემდეგ, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ 448-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველი, რობერტ მიულერი ხელმძღვანელობდა.

ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა რამდენიმე გზით განხორციელდა - რუსი ჰაკერების ფართო ჯგუფმა სისუსტეების კვლევის მიზნით ამერიკელ ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს; გატეხეს პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიის, დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტის (DCCC) და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (DNC) ვებგვერდები და ელექტრონული ფოსტები; სცადეს რესპუბლიკური პარტიის სენატორის მარკო რუბიოსა (რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობდა) და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის კამპანიის ვებგვერდების და ელექტრონული ფოსტების გატეხვა. ასევე კოორდინირებული კამპანიის საშუალებით გაავრცელეს პროპაგანდისტული შინაარსის პოსტები Twitter-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე და Instagram-ზე, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას და მოქალაქეების არჩევანზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ილინოისის და არიზონას შტატებში ამომრჩეველთა ბაზების ნაწილზე წვდომის მოპოვება შეძლეს, მიულერის ანგარიშში რუსეთის მხრიდან ელექტრონული ხმის მიცემის და ხმების დათვლის აპარატების მუშაობაში ჩარევაზე არაფერი წერია. მეტიც, აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიში საპირისპიროს ამტკიცებს, სადაც ხაზგასმულია, რომ „რუსეთის მთავრობამ აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შტატების და ადგილობრივ დონეზე ფართო აქტივობები სულ მცირე 2014 წლიდან დაიწყო და მინიმუმ 2017 წლამდე გააგრძელა... [გამოქვეყნებულ ანგარიშში ტექსტის ნაწილი დაფარულია გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამო]... კომიტეტს შეცვლილი ხმების ან ხმის მიცემის მექანიზმის მანიპულაციის სამხილი არ აღმოუჩენია.

მიულერის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში რუსეთის ჩარევა ძირითადად სოციალურ მედიასა და საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაში აისახა, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობის დათესვას და პოლიტიკური ფიგურების, განსაკუთრებით პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთიდან კონტროლირებადი სოციალური მედიის გვერდები, პროფილები და ჯგუფები „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ მიერ იმართებოდა, რომელიც ვლადიმერ პუტინის იმდროინდელი მოკავშირის, ევგენი პრიგოჟინის მიერ იყო დაარსებული. იმ ფაქტს, რომ რუსეთი მსგავსი სახით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა, მიუთითებს 2022 წელს თავად პრიგოჟინის მიერ გაკეთებული განცხადება: „ჩვენ ჩავერიეთ (აშშ-ის არჩევნებში), ჩავერევით და გავაგრძელებთ ჩარევას. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად და ჩვენივე გზით - ისე, როგორც ვიცით“.

გამოძიებამ ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (გრუ) ორი სამხედრო დანაყოფი (დანაყოფი 26165 და დანაყოფი 74455) ჰილარი კლინტონის კამპანიის, დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტის (DCCC) და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (DNC) ელექტრონულ სისტემაში შეიჭრნენ. კერძოდ, გრუ-ს ჰაკერებმა შეიმუშავეს სპეციალური მავნე პროგრამა, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის ასობით მონაწილეს გაეგზავნა. შედეგად, გრუ-ს ოფიცრებმა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ათიათასობით ელფოსტის წერილზე და დემოკრატიული პარტიის მფლობელობაში არსებულ 30-მდე კომპიუტერზე მოიპოვეს წვდომა, შემდგომ კი დემოკრატიული პარტიის კამპანიის დისკრედიტაციის მიზნით, მოპოვებული მასალა საჯაროდ გამოაქვეყნეს.

ჰილარი კლინტონის კამპანიაში ჩართული პირების გარდა, 2016 წლის ზაფხულში გრუ-ს 74455 დანაყოფმა მიზანში ამოიღო ინდივიდები და აქტორები, რომლებიც არჩევნების ადმინისტრირებაში იყვნენ ჩართულნი. სამიზნეებს შორის იყვნენ ფედერალურ და შტატების დონეზე მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასში მომუშავე ინდივიდები, შტატების საარჩევნო საბჭოები (State Boards of Elections), კონკრეტული შტატების სახელმწიფო მდივნები და კერძო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ პროგრამულ და ელექტრონულ სისტემებზე იყვნენ პასუხისმგებლები. გრუ-ს ოფიცრებმა სამიზნეებს ელფოსტაზე ე.წ. ფიშინგის შემცველი ბმულები გაუგზავნეს, რომელთა გახსნის შემთხვევაში სპეციალურად შექმნილი მავნე პროგრამით შესაბამისი ინსტიტუტების და ინდივიდების მიერ გამოყენებული სერვერების ინფილტრაციას და საიდუმლო ინფორმაციაზე, მათ შორის, პაროლებზე წვდომის მოპოვებას ახერხებდნენ. გრუ-ს ოფიცრებმა მსგავსი კიბერთავდასხმა განახორციელეს კომპანიაზე, რომელიც აშშ-ის რამდენიმე ოლქში ამომრჩეველთა სიებს განკარგავდა. შედეგად, რუსეთმა ილინოისის შტატში რეგისტრირებული მილიონობით ამომრჩევლის პირად ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა, სადაც მოცემული იყო ამომრჩეველთა სახელები, მისამართები, სქესი და დაბადების თარიღები, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამომრჩეველთა სოციალური დაცვის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი და მართვის მოწმობის ნომრები. აღსანიშნავია, რომ ილინოისის შტატის საარჩევნო საბჭოს სპიკერის მიხედვით, რუსების მიერ აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის მოპოვების შემდეგ, მონაცემების მოდიფიცირებას ან/და წაშლას ადგილი არ ჰქონია და არჩევნების პროცესი არ შეყოვნებულა.

გრუ-ს მიერ აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბის მიუხედავად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (მიულერის) ანგარიში, აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ანგარიში და შტატების დონეზე მოქმედი საჯარო ინსტიტუტები უშუალოდ ხმის მიცემის და ხმების დათვლის მექანიზმზე რუსულ ჩარევას არ ადასტურებენ.

დეზინფორმაციული მტკიცებები 2020 წელს აშშ-ის არჩევნების გაყალბების შესახებ

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, არჩევნების შედეგები და ხმის მიცემის ტექნოლოგიები ეჭვქვეშ არჩევნებში დამარცხებულმა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააყენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების მასობრივ გაყალბებას, თუმცა სამი წლის შემდეგაც კი არ არსებობს რაიმე სახის სამხილი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. მეტიც, საპირისპიროს ადასტურებს ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების მიერ შეტანილი 60-ზე მეტი სასამართლო სარჩელიდან, რომლებიც საარჩევნო პროცესებს, ხმების დათვლისა და ხმების სერტიფიცირების პროცესს ეჭვქვეშ აყენებდა, არცერთი დაკმაყოფილდა (დეტალებისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები - 1, 2, 3).

საარჩევნო დღის დასაწყისში დონალდ ტრამპს ისეთ მნიშვნელოვან შტატებში ჰქონდა უპირატესობა, როგორიც არის პენსილვანია და ვისკონსინი, თუმცა, მისი მტკიცების მიხედვით, ბიულეტენების მასობრივად გაყალბების გამო, არჩევნების დღის ბოლოს უპირატესობა დაკარგა. სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან რამდენიმე შტატში დღის ბოლოს უპირატესობა დაკარგა, ხმების დათვლის სტანდარტულ, კანონიერ პროცესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, საარჩევნო ოლქების უდიდესს ნაწილში, ადგილზე მიცემული ხმებისგან განსხვავებით, ფოსტით მიცემული ხმები საბოლოო შედეგზე დღის ბოლოს აისახება, რადგან მათ ვერიფიკაციას და დათვლას დამატებითი პროცედურები და მეტი დრო ესაჭიროება. ფოსტით მიცემული ხმების უმრავლესობა კი ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერდა მხარს, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დონალდ ტრამპი საკუთარ მხარდამჭერებს ფოსტით ხმის მიცემისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ამავდროულად, მეტი დრო სჭირდება დიდ ქალაქებში ხმების დათვლას, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ანიჭებენ უპირატესობას - შესაბამისად, ჯო ბაიდენისთვის დიდ ქალაქებში მიცემული მრავალი ხმა ასევე გვიან აისახა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფოსტით და დიდ ქალაქებში მიცემული ხმების გამო, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს დღის ბოლოს რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში გადაასწრო, რაც დონალდ ტრამპის ცრუ მტკიცებების საფუძველი გახდა.

ტრამპმა ხმების გაყალბებაში ხმის მიცემის და ხმების დამთვლელი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კერძო კომპანია Dominion Voting Systems, რომლის პროდუქტიც ბევრ შტატში გამოიყენება, ასევე დაადანაშაულა, თუმცა მისი მტკიცებები ყალბი აღმოჩნდა. ტრამპის დამატებითი მტკიცების მიხედვით, კომპანია ხმებს არა აშშ-ის, არამედ უცხო ქვეყნების ტერიტორიებიდან ითვლიდა, რაც არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევაზე მიუთითებდა. რეალურად, Dominion Voting Systems-ის სერვერები, რომლებიც კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობას უზრუნველყოფენ, ადგილობრივ საარჩევნო ოფისებში იყო განთავსებული და არა უცხო ქვეყნებში.

ზემოაღნიშნულთან ერთად, დონალდ ტრამპის გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ სხვადასხვა სახის მტკიცებას აჟღერებდა, რომლებიც როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მიერ ნომინირებულმა მოსამართლეებმა, რესპუბლიკური და დემოკრატიული შტატების საარჩევნო ადმინისტრაციების და მისივე ადმინისტრაციის წევრებმა უარყვეს.

ოფიციალური წყაროები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველაზე დაცულ არჩევნებად აცხადებენ

2016 წლის მსგავსად, ამერიკულ საინფორმაციო სივრცეში და განსაკუთრებით სოციალურ მედიაში კვლავ გააქტიურდნენ რუსეთიდან მართული კოორდინირებული ტროლ-ბოტების ქსელები, გვერდები, ჯგუფები, რომლებიც ამერიკული საზოგადოების დაყოფის და პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, კონსპირაციულ თეორიებს, პროპაგანდას და ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ. 2016 წლის რუსული კიბერთავდასხმდების გამოცდილების გათვალისწინებით, აშშ-ის სამთავრობო ინსტიტუტები და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კიბერთავდასხმების ახალი ტალღისთვის მოემზადნენ, კერძოდ, განახორციელეს პრევენციული კონტრშეტევები ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შესაძლოა ჰაკერების ფართომასშტაბიანი კოორდინაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) დირექტორმა, კრის კრებსმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ერთობლივ სამეთაურო ცენტრს „მშვიდი დღე ჰქონდა“. აღსანიშნავია, რომ ერთობლივ სამეთაურო ცენტრში აშშ-ის სამხედრო კიბერსარდლობის, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), აშშ-ის საიდუმლო სამსახურის (USSS), საარჩევნო დახმარების კომისიის (EAC), ხმის მიცემის აპარატებზე პასუხისმგებელი კომპანიების და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი. კრის კრებსმა ასევე აღნიშნა, რომ „არ ყოფილა რაიმე ნიშანი ან სამხილი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო სისტემების რაიმე სახის გატეხას არჩევნების დღეს ან მის შემდეგ“.

2020 წლის 12 ნოემბერს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცხრა დღეში, არჩევნების ინფრასტრუქტურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა (Election Infrastructure Government Coordinating Council Executive Committee), რომელშიც ერთიანდებოდნენ ფედერალურ და შტატების დონეზე მოქმედი ოფიციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები და არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გააკეთა შემდეგი განცხადება: „3 ნოემბრის არჩევნები იყო ყველაზე დაცული ამერიკის ისტორიაში... არ არსებობს რაიმე სამხილი იმისა, რომ რომელიმე საარჩევნო ტექნოლოგიის გამო წაიშალა, დაიკარგა ან შეიცვალა ხმები“.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 2016 და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი პროპაგანდისტული კამპანიების წარმოების და საარჩევნო ადმინისტრაციებსა და პოლიტიკურ სუბიექტებზე კიბერთავდასხმების გზით ჩაერია, ანა დოლიძის მტკიცება, რომ რუსები აშშ-ის არჩევნებში სწორედ დათვლის მექანიზმით ჩაერივნენ და ეს დადასტურებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 90%-მდე ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თანახმად, ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიები საქართველოში მეთოდურად დაინერგა და აქამდე საპილოტე პროექტები 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს ტყიბულისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებში, 2021 წელს კრწანისის საარჩევნო ოლქში, 2022 წელს ორ დამატებით საპილოტე პროექტში და 2023 წელს ოქტომბერსა და აპრილში გამართულ ორ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე განხორციელდა.

საქართველოში არჩევნების ჩატარებისთვის გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა გადამოწმების აპარატები (VIU), ხმის დამთვლელი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS) და ტაბლეტები, რომლითაც უბნებზე დაფიქსირებული წინასწარი მონაცემები და კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცესკოს გაეგზავნება. არჩევნების დღეს ხმის მიცემისთვის რეგისტრაციისას, ამომრჩევლები საკუთარ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს წარადგენენ, რომელთაც რეგისტრატორები ამომრჩეველთა გადამოწმების აპარატებში გაატარებენ. ვერიფიკაციის აპარატის მიერ ამომრჩევლის მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემდგომ, ამომრჩეველი ხელს მოაწერს აპარატიდან ამობეჭდილ ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს და საარჩევნო ბიულეტენს აიღებს. ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესი ნაწილის მსგავსად, ქართველი ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს საკუთარი ხელით, ბიულეტენებზე სასურველ კანდიდატთან წრის გაფერადებით დააფიქსირებენ, შემდგომ კი ბიულეტენებს ხმის დამთვლელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობებში მოათავსებენ. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები უბანზე დაფიქსირებული წინასწარი მონაცემების ამონაწერს დაბეჭდავს, ხოლო მეხსიერების ბარათის (USB) საშუალებით, აღნიშნული მონაცემების ექსპორტი სპეციალურ ტაბლეტზე მოხდება, რომლითაც ის ცესკოს გაეგზავნება.

ამერიკული კომპანია ProV&V-ის მიერ ჩატარებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, ცესკოს აღნიშნულ მოწყობილობებში უცხოური ან გარე ჩარევისგან დაცვის მიზნით, რამდენიმე პროცედურა არსებობს. პირველ რიგში, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის საბოლოო ვერსია არჩევნებზე დისლოცირებამდე საფუძვლიან პროცედურულ ტესტირებას გადის. ცესკო თითოეული ცალკეული ამომრჩეველთა გადამოწმების აპარატის, ხმის დამთვლელი მოწყობილობის და ტაბლეტის ტესტირებას ატარებს, რომლის შემდეგაც აპარატები ცესკოს ხარისხის ტესტირების სადგურზე გადადის. აუდიტის დასკვნის მიხედვით, თუ აპარატები ცესკოს მიერ შემოწმების ეტაპს გაივლიან, ისინი გადამოწმებისთვის მოწყობილობების შემქმნელ კომპანიას, Smartmatic-ს გადაეცემა. მათი დაბრუნების შემდეგ, სანამ მოწყობილობას საუბნო საარჩევნო კომისიებში გაგზავნის, ცესკო 30%-იან ნიმუშს ამოწმებს, რა დროსაც აპარატები დამატებით ტესტირებას გადის.

ამავდროულად, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე დისლოცირების შემდეგ, ამომრჩეველთა გადამოწმების და ხმების დამთვლელ მოწყობილობები იმუშავებენ დამოუკიდებლად, არ იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული და არ იქნებიან დაკავშირებული ინტერნეტთან. რაც შეეხება ტაბლეტს, რომლის საშუალებითაც ხმის დამთვლელი აპარატის მიერ დამუშავებული მონაცემები ცესკოს გადაეცემა, ცესკოს განცხადების მიხედვით, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, არსებობს რამდენიმე დამცავი მექანიზმი. პირველ რიგში, შედეგების გადაგზავნის პროგრამა არ ცვლის შედეგებს და ტაბლეტი მოქმედებს მხოლოდ როგორც გადაცემის საშუალება. ამავდროულად, ფიზიკურად შეუძლებელია შედეგების გაგზავნა სხვაგან, გარდა ცესკოს სერვერებისა. ტაბლეტს არ აქვს ასევე შესაძლებლობა გაგზავნოს ხმის დამთვლელი აპარატის გარდა სხვა აპარატის მიერ წარმოებული შედეგები - თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის დამთვლელი აპარატის მიერ, ტაბლეტის პროგრამა არ აგზავნის ფაილს.

არჩევნებში ელექტრონული ამომრჩეველთა გადამოწმების აპარატების, ხმის დამთვლელი აპარატების ტაბლეტების გამოყენების მიუხედავად, კენჭისყრის დახურვის და შედეგების გადაცემის შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა უბანზე ფაქტობრივი ბიულეტენები ხელით გადაითვლება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი წინასწარი შედეგები დადგება ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების მიხედვით, უპირატესობა ფიზიკური ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს მიენიჭება. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიხედვით, 2023 წლის აპრილში ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების და ხელით გადათვლილი მონაცემების შედარებისას დადგინდა, რომ „გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები“, ხოლო 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებზე ხელით დათვლილი და ელექტრონული აპარატის მიერ დაბეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი ყოველ ჯერზე ემთხვეოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი