IFCN მხარს უჭერს პრესის თავისუფლებას ფაქტების გადამოწმების ყველა ორგანიზაციისთვის, მათ შორის ფაქტ-მეტრის და მითების დეტექტორის შემთხვევაში.

ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) უერთდება პრესის თავისუფლების მიმართულებით მომუშავე სხვა ორგანიზაციებს და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, რაც, ფაქტობრივად, „უცხოური აგენტის“ სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთ კანონებს შეიძლება ჰქონდეს ძალზედ დამაზიანებელი ეფექტი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ ჟურნალისტიკაზე, მათ შორის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საქმიანობის კუთხით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ იმაზე, თუ რა გავლენა ექნება მოცემულ კანონს ფაქტ-მეტრისა და მითების დეტექტორზე, რომლებიც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის პრინციპების კოდექსის ხელმომწერები არიან საქართველოდან.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ნებაყოფლობით აწერენ ხელს პრინციპების კოდექსს და გადიან ვერიფიკაციის პროცესს, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მეთოდოლოგიის უნივერსალურ სტანდარტებს. პრინციპების კოდექსის ადმინისტრირებას ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი ახდენს, რომელიც აშშ-ში 1975 წელს დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Poynter Institute-ის ნაწილია და მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. პრინციპების კოდექსის პროცესი, როგორც წესი, მოიცავს შეფასებას აკადემიური ან მედია ექსპერტისაგან, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს კარგად იცნობს, რასაც IFCN-ის მრჩეველთა საბჭოს კენჭისყრა მოსდევს. მრჩეველთა საბჭო შედგება დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც არჩეულ იქნა მათი თანამოაზრეების მიერ.

ფაქტ-მეტრი პრინციპების კოდექსის დიდი ხნის ხელმომწერია, რომელმაც პირველი დამოუკიდებელი შეფასება 2017 წელს მიიღო და წარმატებით გახდა ქსელის წევრი. ფაქტ-მეტრზე ბოლო თავდასხმებზე საპასუხოდ, IFCN უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს პრინციპების კოდექსთან შესაბამისობის დადგენა „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა.

მითების დეტექტორი კოდექსის ხელმომწერია 2019 წლიდან და ასევე არაერთხელ გაიარა დამოუკიდებელი შეფასების პროცესი.

ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მტკიცედ უჭერს მხარს პრესის თავისუფლებასა და ფაქტების გადამოწმებას გლობალურ დონეზე. ფაქტ-მეტრი და მითების დეტექტორი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ისინი იმსახურებენ რეპრესიების საფრთხის გარეშე განაგრძონ თავიანთი ახსნითი ჟურნალისტიკის და ფაქტების გადამოწმების სტატიების გამოქვეყნება, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი