მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება არის მცდარი

ანალიზი:

2024 წლის 12 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე] გამოეხმაურა და აღნიშნა: „ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ რომ შეიმუშავა დირექტივა, ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება.“

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიამ „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ წარადგინა. პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკომისიის ინიციატივას საქართველოში 2023 წლის თებერვალში დაინიციირებული ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონების ანალოგად აქამდეც აფასებდნენ. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აღნიშნავს, რომ ,,ევროკავშირის დირექტივას საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტის ანალოგიური სულისკვეთება და შინაარსი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია 2023 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. აღნიშნული კანონპროექტი იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), „უცხოური გავლენის აგენტად“ აცხადებდა. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად, როგორც დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად გაერო, საეჭვო ძალებად გამოცხადებას ისახავდა.

„რუსული კანონის“ ჩაგდებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ მმართველმა პარტიამ ზუსტად იგივე კანონპროექტი, შეცვლილი სახელით, პარლამენტში კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა. საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში მიღებულ „აგენტების კანონს“, რომელიც საბოლოოდ რუსული სამოქალაქო საზოგადოების ფაქტობრივი გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მას რუსული კანონი უწოდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირში აღნიშნული დირექტივის ინიციირებამდე, ევროკომისიას პროცედურულად მუშაობა დაწყებული ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე ევროკავშირი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს მართავდა, რის შემდეგაც ევროკავშირმა გააგრძელა კონსულტაციები წევრ სახელმწიფოებთან, კომერციულ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ა.შ. ამასთან, კანონპროექტის ინიციირებამდე ევროკომისიამ კანონპროექტის გავლენის შეფასება მოამზადა.

ერთ-ერთი თვალშისაცემი განსხვავება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის სწორედ ისაა, რომ ევროპული კანონი კონკრეტულ აქტივობებს დაარეგულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებისაგან განსხვავებით, სინამდვილეში, ქართული კანონპროექტი მიზნად საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას მოემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.

ის, რომ ევროკავშირში განხილვაში მყოფი დირექტივის პროექტი განსხვავდება საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტისგან, დასტურდება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებიდანაც. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა შოლცმა.

საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, ქართული კანონპროექტით უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) გამოცხადდება ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით, იღებდა თუ არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა.

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელზეც ხელისუფლება მიუთითებს, სინამდვილეში მოქმედებს რადიკალურად განსხვავებული ნორმები. ეს ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები / პოლიტიკები და მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.

მიუხედავად ამისა, ორივე ამ მიდგომაში საერთოა ერთი მთავარი ასპექტი - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, განახორციელა თუ არა ორგანიზაციამ ეს აქტივობა.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან, თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკისგან იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი