სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციური Facebook-ანგარიში მიხეილ განუბაჟებელი პოეტ ბესიკ ხარანაულს შემდეგ ციტატას მიაწერს: „რა კარგია, რომ გამოუშვეს, ახლა ბედნიერია მამა ლაზარეს, აღარ არის მის დუნდულში გაღუნული დანა“. ამავდროულად, პოსტი ისეთი ფორმით არის წარმოდგენილი, რომ იქმნება წარმოდგენა, თითქოს ბესიკ ხარანაულმა აღნიშნული ციტატა Facebook-გვერდზე თავად გამოაქვეყნა. რეალურად, ციტატა ყალბია და მსგავსი პოსტი პოეტს არ გამოუქვეყნებია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მწერალს მის Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი, მწერალმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ღმერთმა გიშველოთ! რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული“.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი გასულ წელს 7-9 მარტის აქციების მონაწილე იყო და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავეს. 12 აპრილს გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე, კერძოდ, 2023 წლის 25 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ გრიგორიადისს შეიწყალებს. „ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია. პოეტ ბესიკ ხარანაულს მსგავსი პოსტი არ გაუვრცელებია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი