სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც რამდენიმე ყალბი მტკიცება გაჟღერდა. კერძოდ, ვიდეოს ავტორის მიხედვით, საფრანგეთში ე.წ. „რუსული კანონის“ მსგავსი კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ამასთანავე გაჟღერდა მტკიცება, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან მათ არ უნდათ დაფინანსების წყაროების გასაჯაროება, რომლებისგანაც ისინი „ლგბტ პროპაგანდისთვისა“ და სხვადასხვა სახის ისეთი აქტივობებისთვის ფინანსდებიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ეს ე.წ. რუსული კანონი საერთოდ არ არის რუსული, რადგანაც იგივე შინაარსის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა საფრანგეთში. [...] ფაქტობრივად ყველა იფაქტავს თავს ამ ყველაფრით და ამის ეშინიათ ძირითადად ენჯეოშნიკებს, ლიბერასტებს, ლიბერალურ თემს, სხვადასხვა სახის გადაჯიშებულ ენჯეოშნიკებს და რომ არ უნდათ, რომ თავი გაიფაქტონ აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს დაარქვეს „რუსული კანონი“. არადა რომ დავფიქრდეთ, მარტივად რომ დავფიქრდეთ ძალიან დემოკრატიულია ეს ყველაფერი: ხარ იურიდიული პირი, 20%-ზე მეტი გერიცხება შენს ანგარიშზე, კომპანიის ანგარიშზე ფული, უნდა იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი. ვინ გაფინანსებს, ვინ არის ლობის უკან, ვინ ფიგურირებს, რომელი დირექტივები მოდის, პირიქით ეს ძალიან მაგარი რაღაცაა და მივესალმები. ესენი არიან შეშინებულები, ლიბერასტულ მხარეზე მაქვს საუბარი, იმიტომ, რომ მათი დაფინანსების წყაროები რომ გასაჯაროვდეს ეს არ უნდათ იმიტომ, რომ ეგრევე მივალთ შვედეთამდე, ნორვეგიამდე, ჰოლანდიური თავისუფალი დაფინანსების ფონდებზე, რომლებიც აფინანსებენ აქ ლგბტ პროპაგანდებს, სექსუალურ უმცირესობებს, სხვადასხვა სახის ისეთ აქტივობებს, რომლებიც აზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შესაბამისად არ სჭირდებათ....“, - აღნიშნულია ვიდეოში.

„ფაქტ-მეტრმა“ ორივე მტკიცება გადაამოწმა.

მტკიცება 1: ე.წ. რუსული კანონი საერთოდ არ არის რუსული, რადგანაც იგივე შინაარსის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა საფრანგეთში

აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის აპრილში ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროკავშირის ან დასავლური სახელმწიფოების პრაქტიკის ანალოგად წარმოადგენდა, საქართველოში კანონპროექტის ხელახალი ინიციირების შემდეგ გავრცელდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცება უკვე გადაამოწმა (იხილეთ სტატია).

რაც შეეხება კონკრეტულად საფრანგეთს, „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტი მართლაც არის დაინიციირებული და ის საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტი საფრანგეთის სენატმაც უნდა განიხილოს. ამასთანავე, მხოლოდ პირველი მოსმენით, მხოლოდ ეროვნულ ასამბლეაში დაინიციირებულმა კანონპროექტმა უკვე 200-ზე მეტი ცვლილება განიცადა.

კანონპროექტის დაინიციირებას წინ უძღოდა ანგარიში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სენატში 2023 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა. ანგარიში საფრანგეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს მიმოიხილავს და სწორედ ის დაედო საფუძვლად „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტის შემუშავებას. რეპორტი უმეტესწილად ეთმობა საფრანგეთისთვის არადემოკრატიული სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან, მომავალ საფრთხეებს. რუსეთის გარდა, დასახელებულია სხვა არადემოკრატიული და დასავლური დემოკრატიების საწინააღმდეგოდ განწყობილი სახელმწიფოები - ჩინეთი, ირანი, მაროკო, კატარი, თურქეთი.

აღნიშნული კანონპროექტით შემოდის ტერმინი „უცხო სახელმწიფოს სახელით განხორციელებული გავლენის აქტივობის გამჭვირვალობა“. ეს კანონი მოითხოვს ციფრული რეესტრის შექმნას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს ინფორმაციას უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობების შესახებ მიაწვდის. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს ალგორითმულ სისტემაზე დაყრდნობით, უცხო სახელმწიფოს ჩარევის, ან ჩარევის მცდელობის კონტროლს.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობები ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უცხო ძალის ბრძანებით, მოთხოვნით, დირექტივით ან კონტროლქვეშ განხორციელებულ შემდეგ ქმედებებს/აქტივობებს: 1) საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შესაბამის პირებთან კომუნიკაციის გზით, განსაკუთრებით თუ ეს შეეხება კანონს ან რეგულაციურ აქტს; 2) ჩაატარო ნებისმიერი სახის საჯარო აქტივობა; 3) მიიღო დაფინანსება ან გასცე დაფინანსება.

უცხოურ ძალად კანონპროექტი თვლის - 1) უცხო სახელმწიფოებს, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა; 2) იურიდიულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან მართული ან კონტროლირებული უცხოური სახელმწიფოს მიერ, ან რომელთა ფინანსების ნახევარზე მეტი შეადგენს ასეთი უცხო ძალის მიერ მიღებულ ქონებას; 3) უცხოური პოლიტიკური პარტიებსა და ჯგუფებს.

ფრანგული კანონპროექტი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ შემოსავლის წყაროზე, არამედ შემოსავლის მიზნობრიობაზე. კანონპროექტში ჩამოთვლილია მთელი რიგი ქმედებებისა, რა შემთხვევაშიც შეეხება კანონი ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს. ეს ქმედებები კი ძირითადად ლობისტურ საქმიანობას ეხება, რადგან საუბარია უცხო სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის პირდაპირ კონტროლზე და მისივე დირექტივების შესაბამისად მოქმედებაზე.

ვინაიდან კანონპროექტი ეფუძნება ანგარიშს რომლითაც საფრანგეთისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი (ასევე სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოები) და მისგან მომავალი საფრთხეებია დასახელებული, ამასთანავე ფრანგული კანონპროექტი აქტივობების მიხედვით რეგულირებას გულისხმობს, ხოლო ქართული ნებისმიერი მიღებული უცხოური დაფინანსების გამო თვლის ორგანიზაციას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ქართულ და ფრანგულ კანონპროექტებს შორის არსებითი განსხვავებაა. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და საფრანგეთში ინიციირებული კანონპროექტები იგივე შინაარსის არის, ყალბია.

მტკიცება 2: არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გაუმჭვირვალეა, რადგან მათ არ უნდათ დაფინანსების წყაროების გასაჯაროება, რომლებისგანაც ისინი „ლგბტ პროპაგანდისთვისა“ და სხვადასხვა სახის ისეთი აქტივობებისთვის ფინანსდებიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

ამ მტკიცების თითქმის იდენტური მტკიცება საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების შემდეგ ასევე გავრცელდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცებაც გადაამოწმა (იხილეთ სტატია)

კერძოდ, გავრცელებულ პოსტებში ამტკიცებდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ დაფინანსების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიან, რისი მიზეზიც ისაა, რომ ისინი დაფინანსებას „მავნებლური“, „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ექსტრემისტული ღონისძიებების“ განსახორციელებლად და „LGBT პროპაგანდის“ საწარმოებლად იღებენ.

პოსტში კი გამოსახული იყო ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია; „საქართველოს ევროპული ორბიტის“ თანადამფუძნებელი მიხეილ ბენიძე, რომელიც წარსულში ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორისა და შემდეგ Zinc Network-ის საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური; ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია; ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე და თბილისი პრაიდის გამგეობის წევრი, გიორგი თაბაგარი.

თუმცა სინამდვილეში, ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსება, დონორები, ამ ფინანსების განკარგვის სფერო, ისევე როგორც ფინანსური ანგარიშების ამსახველი დოკუმენტები, ამ ორგანიზაციების ვებგვერდებზე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

მაგალითად, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული გრანტების, მისი დონორის, ხანგრძლივობის, ოდენობისა და ვალუტის შესახებ.

ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2004 წლიდან დღემდე აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს მისი საქმიანობის შესახებ. უკანასკნელი ასეთი ანგარიში 2023 წლის 5 ივნისს გამოქვეყნდა და მასში ორგანიზაციის 2022 წლის მუშაობის შეჯამებასთან ერთად დატანილია ინფორმაცია ორგანიზაციის დონორების, დანახარჯების, დონორებისგან მიღებული შემოსავლების შესახებ. ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.

ორგანიზაცია „საფარის“ ვებგვერდზე ასევე მარტივადაა ხელმისაწვდომი დონორებისა და პარტნიორების, ისევე როგორც ორგანიზაციაში ჩატარებული აუდიტის შესახებ ინფორმაციები.

2022 წელს ორგანიზაციამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდში განხორციელებულ პროექტების ჩამონათვალი, პროექტების მიზნობრიობა, ძირითად დონორების შესახებ ინფორმაცია და პროექტების დეტალური ბიუჯეტია წარმოდგენილი.

წყარო: ორგანიზაცია „საფარის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში

„საფარის“ ვებგვერდზე ასევე ღიადაა მითითებული ინფორმაცია დონორებისა და პარტნიორების შესახებ. 2022 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ორგანიზაციას წლიური ბიუჯეტიც აქვს წარმოდგენილი.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ დონორების, პროექტების, მათი მიზნობრიობის და მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციასაც ღიად საკუთარ ვებგვერდზე წარმოადგენს.

დონორების, პროექტების, მათი ხანგრძლივობისა და მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ვებგვერდზეცაა მითითებული.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას ის 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე სახალხო დამცველის პოზიციას იკავებდა. თავად სახალხო დამცველის აპარატი ძირითადად პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამაზე მეტყველებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი: „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას“.

ნინო ლომჯარია და მიხეილ ბენიძე სხვადასხვა დროს ასევე იკავებდნენ სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორის პოზიციას. თავის მხრივ, გამჭვირვალეა ISFED-ის დაფინანსების წყაროები. მათ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც ყოველწლიური ანგარიშები (2023 წლის ჩათვლით), ისე დონორების, მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ყოველ ინდივიდუალურ პროექტზე დაინტერესებული მხარეს შეუძლია პროექტის დასახელების, დონორის, პროექტის ხანგრძლივობის, ბიუჯეტის, პარტნიორი ორგანიზაციის, მიზნისა და პროექტის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების ჩამონათვალი დეტალურად იხილოს. თავად 2023 წლის ანგარიშში კი ორგანიზაციის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან ერთად აღნიშნულია ამ პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მონაცემები.


ამჟამად, ნინო ლომჯარია ასევე ხელმძღვანელობს პლატფორმას „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი, თუმცა პლატფორმამ საზოგადოებას განხორციელებული პროექტის მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიაწოდა. კერძოდ, ღონისძიების “საქართველოს ევროპული ხმა” აღწერაში ვხვდებით აღნიშვნას, რომ პროექტს ღია საზოგადოების ფონდი უჭერდა მხარს.

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე არ არის და მათ არ სურთ მათი გასაჯაროება, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან, ყალბია. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი