ანრი ოხანაშვილი: ჩვენ გავიზიარეთ ფრანგული გამოცდილება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს მიმდინარე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კანონის პროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა: „თქვენ ამბობდით, რომ თითქოს საფრანგეთში არ მოქმედებს ის კანონპროექტი, რომელი გამოცდილებაც ჩვენ გავიზიარეთ. მაგრამ ეს არის ყველაფერი ტყუილი“.

სინამდვილეში, საფრანგეთში ინიციირებული კანონპროექტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში 2024 წლის თებერვალში დაინიციირდა. საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კი ზუსტი ასლია 2023 წლის თებერვალში დაინიციირებული კანონისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შესაბამისად, ეს კანონპროექტი მანამდეა მომზადებული, ვიდრე საფრანგეთის კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაინიციირდებოდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მმართველი პარტიის უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალას“, რომელმაც კანონპროექტი შარშან მოამზადა, წელს დაინიციირებული „ფრანგული გამოცდილება“ გაეთვალისწინებინა.

მეტიც, განმარტებით ბარათში საუბარია სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც „მიმოხილულია“ ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საფრანგეთზე არც ამ მიმოხილვაშია საუბარი, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა, ფრანგული კანონპროექტი საერთოდ არ არსებობდა.

დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ აღნიშნა, რომ ქართული და ფრანგული კანონპროექტები ერთმანეთის ანალოგია არ არის. საფრანგეთში გვაქვს კანონები, რომლებიც განიხილება ჩვენს პარლამენტში. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი და ის, რაც ხდება საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში, არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში. შემიძლია, გითხრათ, რომ ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი“, - განაცხადა შერაზ გასრიმ.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე, რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი