13 აპრილს, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის შესახებ Facebook-მომხმარებლებმა (Xaxutaishvili Irma და Дженни Бурджанадзе) ყალბი ამბავი გამოაქვეყნეს (ბმული 1, 2). პოსტების მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისმა პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი განცხადება არცერთ საძიებო სისტემაში არ იძებნება, მას ვერც რომელიმე სანდო მედიის ვებგვერდსა თუ სოციალური ქსელის ანგარიშზე ვხვდებით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისს მედიებისთვის ინტერვიუ არ მიუცია.

12 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ, ისაუბრა. სოციალურ ქსელში გაჟღერებული მტკიცება, თითქოს ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს, არც მას გაუჟღერებია. მეტიც, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ რის გაკეთებას აპირებს და რა გეგმა აქვს ლაზარეს, თამთა კალანდაძემ განაცხადა (11:57): „მეც არ ვიცი, მეც არ ვიცი, იმიტომ, რომ რაღაც სულ დაბნეულობის შეგრძნება მქონდა... რომ დაბნეულივითაა, კომუნიკაციას გადაჩვეული ადამიანია, თვალებიც რაღაც სხვანაირად ემოციურად უბრწყინავდა როცა გვხედავდა“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ვრცელი წერილობითი ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან „რადიო თავისუფლებამ“ 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასშილაზარე გრიგორიადისმა წერილობითი პასუხი 15 კითხვას გასცა და არცერთ მათგანში სამომავლოდ პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობებზე არ უსაუბრია.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ ლაზარე გრიგორიადისმა პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი