2013-2023 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში საგარეო სესხებისა და გრანტების წილი საშუალოდ 16%-ს აღწევდა. 11 წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტმა საზღვარგარეთიდან კრედიტის სახით ჯამურად 23 მლრდ ლარი და გრანტის სახით 3.4 მლრდ ლარი მიიღო. 2024 წლის გეგმის მიხედვით, 2 მლრდ-ზე მეტის უცხოური დაფინანსების მიღებაა გათვალისწინებული.

საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტებიცა და სესხებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვისაა განკუთვნილი. გამონაკლისს 2020-2021 წლები წარმოადგენდა, რა დროსაც თანხების დიდი ნაწილი პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდა. ამ პერიოდში ბიუჯეტის თითქმის მესამედი უცხოური დაფინანსებით შეივსო, რამაც ინფიცირებულთა მკურნალობასთან ერთად, კომუნალური გადასახადებისა და უმუშევრად დარჩენილ პირთათვის თუნდაც მცირე კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა გააჩინა.

გრაფიკი 1: უცხოური სესხებისა და გრანტების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ძირითად დონორებს საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი სულ 8.9 მლრდ დოლარს - 24 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 8.5 მლრდ დოლარი მთავრობის ვალი იყო, 402 მლნ დოლარი ეროვნული ბანკის. მთავრობის ვალიდან 6.4 მლრდ ძირითადად ისეთ ორგანიზაციებზე მოდიოდა, როგორებიცაა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, სავალუტო ფონდი და ევროკავშირი.

გრაფიკი 2: მრავალმხრივი კრედიტორები 31.12.2023-ის მდგომარეობით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ADB - აზიის განვითარების ბანკი;

IBRD - მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი;

EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი;

IDA - მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია;

EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;

AIIB - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი;

IMF - საერთაშორისო სავალუტო ფონდი;

EU - ევროკავშირი;

IFAD - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი;

CEB - ევროსაბჭოს განვითარების ბანკი;

NEFCO - სკანდინავიური გარემოსდაცვის კორპორაცია.

ცალკეული ქვეყნების მიმართ დავალიანება კი 1.6 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც 96% სამ სახელმწიფოზე - საფრანგეთზე, გერმანიასა და იაპონიაზე ნაწილდებოდა. კიდევ 500 მლნ დოლარი ევროობლიგაციებია. ეროვნულ ბანკს ფინანსური ვალდებულება მხოლოდ სავალუტო ფონდის წინაშე გააჩნდა და გააჩნია.

გრაფიკი 3: ორმხრივი კრედიტორები 31.12.2024-ის მდგომარეობით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სტრუქტურულად, მთლიან სახელმწიფო საგარეო ვალში, მრავალმხრივი კრედიტორების წილი 75%-ს შეადგენს, ორმხრივი კრედიტორის - 19%-ს, ევროობლიგაციების - 6%-ს. მთავრობის ვალში არ შედის და ცალკეა ეროვნული ბანკის ვალი, რომლის მოცულობაც 402 მლნ დოლარია და სახელმწიფო ვალში მისი წილი 4%-ს შეადგენს.

გრაფიკი 4: მთავრობის საგარეო ვალის სტრუქტურა

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

უშუალოდ 2024 წელს 150 მლნ-ის უცხოური გრანტების მიღება და 1.8 მლრდ-ზე მეტი უცხოური სესხის აღება იგეგმება, რაც ჯამურად შემოსულობების 8.6% იქნება. 150 მლნ გრანტიდან 130 მლნ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა გაღებული, 20 მლნ სხვა სახელმწიფოთა მთავრობებისგან. 105 მლნ-ით ყველაზე მსხვილ დონორს ევროკავშირი წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 17 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, პროფესიული გადამზადებისთვის - 12.6 მლნ ლარის, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის - 5.3 მლნ-ის, აჭარის სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე - 5 მლნ-ის, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის - 2.3 მლნ-ის, მაღალმთიანი სკოლების რეაბილიტაციისთვის - 2 მლნ-ის, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტისთვის - 1.6 მლნ-ის.

ბევრად უფრო მოცულობითია საზღვარგარეთიდან კრედიტის სახით მისაღები თანხები. მწვანე პოლიტიკის განვითარებისთვის საქართველო მსოფლიო ბანკისგან 135 მლნ ლარს მიიღებს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან - 134 მლნ-ს. ადამიანური განვითარების პროგრამის ფარგლებში იმავე ორგანიზაციებიდან შესაბამისად, 86 მლნ-სა და 27 მლნ ლარს. ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკისგან - 67 მლნ ლარს.

სხვა ცალკეულ მსხვილ პროექტებზე შემდეგი თანხებია გათვალისწინებული:

1) ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი დაფინანსება 185 მლნ ლარი. დონორები აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;

2) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი. დაფინანსება 90 მლნ ლარი, დონორი აზიის განვითარების ბანკი;

3) კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი. დაფინანსება 90 მლნ ლარი. დონორი მსოფლიო ბანკი.

4) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი ზემო ოსიაური-რიკოთი. დაფინანსება 75 მლნ. დონორები ევროპის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი;

5) აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე. დაფინანსება 75 მლნ. დონორები ევროპის განვითარების ბანკი და ევროკავშირი;

6) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი. დაფინანსება 60 მლნ ლარი. დონორები ევროპის განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი;

მხარჯავი დაწესებულებებიდან, დონორებისგან ყველაზე მეტ დაფინანსებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტი სულ 3.4 მლრდ ლარია, საიდანაც 18 მლნ გრანტია, 959 მლნ სესხი.

თითქმის 1 მლრდ-იანი კრედიტიდან 689 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება, 73 მლნ - რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, 94 მლნ - წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას.

2023 წელს მეორე მოსმენაზე ჩაგდებული და 2024 წელს ხელმეორედ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით დაამტკიცა, სახელმწიფო სტრუქტურების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას არ ითვალისწინებს.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია