2024 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 21%-ით - 606 მლნ დოლარამდე, შემცირდა და 2021 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. ვარდნის ძირითადი მიზეზი სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების ექსპორტის კლებაა.

მშპ-ის ფორმირებაში რეექსპორტიც მონაწილეობს, თუმცა მასში ადგილობრივი ექსპორტის კონტრიბუცია უფრო მაღალია. ადგილობრივი ექსპორტი უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და უფრო მეტ გადასახადს იხდის. შესაბამისად, მისი ცვლილება ეკონომიკაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 46%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 52%-ს, 2 წლის წინ კი 75%-ს აჭარბებდა.

2022 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 271 მლნ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები გავიდა, 2023 წლის პირველ კვარტალში 206 მლნ-ის და 2024 წლის პირველ სამ თვეში კი მხოლოდ 12 მლნ-ის. ამასთან, თუ 2022 წელს 1 ტონა სპილენძის მადნის საშუალო საექსპორტო ღირებულება 2722 დოლარს შეადგენდა, წელს ის 2123 დოლარამდე შემცირდა.

გრაფიკი 1: სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი პირველ კვარტალში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში მთლიანი ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) სწორედ სპილენძის მადნების ექსპორტის ვარდნამ შეამცირა 220 მლნ-დან 64 მლნ დოლარამდე. 2022 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტზე 178 მლნ დოლარის სპილენძის მადნები გავიდა, 2024 წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ 2.5 მლნ-ის.

კიდევ ერთი დიდი ვარდნა ფეროშენადნობებს უკავშირდება. მისი ექსპორტიც ბოლო ორ წელიწადში 55%-ითაა შემცირებული. ტონაჟით კი მხოლოდ 11%-ით. ეს იმიტომ რომ მოთხოვნის კლების პარალელურად, ფასიც განახევრდა. 2022 წლის პირველ კვარტალში 1 ტონა ფეროშენადნობის საექსპორტო ღირებულება 2000 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის პირველ კვარტალში 1030 დოლარს.

გრაფიკი 2: ფეროშენადნობების ექსპორტი პირველ კვარტალში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ სპილენძის მადნების ექსპორტის კლებამ ჩინეთში ექსპორტი შეამცირა, ფეროშენადნობების ექსპორტის განახევრება აშშ-ისთან საგარეო ვაჭრობაზე აისახა უარყოფითად.

2022 წლის პირველ კვარტალში ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა, აშშ #6-ს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მათ შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილებზე გადაინაცვლეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის მადნებიც ადგილობრივ ექსპორტს განეკუთვნება და ფეროშენადნობებიც, სპილენძის მადნების შემთხვევაში, საქმე გვაქვს იმპორტირებული პროდუქციის გადამუშავებასთან. მონაცემები რომ გავაწლიუროთ, 2021 წელს საქართველომ სულ 734 მლნ დოლარის სპილენძის მადნები შეიძინა და გადამუშავების შემდეგ 816 მლნ-ის გაყიდა, 2022 წელს იმპორტი 775 მლნ დოლარი დაუჯდა და საექსპორტო შემოსავალმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს იმპორტი 237 მლნ-მდე შემცირდა, ექსპორტი - 479 მლნ-მდე.

სპილენძის მადნებისგან განსხვავებით, ფეროშენადნბები მთლიანად ადგილობრივ წარმოებას განეკუთვნება, მეტია ფეროშენადნობების ქარხნებში დასაქმებულთა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულებისთვისაც ფეროშენადნობების ექსპორტის კლებამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა.

ფეროსა და სპილენძის მადნების ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივ ექსპორტში პირველი ადგილი ღვინომ დაიკავა. იანვარ-მარტში საზღვარგარეთის ქვეყნებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48%-ით მეტი - 84 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა.

ღვინის ექსპორტი ჯამური თანხით რეკორდულია. არც ერთი სხვა წლის პირველ კვარტალში ამ ღირებულების ღვინო არ გაყიდულა, თუმცა სრულიად საპირისპიროდაა საქმე ფასის მხრივ, 1 ლიტრი საექსპორტო ღვინის ღირებულებამ 2.81 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული, უფრო ძველი მონაცემები ტონაჟით საქსტატზე არ იძებნება. ფასის შემცირების პარალელურად, 78%-მდეა გაზრდილი რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება. 84 მლნ-დან 65 მლნ-ის ღვინო რუსეთში გაიყიდა, სადაც ლიტრზე საექსპორტო ფასი კიდევ უფრო დაბალი და 2.70 დოლარს შეადგენს. ღვინის ექსპორტის სურათის ცვლილება, როგორც ექსპორტის ზრდა, ასევე საშუალო ფასის შემცირება, უკავშირდება ერთჯერად ფაქტორს, კერძოდ, რუსეთში ღვინის იმპორტზე გადასახადის ზრდას. ღვინის ექსპორტიორებისათვის 2023 წლის ბოლოდან ცნობილი იყო, რომ რუსეთში ღვინის იმპორტზე გადასახადი 2024 წლის მაისიდან გაიზრდებოდა. შესაბამისად, ღვინის ექსპორტიც წინმსწრებად განხორციელდა, რამაც თავის მხრივ, პირველ კვარტალში ღვინის ჯამური ექსპორტის ნახტომისებური ზრდა გამოიწვია. თავის მხრივ, რუსული ბაზარი ერთეულზე დაბალი ფასით გამოირჩევა. ზემოხსენებული მიზეზით, რუსული ექსპორტის (დაბალფასიანი) წილის ზრდამ მთლიანი საშუალო ფასის შემცირებაც ბუნებრივად გამოიწვია.


მსგავსი სიახლეები

5448 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი