სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (არქივირებული პოსტის ბმული), 2024 წლის 3 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ინიციირების შემდეგ აქციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი არ შეკრებილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 35 000 არასამთავრობო ორგანიზაცია. ინფორმაციის გამავრცელებლის თანახმად, აღნიშნული მოწმობს, რომ „ბევრი ორგანიზაცია თანახმაა ამ კანონის“. რეალურად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი 1 300-ს არ აღემატება, ხოლო აქციებზე შეკრებილ ადამიანთა რიცხვი 5 000-ზე მკვეთრად მაღალია.

CSO Meter (სამოქალაქო საზოგადოების მეტრი) ყოველწლიურად „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევს“ აქვეყნებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობის საფუძველზე მზადდება. 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ ორგანიზაციათა შესახებ CSO-სთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 29 048 არასამეწარმეო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული. ხოლო CSO Meter-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია 30 258 სამოქალაქო ორგანიზაცია, თუმცა მათგან აქტიური მხოლოდ 1 286 ორგანიზაციაა.

სამოქალაქო საზოგადოების მეტრი (CSO Meter) ევროკავშირის პროექტია, რომელიც მონიტორინგს უწევს და მხარს უჭერს გარემოს გაუმჯობესებას, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფუნქციონირებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ის ზომავს კანონსა და პრაქტიკას 11 ძირითად სფეროში, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებიდან, მონაწილეობით დაფინანსებაზე წვდომამდე, ციფრულ და კონფიდენციალურობის უფლებებამდე და აფასებს ქვეყნების შესაბამისობას სფეროში.

რაც შეეხება საპროტესტო აქციაზე დამსწრეთა რაოდენობას, ვინაიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საწინააღმდეგო აქცია პირველად 15 აპრილს გაიმართა და Facebook-პოსტი ამავე დღეს გამოქვეყნდა, Facebook-მომხმარებელი 15 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

შეკრებილი ხალხის ონლაინმზომელი ვებგვერდი mapcheking.com-ის მიხედვით, თუ ვიგულისხმებთ, რომ 15 აპრილის აქციაზე პარლამენტის წინ ერთ კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანი ეტეოდა, მაშინ, რუსთაველზე მიმდინარე აქციას დაახლოებით 4 613-მდე ადამიანი ესწრებოდა. დათვლის აღნიშნულ შემთხვევაში Facebook-მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლესთან მიახლოებულია, თუმცა სიმჭიდროვის აღნიშნული მაჩვენებელი არ შეესაბამება 15 აპრილს გამართულ აქციას. მით უმეტეს, რომ ამავე დროს, აქციის მონაწილეები დამატებით პარლამენტის ორ გვერდითა შესასვლელს იკავებდნენ.

თუ ინფორმაციის გამავრცელებლის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს მივყვებით, მაშინ დაახლოებით ასეთი სურათი შეიქმნება:

1.5 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე

15 აპრილის საპროტესტო აქციის დრონის კადრებზე დაკვირვებით, სიმჭიდროვის აღნიშნული მოდელირება (1.5 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე) ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეესაბამებოდეს აქტივისტთა სიმჭიდროვეს.

გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ აქციის მონაწილეების რეალური სიმჭიდროვე მინიმუმ 1 კვადრატულ მეტრზე 3.5-4 ადამიანს შეადგენდა.

თუ ვივარაუდებთ, რომ აქციის ცენტრალურ ადგილას სიმჭიდროვე დაახლოებით 3.5 ან 4 ადამიანია ერთ კვადრატულ მეტრზე, უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეთა რიცხვი 12 300-ს შეადგენს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ MapChechecking-ის მეშვეობით გამოთვლებისას, მხოლოდ პარლამენტის შენობის წინ არსებულ მონაწილეთა დაახლოებითი რაოდენობა გამოვთვალეთ, ვინაიდან დრონის კადრებში არ ჩანან ზაქარია ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე, ისევე, როგორც პარლამენტის მთავარ შესასვლელთან განლაგებული ადამიანები.

მსგავსი გამონაკლისების შემთხვევაშიც კი, რუსთაველის გამზირის მხოლოდ უმცირეს მონაკვეთზე (უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ) 1 კვ.მ ფართობზე 4 ადამიანის განლაგების შემთხვევაში აქციის მონაწილეთა რიცხვი სულ მცირე 12 300 იქნებოდა, რაც ბევრად აღემატება Facebook-მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ რაოდენობას.

ამრიგად, მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში 35 000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული, ისევე, როგორც სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის წინააღმდეგ აქციაზე 5 000-ზე მეტი ადამიანი არ გამოსულა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5571 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია