სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“ (1; 2), „POSTV“ (1; 2) და Facebook-გვერდი „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2) ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც თითქოს ჩანს, როგორ მოაბილიზა ფულით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მოსახლეობა, რათა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო 1 მაისის საპროტესტო აქციაზე ჩამოეყვანა. თუმცა, რეალურად, აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად გავრცელებული ვიდეოები არ იძლევა საკმარის მტკიცებულებას. (არქივირებული ბმული 1; 2)

სოციალურ ქსელში ზემოაღნიშნული გვერდები მხოლოდ ორ ვიდეოს ავრცელებენ. პირველში არ აკონკრეტებენ ქალაქს - სად არის გადაღებული, ხოლო მეორეში ამტკიცებენ, რომ ეს ხდება სამტრედიაში, ზუგდიდში, ყვარელსა და რუსთავში.

გავრცელებული ვიდეოები რამდენიმე უზუსტობას შეიცავს, რაც მათ ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, ვიდეოში, რომელშიც ქალაქებია დაკონკრეტებული, არ ჩანს პიროვნებების სახეები, რთულია მათი იდენტიფიცირება, ვინაობის დადგენა და გარკვევა, მართლაც წარმოადგენენ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ეს ვიდეო ჯერ იწყება კადრით, სადაც ორი ადამიანი, რომელთა სახეები არ ჩანს, ერთმანეთს ფულს აწვდიან, ხოლო შემდეგ კადრი გადადის მათ გვერდით მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე (იხ. ფოტოები ქვემოთ). აღნიშნული კადრით იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქციის ორგანიზატორი და დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობაა“ და სწორედ ისინი არიან მოქალაქეთა „ფულით მობილიზებაში“ ჩართულები. ვიდეოში საეჭვოა ის, რომ ვიდეოს გადამღები განზრახ არ აჩვენებს მამაკაცების სახეებს, მაშინ როცა ის მარტივად ახერხებს კამერის სხვა მიმართულებით მოძრაობას, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი პლაკატის საჩვენებლად.

ამავე ვიდეოში ჩანს სხვა ლოკაციებიც, სადაც, ანალოგიურად, ადამიანები ერთმანეთს ფულს აწვდიან, მაგალითად, სამარშრუტო ტაქსთან, რასაც „იმედი“ და POSTV-ი „ფულით მობილიზებას“ უწოდებენ. თუმცა ეს კონკრეტული კადრი (იხ. ქვემოთ), ერთი ადამიანის მიერ ტრანსპორტთან ფულის მიწოდება მეორესთვის, არასაკმარისი მტკიცებულებაა, რადგან არ ჩანს არც ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებისთვის მტკიცებულებები, არც ის რომ ეს ადამიანები ჩართულები იყვნენ კანონის საწინააღმდეგო პროტესტზე მოქალაქეების მობილიზებაში.

კიდევ ერთ კადრში, სადაც ვხედავთ, როგორ ურიგებს ერთი პიროვნება, სავარაუდოდ, ფულს, დანარჩენებს, ასევე რთულია ვინაობის დადგენა, რადგანაც მათი ნაწილი ზურგით დგას, რამდენიმეს კი სახე ნიღბით აქვს დაფარული.

ამასთან, ამავე ვიდეოს დასაწყისში ხმა კარგად არ ისმის, გაუგებარია რას საუბრობენ კადრში მყოფი ადამიანები, ხოლო ვიდეოს მეორე ნახევარს ხმა საერთოდ არ აქვს.

ანალოგიურად, მეორე ვიდეოში, სადაც სამარშრუტო ტაქსთან მდგომი რამდენიმე ადამიანი ჩანს, ხელში ფურცლებით, (იხ. ქვემოთ) ისმის გარკვეული სიტყვები, თუმცა ხმაურია და აზრის გამოტანა რთულია.

ამდენად, აღნიშნულ ვიდეობში არ დასტურდება, რომ 1 მაისის აქციაზე ჩამოსული ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფულის სანაცვლოდ მობილიზდნენ. გარდა ამისა, არც სხვა წყაროებში არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა.

რაც შეეხება სიებს, გავრცელებული ინფორმაციით, მართლაც იქმნებოდა სიები, იმ ადამიანების აღსარიცხად, ვისაც სურდა, 1 მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიეღო. ცნობისთვის, 2024 წლის 30 აპრილს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე მოქალაქეებმა შექმნეს ჯგუფი, სახელად „დაიტოვე“. ამ ჯგუფის საშუალებით მოქალაქეები აგროვებდნენ თანხას, რათა აქციაში მონაწილეობის მსურველების რეგიონებიდან თბილისში მგზავრობა-განთავსება უზრუნველყოფილიყო.

ტელეკომპანია „იმედი“ და POSTV აქციის დისკრედიტაციას სხვა მეთოდებითაც ცდილობენ. მაგალითად, 2024 წლის 1 მაისს, მაღაზიათა ქსელმა „გორგია“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოქალაქეებს აირწინაღებზე და პროტესტის დარბევის დროს საჭირო თავდაცვის სხვა ნივთებზე (სათვალე, ფარი, ა.შ) სააქციო შეთავაზებას აცნობდა. (აღნიშნული პოსტი მათ Facebook-გვერდზე აღარ იძებნება). „იმედმა“ და POSTV-მ კონტექსტი დაამახინჯეს და „გორგია“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს.

გარდა ამისა, „იმედმა“ მოქალაქეთა ინიციატივით შექმნილი Facebook-ჯგუფის „დაიტოვე“ დისკრედიტაციის კამპანიაც წამოიწყო. კერძოდ, გაავრცელა პოსტი, რომელშიც წარმოდგენილია ამ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის ფოტოანაბეჭდი, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ თავდაცვისთვის რა საჭირო ნივთები წაეღოთ აქციაზე. „იმედმა“ რამდენიმე კომენტარი ამოჭრა, რომლებიც, მათი მტკიცებით, ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავენ.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია