თენგიზ შარმანაშვილი: ქართული ჯარის დაფინანსება რეკორდულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თენგიზ შარმანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

2024 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გეგმით 1.380 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, ეს რიცხვი რეკორდული არაა, 2007-2008 წლებში უწყების დაფინანსება 1.5 მლრდ ლარს შეადგენდა.

თუ დაფინანსებას მსყიდველუნარიანობით დავითვლით, მაშინ აღმოჩნდება, რომ ბიუჯეტი 2006 და 2009 წლებშიც უფრო მეტი იყო, ვიდრე 2024 წელს.

დაფინანსების ზომის დადგენის კიდევ ერთი მეთოდი ხარჯების მშპ-სთან მიმართებით დათვლაა. ამჟამად ეს მონაცემი 1.6%-ს შეადგენს, 2005-2020 წლებში 16-ჯერ ის უფრო მაღალი იყო და საშუალოდ 3.6%-ს შეადგენდა.

ფაქტობრივი ტყუილის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ თენგიზ შარმანაშვილის განცხადება შეაფასა როგორ ტყუილი.

ანალიზი: უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა 30 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯარზე საუბრისას განაცხადა: „ფაქტია, არასდროს ქართულ ჯარს, ბიუჯეტი ასეთი არ ჰქონია საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ჰქონია არასდროს ასეთი გაქანებისა და მასშტაბის.”

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოკლევადიან პერიოდში, თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. 2003 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 54 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს ის 160 მლნ-ს გაუტოლდა, 2005 წელს - 358 მლნ-ს 2007-2008 წლებში - 1.5 მლრდ-ს.

ომის შემდეგ თავდაცვაზე გამოყოფილი დაფინანსება მკვეთრად - 44%-ით, შემცირდა და კლება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 2010-2012 წლებში თავდაცვის ბიუჯეტი იმის ნახევარიც აღარ იყო, რაც 2007-2008 წლებში.

მილიარდიანი ნიშნული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა ხელახლა მხოლოდ 2022 წელს გადალახა, 2024 წლის გეგმით, უწყებამ 1.4 მლრდ ლარამდე (1.380 მლრდ ლარი) უნდა დახარჯოს, რაც ნომინალურად, ბოლო 16 წლის მაქსიმუმია, მაგრამ 2007-2008 წლების მაჩვენებელს ჩამორჩება.

თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ მსყიდველუნარიანობით, 2006 წლის 684 მლნ ლარი 2024 წლის 1.7 მლრდ ლარს აღემატება (შეადგენს 1.727 მლრდ ლარს) და 2009 წლის 870 მლნ-ც უახლოვდება 1.7 მლრდ ლარს (1.674 მლრდ ლარი). მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენებით, 2008 წელს თავდაცვაზე გამოყოფილი თანხები 2024 წლის მსყიდველუნარიანობით 3.2 მლრდ ლარს და 2007 წელს 3.4 მლრდ ლარს აჭარბებდა, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებას შესაბამისად - 2.4-ჯერ და 2.5-ჯერ, აღემატება.

დაფინანსების ზომის დასადგენად, კიდევ ერთი და შეიძლება ითქვას უფრო ზუსტი მეთოდოლოგია არსებობს, ესაა ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. აშშ თავდაცვაზე საქართველოს მთლიან ეკონომიკაზე 30-ჯერ მეტს ხარჯავს, მაგრამ ეს მისი ეკონომიკის 3.7%-ია. NATO-ს არაოფიციალური სტანდარტის მიხედვით, წევრმა სახელმწიფომ თავდაცვაზე საკუთარი მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა დახარჯოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი ამ სტანდარტს არ იცავს.

საქართველოს შემთხვევაში, თავდაცვაზე გამოყოფილი დაფინანსება 2004 წელს მშპ-ის 1.4%-ს შეადგენდა, 2005 წელს მან 3.3%-ს მიაღწია, 2007 წელს 9.2%-ს. ძალიან მაღალი - 8.5%, იყო 2008 წელსაც. 2009 წელს 5.3%-მდე შემცირდა და კლება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 2012 წელს ის 3%-ს უდრიდა, 2013 წელს - 2.6%-ს, 2%-იან ზღვარს 2018 წელს ჩამოსცდა და ახლაც 1.6%-იან ნიშნულზე იმყოფება.

2005-2020 წლებში, მიყოლებით 16-ჯერ, თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები მშპ-ის 1.6%-ს აღემატებოდა, მათ შორის, 8-ჯერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

გრაფიკი 1: თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება სამხედრო ხარჯების წილი მშპ-ში[1]

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მსოფლიო ბანკი

მთლიანობაში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ნომინალურ გამოსახულებაში, 2024 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ - 2007-2008 წლებში, აღემატებოდა, მსყიდველუნარიანობით 4-ჯერ - 2006-2009 წლებში და მშპ-სთან მიმართებით 16-ჯერ - 2005-2020 წლებში. ფაქტობრივი ტყუილის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ თენგიზ შარმანაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.



[1] გარკვეული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, სამხედრო ხარჯები არ ემთხვევა, თუმცა ძალიან ახლოს არის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობასთან


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5520 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი