სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი მათ ხელშია. (1;2;3;4;5;არქივირებული პოსტი). აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „ფაქტ-მეტრს“ ტელეკომპანია „იმედმა“ საჯაროდ სთხოვა.

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში ცნობილი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გახდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას „კიბერომი“ გამოუცხადა. დაჯგუფება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) აქტიურობს, სადაც მასთან დაკავშირებული რამდენიმე ანგარიში იძებნება. (1; 2; 3; 4; 5)

იმას, რომ აღნიშნული ანგარიშები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული პროფილები ერთმანეთის პოსტებს ხშირად აზიარებენ.

რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰაკერული თავდასხმების დროს მათ არაერთ ვებგვერდზე მიიტანეს იერიში. მათ შორის იყო, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ისა და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის, „გაზპრომის“ ვებგვერდები. 2022 წლის მარტში კი განაცხადეს, რომ კიბერთავდასხმა განახორციელეს რუსულ მედიასაშუალებებზე, РОССИЯ 24-სა და რუსეთის პირველი არხზე, რის შედეგადაც ეთერში უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვეს.

საქართველოში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს Anonymous 1 მაისს X-ზე გამოეხმაურა. პოსტში დაჯგუფება აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ ოფიციალური პირების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა.

ამას მოჰყვა Anonymous-ის კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმები „ქართული ოცნების“ და ტელეკომპანია POSTV-ის ვებგვერდზე განახორციელეს. 10 მაისის მონაცემებით, ვებგვერდი ისევ არაა ხელმისაწვდომი.

მოგვიანებით ანონიმუსმა გაავრცელა შეტყობინება შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ვებგვერდებზე თავდასხმის შესახებ. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ მინისტრმა, რატი ბრეგაძემაც დაადასტურა და 4 მაისს საზოგადოებას ვებგვერდის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის აღდგენის შესახებ აცნობა. შემდგომ ჰაკერებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ შეტევა „ქართული ოცნებისა“ და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზეც განახორციელეს.

ამ ინფორმაციას Anonymous-თან აფილირებული X-ის ანგარიში @YourAnonTV ავრცელებდა, თუმცა, საგულისხმოა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე Anonymous-ის სხვა ანგარიშებიც წერდნენ, მაგალითად, @Parrattarna, რომელმაც 2024 წლის 6 მაისს გამოქვეყნებულ ტვიტში თბილისის მერია გააფრთხილა და განაცხადა, რომ „ვებგვერდის ადმინებისთვის შეტყობინება დატოვა.“

2024 წლის 7 მაისს ქართულენოვანი ანგარიშები და გვერდები Facebook-ზე ავრცელებდნენ ინფორმაციას, (1;2;3;4;5)რომლის თანახმადაც, ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით წერდა: „Anonymous-ს მიზანში ჰყავს „იმედი“, საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროპაგანდისტული მედია. ახლა მთელი ვებგვერდი (imedinews.ge) ჩვენს ხელშია“. წყაროდ მითითებული იყო Anonymous-თან დაკავშირებული X-ის ერთ-ერთი ანგარიშის @YourAnonTV-ის მიერ გამოქვეყნებული ტვიტი.

აღნიშნულს ტელეკომპანია „იმედი“ გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ ვებგვერდზე ნამდვილად იყო შეტევის მცდელობები, მაგრამ ვებგვერდი გამართულად მუშაობდა.

Anonymous-ის განცხადების პირველი ნაწილი, რომელშიც საუბარია, რომ ჰაკერულ დაჯგუფებას „იმედი“ „სამიზნეში ჰყავს“, გარკვეულწილად დაადასტურა „იმედმა“, როდესაც აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად ხდებოდა ხარვეზის შექმნის მცდელობა. დამატებით, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ „იმედის” ყველა პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა და სიმართლეს არ შეესაბამებოდა მტკიცება, რომ მათი პლატფორმა ჰაკერული დაჯგუფების ხელში იყო.

„ფაქტ-მეტრს“ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს Anonymous-ის მტკიცება, რომ „იმედის“ ვებგვერდი მათ ხელშია. თეორიულად შესაძლებელია, რომ Anonymous-ს ჰქონდეს წვდომა „იმედის“ პლატფორმაზე, თუმცა, სანამ ვებგვერდებზე ხილულად არ მოხდება ჩარევა, შეუძლებელია იმის დადასტურება ან უარყოფა არის თუ არა სიმართლე Anonymous-ის აღნიშნული მტკიცება. ფაქტია ის, რომ Anonymous-ის განცხადების გამოქვეყნებიდან მე-2, მე-3 და მე-4 დღეს (8, 9 და 10 მაისს) „იმედის“ პლატფორმები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი