ირაკლი კობახიძე: [PACE-ს დეპუტატები] ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.
2025 წლის 19 აგვისტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის მიერ გავრცელებული დეკლარაცია ორ ძირითად საკითხს მოიცავს - ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება/შეჩერებას და მინისტრთა კომიტეტისადმი მიმართვას, ევროსაბჭოს წესდების მე-3 მუხლის დარღვევის საფუძველზე, საქართველოს ორგანიზაციიდან გარიცხვის პროცედურის დაწყების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციის ყველა წევრს, თვითნებური გადადგომის გამო, მანდატები გაუუქმდა, დელეგაციის უფლებამოსილება ვერ გასაჩივრდება. ეს დასკვნა დადო 2025 წლის 19 მარტს ასამბლეის პროცედურულ საკითხთა კომიტეტმა. აქედან გამომდინარე, წმინდა პროცედურული თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მასში უგულებელყოფილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
უპირველეს ყოვლისა, ზამთრის სხდომაზე PACE-მ „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული პირობებით ცნო, ხოლო მომდევნო სხდომაზე, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეუჩერებდა.. შესაბამისად, მუშაობის „თვითშეჩერების“ გადაწყვეტილება მხოლოდ იმ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურებოდა, რომ უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი ასამბლეის მხრიდან არ დამდგარიყო და პარტიის ლიდერებს საზოგადოების წინაშე „სახის შენარჩუნება“ შეძლებოდათ.
ასამბლეაში მონაწილეობის თვითნებური შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგჯერ დაარღვია ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები, ვინაიდან, როგორც ევროსაბჭოს სრულფასოვან წევრ სახელმწიფოს, მის ორგანოებში მონაწილეობის ვალდებულება აქვს. 2025 წლის აპრილში საქართველოზე მიღებული რეზოლუციით, PACE-მ ცალსახად აღნიშნა, რომ „ასამბლეაში მუშაობა და მონიტორინგის პროცედურებში მონაწილეობა არა - არჩევანი, არამედ ვალდებულებაა იმ დელეგაციებისთვის, რომელთა უფლებამოსილების რატიფიცირება მოხდა“.
მეტიც, ირაკლი კობახიძის განცხადებაში სრულად უგულებელყოფილია დეკლარაციის მეორე მოთხოვნა, რომელიც ევროსაბჭოდან საქართველოს საბოლოო გაძევებას ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.
ანალიზი
2025 წლის 19 აგვისტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატმა გაავრცელა წერილობითი დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ თუ საქართველო არსებულ კურსს არ შეიცვლის, ისინი ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას გაასაჩივრებენ და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის პროცედურა.
ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ „საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში“. კობახიძემ არსებულ სიტუაციას „მძიმე“ და „აბსურდული“ უწოდა, რადგან, მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები „ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული“.
როგორია ევროპის საბჭოს პროცედურა?
ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლი ადგენს ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს და ღირებულებებს. კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, „ევროპის საბჭოს ყოველმა წევრმა უნდა აღიაროს კანონის უზენაესობა და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობის პრინციპები და კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად ითანამშრომლოს საბჭოს მიზნების რეალიზებისთვის“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დელეგაციების მონაწილეობა სწორედ ამ პრინციპების დაცვას ეფუძნება.
PACE-ს პლენარული სესია ყოველ წელს ტარდება, ოთხი სასესიო კვირის ფარგლებში, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს იმართება.
PACE-ს რეგლამენტის (Rules of Procedure) მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი პლენარული სესიის გახსნით, (ზამთრის) სხდომაზე უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოების მიერ განსაზღვრული საპარლამენტო დელეგაციების უფლებამოსილების ცნობა/რატიფიცირება, რომელიც წლის ბოლომდე მოქმედებს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, წლის განმავლობაში, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რის შემდეგაც, ახალი დელეგაციის უფლებამოსილება უნდა ცნონ პლენარული სესიის დახურვამდე).
რეგლამენტის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, რატიფიცირებამდე, ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება შესაძლოა გასაჩივრდეს პროცედურული საფუძვლებით (მაგალითად, თუკი რწმუნებათა სიგელებს აკლია რომელიმე წევრის ინდივიდუალური განცხადება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტის 6.2.c მუხლით და უფლებამოსილების ცნობისთვის, აუცილებელ პირობას წარმოადგენს), ან არსებითი საფუძვლებით.
გარდა ამისა, რეგლამენტის მე-9 მუხლი ითვალისწინებს უკვე რატიფიცირებული უფლებამოსილების გადახედვას არსებითი საფუძვლებით. კერძოდ, უფლებამოსილება შეიძლება გასაჩივრდეს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციის ან, სულ მცირე, 50 წევრის მიერ წარდგენილი რეზოლუციის საფუძველზე.
ამავე რეგლამენტის თანახმად, არსებითი საფუძვლები, რომელთა გამოც შესაძლებელია უფლებამოსილების გასაჩივრება, მოიცავს ევროსაბჭოს წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების მნიშვნელოვან დარღვევას ან ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების მუდმივ შეუსრულებლობას და ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში თანამშრომლობის ნაკლებობას.
არსებითი საფუძვლებით უფლებამოსილების გასაჩივრება ეროვნული დელეგაციის მთელ შემადგენლობაზე ვრცელდება და ერთგვარი სანქციის ფორმას წარმოადგენს, უფლებამოსილების არცნობის ან უკვე რატიფიცირებული უფლებამოსილების გაუქმების გზით.
უფლებამოსილების არცნობის ან გაუქმების ნაცვლად, რაც, ფაქტობრივად, PACE-ს საქმიანობაში ეროვნული დელეგაციის მონაწილეობის შეწყვეტას ნიშნავს, ასამბლეას შეუძლია ნაკლებად რადიკალურ ზომას მიმართოს და დელეგაციას მხოლოდ გარკვეული უფლებები შეუზღუდოს. მაგალითად, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა რუსეთის დელეგაციის უკვე რატიფიცირებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საბოლოოდ, მიღებული რეზოლუცია 1990-ით, PACE-მ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება, თუმცა რამდენიმე მიმართულებით, შეზღუდვები დაუწესა. კერძოდ, რუსეთის დელეგაციას ჩამოერთვა ხმის უფლება, ასევე ასამბლეის ბიუროში, საპრეზიდენტო კომიტეტსა და მუდმივმოქმედ კომიტეტში მონაწილეობის უფლება და არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო პლენარული სესიის გახსნით სხდომაზე, 2015 წლის იანვარში, რატიფიცირებამდე, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა, ასამბლეამ კვლავ მისი აღიარების გადაწყვეტილება მიიღო (რეზოლუცია 2034), თუმცა დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოვა. გარდა ამისა, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ზაფხულის (ივნისის) სხდომამდე, მინსკის შეთანხმების, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის თაობაზე PACE-ს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება საბოლოოდ შეუწყდებოდა.
ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობა ან მისი შეწყვეტა განსხვავდება იმ ვითარებისგან, როდესაც დელეგაცია თავად აცხადებს უარს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის „თვითშეჩერება“ ქვეყნის თვითნებური ინიციატივაა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის იანვარში PACE-მ რუსეთის დელეგაციის უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გააფრთხილა, რუსეთმა ასამბლეაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და 2019 წლამდე მასში არ მონაწილეობდა.
მაშინ, როდესაც PACE-ს მიერ უფლებამოსილების არცნობისა თუ გაუქმების საკითხი მხოლოდ ასამბლეაში მონაწილეობას ეხება და მის ფორმატს არ სცდება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ორგანიზაციიდან სახელმწიფოს გარიცხვის ინიციირება, დამოუკიდებლად თუ PACE-ს რეკომენდაციის საფუძველზე. კერძოდ, წესდების მე-8 მუხლის თანახმად, „ნებისმიერ წევრს, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარღვია მე-3 მუხლი, შესაძლოა შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტმა მოსთხოვოს ორგანიზაციიდან გასვლა ნებაყოფლობით, მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, კომიტეტს შეუძლია მას საბჭოს წევრობა შეუწყვიტოს, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან“.
ევროსაბჭოს დაარსების დღიდან, მე-8 მუხლი პირველად 2022 წელს, რუსეთთან მიმართებით[1] გამოიყენეს და ეს უკავშირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. კერძოდ, 25 თებერვალს მინისტრთა კომიტეტმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ფორმატში, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს ევროპის საბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა, რაც, უპირველეს ყოვლისა, კომიტეტსა და ასამბლეაში მონაწილეობის შეზღუდვას გულისხმობდა. 15 მარტს, მინისტრთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა დასკვნა (opinion), რომლის თანახმადაც, მინისტრთა კომიტეტმა „უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დატოვოს ევროპის საბჭო“. PACE-მ მინისტრთა კომიტეტს ასევე მიმართა რეკომენდაციით, რუსეთის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად განსაზღვროს შეძლებისდაგვარად უახლოესი თარიღი, როდესაც რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუწყდება. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დღესვე, რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეატყობინა, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს ორგანიზაციას საკუთარი ნებით დატოვებდა. თუმცა, იმის გათვალიწინებით, რომ რუსეთის გარიცხვის პროცედურა უკვე დაწყებული იყო, მის შეტყობინებას იურიდიული ძალა აღარ ჰქონდა. შედეგად, 16 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.
რა ვითარებაა საქართველოს შემთხვევაში?
2025 წლის იანვარში, PACE-ს პლენარული სესიის გახსნით სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არსებითი საფუძვლებით გასაჩივრდა. გასაჩივრების საფუძველზე ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585, რომლითაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა იმ დათქმით, რომ ის აპრილში, მომდევნო სხდომაზე გადაიხედებოდა. ამასთან, PACE-მ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვა კონკრეტული პირობების შესრულება, რომელთა შორის იყო „ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „პოლიციის მხრიდან სასტიკი ქმედებებისა და ადამიანის უფლებების შელახვის შეწყვეტა და მომხდარი ფაქტების გამოძიება“, „ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, დაუყოვნებელი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა“, ასევე, წინა რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებას ითვალისწინებდა. რეზოლუციის თანახმად, PACE „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს მომდევნო სესიაზე დაუბრუნდებოდა, დათქმული პირობების შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით.
„ქართული ოცნების“ დელეგაციის დათქმით, აღიარებასთან ერთად, PACE-მ მას გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესა. კერძოდ, დელეგაციის წევრებს შეეზღუდათ რამდენიმე კომიტეტში მონაწილეობის; არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის; მომხსენებლად დანიშვნის; ასამბლეის პრეზიდენტის ოფისში, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დაყენების; ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ასამბლეის სახელით წარდგენის უფლება.
„ქართულმა ოცნებამ“ PACE-ს მოთხოვნები „მიუღებლად“ მიიჩნია და საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის თაობაზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელად იყო დანიშნული. 3 თებერვალს დელეგაციის წევრებმა გადადგომის თაობაზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს, რის საფუძველზეც, მათ PACE-ს მანდატი შეუჩერდათ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 19 მარტს, ასამბლეის ბიუროს მიმართვის საფუძველზე, პროცედურულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, თუ - არა დელეგაციის უკვე რატიფიცირებული უფლებამოსილების გასაჩივრება, თუკი მისმა წევრებმა გადადგომა გადაწყვიტეს. დასკვნის თანახმად, „გადადგომის შემთხვევაში, დელეგაციის წევრი ასამბლეის წევრი აღარ არის და შესაბამისად, ასამბლეის წევრის უფლებამოსილება (მანდატი) არ გააჩნია“. აქვე განმარტებულია, რომ PACE-ს „რეგლამენტის მე-9 მუხლი ითვალისწინებს უკვე რატიფიცირებული მანდატების გასაჩივრებას. მისი გამოყენება არ შეიძლება იმ მანდატის გასაჩივრებისთვის, რომელიც აღარ არსებობს. მე-9 მუხლის პროცედურა არ გამოიყენება იმ წევრ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც [PACE-ში] წევრები არ ჰყავს და შესაბამისად, არ ჰყავს ეროვნული დელეგაცია და არ აქვს მანდატები“. კომიტეტი პირდაპირ აცხადებს, რომ ქართული დელეგაციის ყველა წევრის გადადგომის გამო, „არც ერთ ქართველ დეპუტატს [PACE-ს] მანდატი არ გააჩნია და საქართველოს ეროვნული დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში არ არის“.
დასკვნა
PACE-ს 51 დეპუტატის მიერ გავრცელებული დეკლარაცია ორ ძირითად საკითხს მოიცავს - საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება/შეჩერებას და მინისტრთა კომიტეტისადმი მიმართვას, წესდების მე-3 მუხლის დარღვევის საფუძველზე, საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცედურის დაწყების შესახებ.
როგორც პროცედურულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული, ამჟამად საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ვერ გასაჩივრდება, რადგან გადადგომის შედეგად, დელეგაციის წევრების მანდატები გაუქმებულია და წმინდა პროცედურული თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. ამავდროულად, საკუთარ განცხადებაში ირაკლი კობახიძე უგულებელყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
პირველ რიგში, ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება დათქმით ცნეს, ხოლო განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის კვლავ გადაიხედებოდა. დიდი ალბათობით, მომდევნო სესიაზე საქართველოს უფლებამოსილება შეუწყდებოდა. თუმცა, რუსეთის მსგავსად, PACE-ს მოთხოვნების პასუხად, „ქართულმა ოცნებამ“ PACE-ს „დაასწრო“ და მუშაობის შეჩერება გადაწყვიტა, რაც მხოლოდ იმ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურებოდა, რომ უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი არ დამდგარიყო ასამბლეის მხრიდან და პარტიის ლიდერებს საზოგადოების წინაშე „სახის შენარჩუნება“ შეძლებოდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასამბლეაში მონაწილეობის თვითნებური შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები, ვინაიდან, როგორც ევროსაბჭოს სრულფასოვან წევრ სახელმწიფოს, მის ორგანოებში მონაწილეობის ვალდებულება აქვს. PACE-ს რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეროვნულმა პარლამენტმა ან სხვა უფლებამოსილმა ორგანომ ასამლეაში წევრები 6 თვის ვადაში უნდა წარადგინოს, ან ასამბლეას მოქმედი დელეგაციისთვის უფლებამოსილების დროებით გაგრძელების (არა უმეტეს 6 თვისა) თხოვნით მიმართოს. დელეგაციის წევრის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ახალი წევრის დანიშვნამდე, მისი მანდატი შესაძლოა დროებით შემცვლელით შეივსოს. 2025 წლის გაზაფხულის სხდომაზე PACE-მ საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია (2600) მიიღო და გამოხატა ღრმა მწუხარება, რომ უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ამავე დოკუმენტის თანახმად, „ასამბლეაში მუშაობა და მონიტორინგის პროცედურებში მონაწილეობა არა - არჩევანი, არამედ ვალდებულებაა იმ დელეგაციებისთვის, რომელთა უფლებამოსილების რატიფიცირება მოხდა“.
მეტიც, ირაკლი კობახიძის განცხადებაში სრულად უგულებელყოფილია მეორე მოთხოვნა, რომელიც ევროსაბჭოდან საქართველოს საბოლოო გაძევებას ითვალისწინებს. ეს მოთხოვნა საქართველოსთვის გაცილებით უფრო მძიმეა, ვინაიდან, PACE-სგან განსხვავებით, სადაც შესაძლებელია შეჩერებული უფლებამოსილების განახლება, ევროსაბჭოს წევრობის აღდგენის პროცედურა არ არსებობს. ევროინტეგრაციის პროცესის ოფიციალური შეჩერების შემდეგ, ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვა ქვეყნის დემოკრატიისთვის კრიტიკული უკუსვლა იქნება და საქართველოს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ თავად ირაკლი კობახიძე, რომელიც 2020-2021 წლებში PACE-ს ვიცე-პრეზიდენტად იყო არჩეული, ევროსაბჭოში გაწევრიანებას „საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებდა და აცხადებდა, რომ ამან „ძლიერი სტიმული მისცა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და პროცესის დაჩქარებას“.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენემა, უპირველესად, საპროტესტო აქციების დაშლამ განსაკუთრებული სისასტიკით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ, პოლიტიკურ ოპონენტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გაძლიერებულმა ზეწოლამ და სხვა, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის სერიოზული კრიტიკა გამოიწვია (ეუთო/ოდირის განცხადება დისპროპორციული ძალის გამოყენებაზე, Human Rights Watch-ის განცხადება წამებაზე, Amnesty International-ის განცხადებები საქართველოში მიღბულ „დრაკონულ“ კანონმდებლობებზე და ძალის უკანონო გამოყენებაზე და ა.შ.). სწორედ ამ მოვლენებს მოჰყვა მკაცრი რეაგირება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, რომელმაც ჯერ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა და ვითარების გამოსასწორებლად, „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ვადა მისცა, ხოლო შემდეგ, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შემდგომი გაუარესების ფონზე, ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.