სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Apolitical Page აქციის მონაწილის ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს აღწერა: „გაფიცულმა „სტუდენტებმა“ ქართული კანონის მიღება რუსთაველზე აღნიშნეს“. პოსტი მცდარად ამტკიცებს, რომ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მყოფი სტუდენტები რეალურად კანონის მიღებას აღნიშნავდნენ.

სახუმარო ხასიათის ვიდეო პირველად კონტენტ-კრეატორი ლინა გიუნაშვილის (ცნობილი როგორც „ლინაკო“) მიერ საკუთარ TikTok-გვერდზე გამოქვეყნდა, აღწერით: „სანამ დაწერთ რა გაცეკვებთო, ახალგაზრდები ვართ, ერთად ვართ, გვიყვარს მუსიკის მოსმენა და სევდიან პროტესტს ჟრიამულიანი გვირჩევნია, ნახვამდის“. ვიდეო, სავარაუდოდ, 13 მაისს გამთენიისას არის გადაღებული, როდესაც 12 მაისის აქცია „გაუთენე საქართველოს“ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. აქციის დროს კანონის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, ვიდეო, TikTok-გამომწერის თხოვნით, მეორედ, ხმის გარეშე გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ისევ დავწერ. ვიცით რისთვისაც ვიბრძვით, ახალგაზრდები ვართ, მუსიკა გვიყვარს და ცეკვაც დიდი თერაპიაა“. აღნიშნული კომენტარით იგი კრიტიკოსებსა და დეზინფორმატორებს ეხმიანება.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო, მცდარი აღწერით, ინტერნეტ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სინამდვილეში, ვიდეოში მოცეკვავე ახალგაზრდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა აქციაზე. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი