სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს თანახმად, ავტობლოგერი ნიკა აბაშიძე თაობა Z-ის („ჯენ ზი“) მიმართავს, „რომელსაც ნაცების ტირანია თავის თავზე არ გამოუცდია“. აღნიშნული ვიდეო ქმნის წარმოდგენას, თითქოს, ვიდეოს ავტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს. რეალურად, ვიდეო კანონის ხელახლა შემოტანამდეა ჩაწერილი და სკოლაში ისტორიის სწავლის აუცილებლობას შეეხება.

ვიდეოს სრული ვერსია პირველად, თავად ავტორის მიერ, 2024 წლის 9 თებერვალს TikTok-ზე გამოქვეყნდა. მასში ავტობლოგერი ერთ-ერთ გადაცემაში მარიამ გულედანის მიერ ნათქვამს, „თუ [ბავშვი] აპირებს გახდეს პროგრამისტი, რაში სჭირდება ქართველი ერის ისტორია?“, ეხმაურება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ნიკა აბაშიძე ხსნის ისტორიის ცოდნის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით განვითარება, სხვადასხვა დისციპლინის სწავლის გარეშე, მოზარდებს ძალიან მარტივად სამართავებს გახდის. „აი, მაგალითად, ისტორიას თუ არ ისწავლით საქართველოსას, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ხშირად ორ წელიწადში ერთხელაც, რადგან სხვადასხვა არჩევნები გვაქვს, მოგიწევთ არჩევნებზე წასვლა, სადაც ვერ მიხვდებით სწორად, ვის უნდა მისცეთ ხმა. მარტივად მოგატყუებენ“, - აღნიშნა მან (იხილეთ ვიდეო 1:16-დან).

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მონაკვეთს, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ „როდესაც არ იცი შენი ქვეყნის უახლოესი წარსული, შესაბამისად, სწორადაც ვერ აპროტესტებ ყველაფერს, ვერ გექნება სწორი პოზიცია რაღაცებზე“, კვლავ უახლოესი ისტორიის ცოდნის აუცილებლობას შეეხება (იხილეთ სრული ვიდეო 02:26-დან).

„18 წლის ბავშვებს არ ახსოვთ 2008 წლის ომი, არ ახსოვთ როგორი სიტუაცია იყო, როდესაც პოლიცია ბოგინობდა ქუჩაში და ხმის ამოღების გეშინოდა იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ვინმეს გაეჩერებინე, გაეჩხრიკე, ჯიბეში რამე ჩაედო და ა.შ. შესაბამისად, ამ ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა, როდესაც რამეს აპროტესტებენ, რატომ აპროტესტებენ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, გვახსოვს და ვიცით. როდესაც ჩვენ ამ მთავრობას ვუბრაზდებით ხოლმე რაღაცებზე, ვიცით, რატომ ვუბრაზდებით. პირველ ნაბიჯებშივე ვკლავთ იმას, რაც მერე მიგვიყვანს იქამდე, საიდანაც გამოვიქეცით“ ... „ამიტომ ბავშვებო, მხოლოდ თქვენი პროფესია არ არის ყველაფერი. თქვენ რომ უკეთესი წარმოდგენა გქონდეთ: ომზე, პოლიტიკაზე, თქვენს გარშემო სამყაროზე, ამიტომ ზოგადი განათლება გჭირდებათ, ისტორია განსაკუთრებით გჭირდებათ. ამ შეცდომაში ნუ შეხვალთ, ინანებთ, ძალიან მარტივად სამართავი ხალხი გახდებით“, - აღნიშნა მან.

ინტერნეტსივრცეში ვიდეოს ცალკეული მონაკვეთის მანიპულაციურ გავრცელებას თავად ბლოგერიც გამოეხმაურა. Facebook-პოსტში იგი თებერვალში გამოქვეყნებულ ვიდეოს სრულ ვერსიას უთითებს და აღნიშნავს, რომ გვერდების მიერ ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მან მეორე განცხადებაც გამოაქვეყნა. განცხადებაში წერს, რომ გარკვეული პირის მიერ მისი ძველი ვიდეოს მოჭრა და ისე გავრცელება მოხდა, თითქოს იგი ახლა მიმართავდეს ახალგაზრდებს. გავრცელებულ ინფორმაციას მან ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ პირვანდელ ვიდეოში იგი სრულიად სხვა თემაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ავტობლოგერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია, როგორც ერთობლივ (იხილეთ ვიდეომიმართვა 2:36-დან), ასევე ინდივიდუალურ (ბმული 1, 2) განცხადებებში, არაერთხელ გამოხატა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5520 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი