თენგიზ აფხაზავა: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია, როდესაც 2004 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოში ცხოვრობდა 5 მლნ 400 ათასიდან 5 მლნ 500 ათასამდე ადამიანი. როდესაც 2012 წელს ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოში დარჩენილი იყო 4 მლნ 200 ათასი ადამიანი. ეს არის ფაქტი. მე გელაპარაკებით თქვენ ფაქტებით, ოფიციალური მონაცემებით და არა - რაღაც ზღაპრებით.

ვერდიქტი: თენგიზ აფხაზავას განცხადება არის ტყუილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2004 წელს საქართველოში 3 937 700 ადამიანი ცხოვრობდა. მომდევნო წლებში ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა (მოსახლეობის რაოდენობას განსაზღვრავს ორი გარემოება: ბუნებრივი მატება, რაც წარმოადგენს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის; მიგრაციული სალდო - სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) მუდმივად იკლებდა და 2012 წელს 3 739 300-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია, ძირითადად, შენარჩუნდა ახალი ხელისუფლების ანუ „ქართული ოცნების“ პირობებშიც, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, როცა მოსახლეობის რიცხოვნობა უმნიშვნელოდ გაიზარდა. განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი იყო 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 3 688 600 ადამიანით განისაზღვრა, რაც, 2013 წელთან შედარებით, 29 800 ადამიანით ნაკლებია. 2023 წლის 1იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინების ხარჯზე იზრდება. შარშან უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207) დაფიქსირდა. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი არა მხოლოდ მონაცემებს ასახელებს არასწორად, არამედ ყურადღების მიღმა ტოვებს მნიშვნელოვან გარემოებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაზრდილა და პირიქით, ნაკლებია, ვიდრე იყო „ქართული ოცნების“ არჩევის პერიოდში. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ თენგიზ აფხაზავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით: ტყუილი.

ანალიზი: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავამ განაცხადა: „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია, როდესაც 2004 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოში ცხოვრობდა 5 მლნ 400 ათასიდან 5 მლნ 500 ათასამდე ადამიანი. როდესაც 2012 წელს ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოში დარჩენილი იყო 4 მლნ 200 ათასი ადამიანი. ეს არის ფაქტი. მე გელაპარაკებით თქვენ ფაქტებით, ოფიციალური მონაცემებით და არა - რაღაც ზღაპრებით.“

„ფაქტ-მეტრმა“ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები გადაამოწმა.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა 1994 წლიდან იწყება. ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მაღალი რაოდენობა - 4 929 900 ადამიანი - სწორედ იმ წელს დაფიქსირდა. ამის შემდეგ, მაჩვენებლები კლების ტენდენციით ხასიათდება და 2002 წელს 3 991 300-ს შეადგენს. კლება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და უკვე 2004 წელს ქვეყანაში 3 937 700 ადამიანი ცხოვრობდა.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას იწვევს ორი ძირითადი გარემოება: ბუნებრივი მატება (ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობა) და მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის). ორივე კომპონენტის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუდმივად იკლებდა და 2012 წელს 3 739 300 ადამიანამდე შემცირდა. ახალი ხელისუფლების ანუ „ქართული ოცნების“ პირობებში, კერძოდ, 2013-2014 წლებში ტენდენცია გაგრძელდა, 2015-2021 წლებში უმნიშვნელოდ იზრდებოდა ან იკლებდა, ხოლო 2022 წელს, 2013 წელთან შედარებით, საქართველოში 29 800 ადამიანით ნაკლები ცხოვრობდა.

გრაფიკი 1. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 2004-2024 წლები (პირველი იანვრის მდგომარეობით)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ მოსახლეობის რაოდენობა, 2004-2024 საანგარიშო პერიოდში, არასდროს ყოფილა ისე დაბალი, როგორც 2022 წელს - 3 688 600 ადამიანი. 2023 წლის მაჩვენებელი გაზრდილია, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უმეტესად რუსების, შემოდინებამ განაპირობა. 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა კვლავ შემცირებულია. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

ინფორმაციისთვის: 1991-2010 წლები საქართველოში, მონაცემთა ბაზის განახლების თვალსაზრისით, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ხარვეზული იყო. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში არსებული დემოგრაფიული სტატისტიკა განხილვის საგანია. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ, ეს ხარვეზები, გარკვეულწილად, აღმოიფხვრა და შესაძლებელი გახდა უახლესი ინფორმაციის მიღება მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „მოსახლეობის დინამიკა საქართველოში“. იმავე საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207) დაფიქსირდა. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1 პროცენტით ნაკლებია.

ამდენად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მონაცემები არსებითად აცდენილია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოსახლეობის რაოდენობა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც, ძირითადად, კლების ტენდენციით ხასიათდება და 2012 წლის მაჩვენებელს მუდმივად ჩამორჩება. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი თენგიზ აფხაზავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით: ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5520 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი