საქართველოს მასშტაბით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

2024 წლის დამოუკიდებლობის დღის კონცეფციაა - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.

საქართველოს მთავრობის 26 აპრილის N 610 განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნუსხა და დაფინანსების წყაროები განისაზღვრა. განკარგულების მიხედვით, ღონისძიების დაფინანსებაში თითქმის ყველა სამინისტრო და სხვადასხვა სახელმწიფო სსიპი და ა(ა)იპი იღებს მონაწილეობას.

დოკუმენტის მიხედვით, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები საქართველოს 15 ქალაქში გაიმართება, რისთვისაც ჯამში, 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესაძენად სხვადასხვა უწყებამ გამარტივებული შესყიდვები მაისის თვეში გამოაცხადა. როგორც წესი, გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში გამართვის აუცილებლობა შეიძლება გახდეს. უკვე ტენდენციად იქცა, გამარტივებული შესყიდვის გზის ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება. ასეთი ღონისძიებების გამართვის ზუსტი თარიღები წინასწარ არის განსაზღვრული და შესაბამისად, მათი ადრეული დაგეგმვა მარტივად არის შესაძლებელი. სწორედ ასეთ ღონისძიებას მიეკუთვნება 26 მაისიც. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაშიც, გასამართი ღონისძიებების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით ხორციელდება.

რეალურად, გამარტივებული შესყიდვები მაღალ კორუფციულ რისკებს ატარებს, რადგან შესყიდვა უკონკურენტო გარემოში ხორციელდება. შესაბამისად, კონკურენციის არარსებობა ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობასაც გამორიცხავს. ამასთანავე, გამარტივებული შესყიდვა გულისხმობს იმასაც, რომ შემსყიდველი ორგანო სასურველ კომპანიასთან ან პირთან პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებებს.

26 მაისის აღსანიშნავად დედაქალაქის მერია 353 718 ლარს დახარჯავს (SMP240001156), რაც სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მოიცავს, კერძოდ, თბილისის გაფორმებას დროშებითა და ბანერებით, რუსთაველის გამზირის სადღესასწაულო მორთულობას საქართველოს სახელმწიფო დროშის თემატიკით. ასევე, რუსთაველის გამზირზე კვების ზონების და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიოტუალეტების მოწყობა.

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, მის სატელევიზიო ტრანსლირებას და რუსთაველის გამზირზე გასამართ სპორტულ ღონისძიებებს 877 248 ლარით დააფინანსებს (SMP240001144).

თავდაცვის სამინისტრო 1 900 000 ლარს დახარჯავს (SMP2400011222) თბილისსა და 5 რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებების მოწყობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 351 424 ლარით დააფინანსებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს (SMP240001242), რომლებიც ქალაქ რუსთავში გაიმართება.

ქალაქ ხონში გასამართ სადღესასწაულო ღონისძიებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 281 515 ლარით დააფინანსებს (SMP240001148). ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო/საგამოფენო სტენდები, სამეწარმეო და სადეგუსტაციო სივრცე, შემეცნებითი პავილიონი „ვეფხისტყაოსანი“ მოეწყობა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში გასამართ ღონისძიებებს 698 420 ლარად დააფინანსებს (SMP240001113), იგივე სამინისტრო 14 ქალაქისთვის საქართველოს სახელმწიფო დროშების და დროშა-ბანერების მიწოდებას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების დროს წესრიგს უზრუნველყოფს და გორში სხვადასხვა პავილიონებს და საგამოფენო სივრცეებს მოაწყობს, სადაც საქართველოს წარსული და უახლესი ისტორია გაცოცხლდება. აღნიშნული ღონისძიებები ჯამში 401 182 ლარი დაჯდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქალაქ ფოთში გასამართ სადღესასწაულო ღონისძიებებს 398 520 ლარით დააფინანსებს (SMP240001233).

სოფლის განვითარების სააგენტო ოზურგეთში ღონისძიების ფარგლებში „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ კონცეფციის შესაბამისი სივრცის მოწყობაში, საბავშვო შემეცნებითი სივრცის, გურული ოდის მსგავსი 2 ინსტალაციის მოწყობაზე 300 000 ლარს დახარჯავს (SMP240001110).

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ზუგდიდში გასამართ ღონისძიებებს 348 623 ლარით დააფინანსებს (SMP240001167). ღონისძიების ფარგლებში კონცეფციის შესაბამისი სივრცეები მოეწყობა და საზეიმო კონცერტი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება .

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიასა და ამბროლაურში გასამართ ღონისძიებებში ჯამში 654 429 ლარს დახარჯავს. (SMP240001161).

საქართველოს ფოსტა გორში სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვას უზრუნველყოფს, რაც 153 876 ლარი დაჯდება (SMP240001137).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების ვიზუალური საშუალებით თემატურ ბრენდირებას მოაწყობს, რაც 182 779 ლარი დაუჯდება (SMP240001138).

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებისთვის 5.9 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია