სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძემ, რომლის გავრცელებული მასალა „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ: „შოლცმა აუკრძალა პუტინს კანტის ციტირება. აკრძალვებში ასევე შევიდა რამშტეინის სიმღერების ტექსტები, ძმები გრიმების ზღაპრები და ვაგნერის მუსიკა“. (არქივირებული ბმული)

პოსტს თან ახლავს ფოტოანაბეჭდი, რომელზეც ეს ინფორმაცია რუსულად წერია. თუმცა, არ ჩანს, რომელმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ის. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ მტკიცების პირველი ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ შოლცმა პუტინს კანტის ციტირება აუკრძალა, მედიაში მართლაც დაიბეჭდა. კერძოდ, Deutsche Welle-მ 2024 წლის 22 აპრილს ამ სათაურით სტატია გამოაქვეყნა. 2024 წლის 22 აპრილს ბერლინში, გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო წლის გახსნის ცერემონია გაიმართა, სადაც ოლაფ შოლცი სიტყვით გამოვიდა. პროგრამა შეეხებოდა თემას „რეფლექსია გერმანელი ფილოსოფოსის კანტის ტრაქტატზე „მარადიული მშვიდობისკენ“ ("Zum ewigen Frieden"), თუმცა კანცლერი საუბრობდა არა მხოლოდ კანტზე, არამედ რუსეთის პრეზიდენტზეც, რომლისთვისაც კანტი ერთ-ერთი „ფავორიტი ფილოსოფოსია“. კანტი ფაქტობრივად „კალინინგრადის ბრენდად“ იქცა (იმანუელ კანტი 1724 წელს ქალაქ კიონიგსბერგში, პრუსიის იმპერიაში დაიბადა, დღევანდელი კალინინგრადი, რუსეთი). შოლცმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების თვალთმაქცობა, რომელიც გერმანელ ფილოსოფოსს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, მიითვისოს კანტი, ვინაიდან პუტინის ომი უკრაინაში კანტის ყველა ფუნდამენტურ მტკიცებას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებლის მიერ გაჟღერებულ მეორე მტკიცებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „აკრძალვებში ასევე შევიდა რამშტეინის სიმღერების ტექსტები, ძმები გრიმების ზღაპრები და ვაგნერის მუსიკა“, - სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის პოსტები რუსულენოვან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციის პირველწყარო სავარაუდოდ, რუსული Telegram-არხი, სახელად „Империя очень зла“ იყო. აღნიშნულ Telegram-არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირულ და გამოგონილ შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, ყალბია.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი