სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ბმული 1, 2, 3) თანახმად, AstraZeneca Covid-ვაქცინა ბაზრიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც ფარმაცევტულმა გიგანტმა აღიარა, რომ მას „იშვიათი და საშიში“ გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია. სინამდვილეში, ვირუსის მუტაციურ ვარიანტებთან საბრძოლველად AstraZeneca-ს ნაკლებ ეფექტურობამ და განახლებულ ვაქცინებზე მოთხოვნის ზრდამ AstraZeneca-ს Covid-ვაქცინების გაყიდვების შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, ვაქცინა ბაზრიდან კომერციული მიზნების გამო გაიხმეს.

2020 წლის ნოემბერში AstraZeneca სხვა ვაქცინებთან შედარებით მაღალეფექტურობის, დაბალი ფასისა და მარტივად შენახვის პირობების გამო „ვაქცინა მსოფლიოსთვის“ გახდა. ფარმაცევტული გიგანტი მის მასობრივ წარმოებას დათანხმდა. ვაქცინამ, პანდემიის დროს, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რეკორდულ დროში შექმნეს. პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ 10 წელი სჭირდება, დაახლოებით 10 თვემდე დაჩქარდა.

AstraZeneca-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინამ 6,5 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ გამოყენების პირველ წელს. მათი ძალისხმევა აღიარებული იყო მთელს მსოფლიოში და განიხილებოდა, როგორც პანდემიის დასრულების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მართალია, მან სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევებიც გამოიწვია, თუმცა ფარმაცევტული გიგანტის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ვაქცინით გამოწვეული სარგებელი მკვეთრად აღემატება რისკს და რომ მისი ბაზრიდან გახმობის ერთადერთი მიზეზი მარკეტინგულია. ვაქცინას AstraZeneca-სთვის შემოსავალი 2023 წლის აპრილიდან აღარ მოუტანია, განაცხადა კომპანიამ.

სამ მილიარდზე მეტი დოზის გამოშვების შემდეგ, Oxford-AstraZeneca-მ Covid-ვაქცინა ბაზრიდან გაიხმო. AstraZeneca-ს განცხადებით, „წარმოუდგენლად ამაყობს“ ვაქცინით, თუმცა კომერციული გადაწყვეტილება მიიღო.

ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის, ადამ ფინის თქმით, Covid-ის მუტაციური ფორმების გავრცელებამ „ხელმისაწვდომი განახლებული ვაქცინების ჭარბი რაოდენობა“ შექმნა, რამაც მათ ვაქცინებზე მოთხოვნა შეამცირა. პროფესორმა ფინმა ასევე დასძინა, რომ ვაქცინის გაუქმება უბრალოდ ასახავს, რომ ის კოვიდის მუტაციურ ფორმებთან საბრძოლველად აღარ არის გამოსადეგი. იგი ვარაუდობს, რომ ახლა მხოლოდ რეფორმირებული ვაქცინები იქნება გამოყენებული.

თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ასევე გამოაცხადა ვაქცინის ბაზრიდან გაწვევის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ Vaxzevria (ადრე COVID-19 ვაქცინა AstraZeneca) ევროკავშირის ქვეყნებში აღარ გაიყიდება. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის 27 მარტს ევროკომისიამ ევროკავშირში ვაქსევრიას (ასტრაზენეკა) მარკეტინგული ავტორიზაცია თავად AstraZeneca AB-ის მოთხოვნით გააუქმა. AstraZeneca AB-მ ევროკომისიას აცნობა, რომ მოთხოვნა ვაქცინის მარკეტინგის სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ კომერციულმა მიზეზებმა განაპირობა.

„ფაქტ-მეტრი“ Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოანაბეჭდის მიხედვით სტატიის მოძიებას შეეცადა. აღმოჩნდა, რომ The Telegraph-ის მიერ ასტრაზენეკას ვაქცინის ბაზრიდან გახმობის შესახებ, ფოტოანაბეჭდზე აღნიშნულ დროს, იმავე ავტორის მიერ სტატია სულ სხვა ფოტოთი და სათაურით გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული სტატიის ქვესათაურშივე აღნიშნულია, რომ კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციული იყო. აღნიშნული სტატიის ქვესათაური, გამოქვეყნების თარიღი და ავტორთა ვინაობა Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოანაბეჭდზე ასახულ დეტალებს ემთხვევა, თუმცა რედაქტირებულია ფოტო და სათაური.

ხოლო ფოტოანაბეჭდში მოცემული სურათის google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) გამოყენებით მოძიებისას აღმოჩნდა, რომ The Telegraph-ის მიერ იდენტური ფოტოსურათით მხოლოდ ერთი სტატია - „AstraZeneca claims allegations Covid jab is defective are ‘confused’ and ‘wrong in law“, გამოქვეყნდა, რომელიც არა ვაქცინის ბაზრიდან გატანას, არამედ სასამართლოში წარმოებულ საქმეს შეეხებოდა. მისი სათაური, ისევე როგორც გამოქვეყნების თარიღი და ავტორთა ვინაობა Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოანაბეჭდის დეტალებს არ ემთხვევა.

გავრცელებული ფოტოანაბეჭდი ------------------------------ რეალური სტატიის ფოტოანაბეჭდი

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია