ირაკლი კობახიძე: ამ კანონმა გაზარდა იმის შანსები, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები [ევროკავშირთან]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით მხარი სამი მოსმენით დამტკიცებულ პროექტს დაუჭირა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა გააჟღერა მტკიცება, რომ „თუ კანონპროექტის ინიციირებამდე ნულის ტოლი იყო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია“.

„ფაქტ-მეტრმა“ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში გაერთიანებას ესწრაფვის, ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას საკუთარი ვალდებულების პერსპექტივიდან უნდა მიუდგეს - პატივი სცეს, დაიცვას და ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. 2023 წლიდან დღემდე, ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ დამტკიცებით, ხელისუფლება აღნიშნულ ვალდებულებას ფუნდამენტურად შეეწინააღმდეგება.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (ICCPR), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) , ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია, გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველთა შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ცალკეული რეზოლუციები თუ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრეცედენტული სამართალი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წყაროებისა, რომლებზე მითითებითაც, ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუციები მმართველ პარტიას კანონის მოქმედი ფორმის გაუქმებას კატეგორიულად ურჩევდნენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ).

გარდა ამისა, ევროკავშირის ცალკეული უწყებების, ასევე, წევრი სახელმწიფოების არაერთმა წარმომადგენელმა, ვეტოს დაძლევის სხდომის მიმდინარეობისას თუ სხდომის დასრულების შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი ნეგატიურად აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.

ქვემოთ განცხადებების ნაწილს წარმოგიდგენთ:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი (იხ. ბმული )

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი (იხ. ბმული )

„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები“.

ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადება ( იხ. ბმული )

ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამზე იწვევს უკუსვლას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციის შესახებ; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ), რომლებიც კანდიდატის სტატუსისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში არის აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა დაუჭირეს მხარი და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე".

კარლ ბილდტი - ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (ECFR) თანათავმჯდომარე, შვედეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი (იხ. ბმული )

„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობის გამოყენებით საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია - მაგრამ სიმართლეა“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი (იხ. ბმული)

„საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღმა გადაწყვიტა დიდი პროტესტების, საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის მიერ მისი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის მიუხედავად. ვინაიდან კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი (იხ. ბმული)

„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს "უცხოური გავლენის" კანონზე, სამწუხარო ნაბიჯია. კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ნათლად აღნიშნა ვენეციის კომისიამ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირების ყველა ვარიანტს განვიხილავთ“ .

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ( იხ. ბმული )

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს. შარშან ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შანსი მისცა საქართველოს. ეს ისტორიული მომენტი იყო საქართველოსთვის და მისმა ხალხმა ნათლად დაუჭირა მხარი. სამწუხარო დღე“.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი (იხ. ბმული)

„ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოელი აგენტის შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა (იხ. ბმული )

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელუს ლანდსბერგისი (იხ. ბმული)

„ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს, თითქმის არავინ"

ამრიგად, „რუსული კანონი“, რომელიც, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებს, პლურალიზმსა და დემოკრატიას. თავად ევროკავშირის წარმომადგენლების განმარტებით, მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, პრემიერის მტკიცება, რომ კანონმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შანსი გაზარდა, აბსურდულია და მას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით ტყუილი აფასებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია