სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტინა ფანტინა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2) ამჯერად შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „16 ივნისს კიევში გაიმართება გეი-აღლუმი და მისი მონაწილეები მობილიზაციისგან გათავისუფლდებიან" — უკრაინის პრეზიდენტის ოფისი“, - წერია პოსტში. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია (არქივირებული ბმული).

2024 წლის 16 ივნისს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პირველი პრაიდი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „Kyivpride” ავრცელებს. „თანასწორობის მარში“ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული წესების დაცვით წარიმართება. კერძოდ, როგორც პოსტში ვკითხულობთ, წელს მარში კიევის მეტროში გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ისინი შეთანხმებულნი არიან ეროვნულ პოლიციასთან, კიევის საქალაქო პოლიციასა და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციასთან, რათა მარშის მონაწილეებისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. უსაფრთხოების მიზნით, მარშში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული იქნება, არაუმეტეს 500 ადამიანი, მათ შორის, აქტივისტები, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხალისეები, საელჩოებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, 9 ივნისს ხელოვნების ცენტრი Closer „KyivPride-ის“ საქველმოქმედო ფესტივალს უმასპინძლებს, ლექციებით, ვორქშოპებით, არტ-პროგრამითა და სხვა აქტივობებით. მიღებულ თანხას „პრაიდის ფონდში“ გადარიცხავენ, უკრაინის დამცველებისთვის.

2024 წლის 5 ივნისს, კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ Telegram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ არ ეთანხმებოდა ორგანიზატორების მიერ ღონისძიების ლოკაციად მეტროპოლიტენის არჩევას. მიზეზად კი უსაფრთხოებას ასახელებდა და სხვა ადგილის მოძიებას სთხოვდა. ამასთან, პოსტში აღნიშნავდნენ, რომ მარშთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ მეტრო ღონისძიების გამო დაიკეტებოდა და მარში ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა. ეს ინფორმაცია უარყო, როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ, ასევე KyivPride-მა. ამასთან, KyivPride-მა საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნეს: „სარაკეტო თავდასხმის მაღალი საშიშროების გამო, მეტროს უსაფრთხო ლოკაციად მივიჩნევთ, ვინაიდან, გვაქვს „ხარკოვის პრაიდის“ დადებითი გამოცდილება. „კიევის პრაიდი 2024-ის“ ამა თუ იმ ფორმით მეტროში ჩატარება შესაძლებელია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ოფიციალური თანხმობის გარეშეც, თუმცა ჩვენ, როგორც ორგანიზატორები, ყოველთვის ვემხრობით ხელისუფლებასთან დიალოგს....კონსტრუქციული დიალოგისა და საკითხის მოგვარებისთვის ერთობლივი გზების ძიების იმედი გვაქვს, რაც საშუალებას მოგვცემს KyivPride რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩატარდეს“, - წერია პოსტში.

KyivPride-ის ოფიციალური გვერდის გარდა ამ ინფორმაციას სხვადასხვა უკრაინული მედიასაშუალებაც ავრცელებს, მაგალითად, Униан, 24 Канал, Детектор медіа და სხვები. თუმცა, არსად არ იძებნება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარშის მონაწილეები მობილიზაციისგან გათავისუფლდებიან. Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნული იყო, რომ ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე მსგავსი განცხადება არ იძებნება.

შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ კიევში ლგბტ მარშში მონაწილეები მობილიზაციისგან გათავისუფლდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5558 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი