ნინო წილოსანი: OSCE/ODIHR-ის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოამზადა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის ტყუილი

ანალიზი:

2024 წლის 30 მაისს OSCE/ODIHR-მა (ეუთო/ოდირი) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი „სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის მიერ ადამიანის განზომილების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებთან“. დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრებმა მასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს. ნინო წილოსანის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლები შეხვედრებისას ხედავდნენ კანონის მიღების საჭიროებასა და აუცილებლობას, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ ჩაწერეს, რაც ნინო წილოსანის მტკიცებით, იმას უკავშირდება, რომ დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოამზადა. „ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში“, - განაცხადა წილოსანმა.

მტკიცება OSCE/ODIHR-ის დასკვნაში გაკეთებულ მითითებას ეფუძნება, სადაც წერია, რომ „ამ გადაუდებელი მოსაზრებისთვის სასარგებლო იყო ოდირის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელის წევრების მიერ შეტანილი წვლილი და მოსაზრებამ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროსი მრჩევლის ანტონინა ჩერევკოს კოლეგიალური რეცენზია გაიარა“.

ოდირის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელის 14 წევრს შორის ჯერემი მაკბრაიდი ნამდვილად არის. თუმცა მტკიცება, რომ დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოამზადა OSCE/ODIHR-ის მოსაზრებაში არსებული მითითებიდან არ გამომდინარეობს. კერძოდ, დოკუმენტზე დატანილი მითითება სინამდვილეში აღნიშნავს, რომ დასკვნა ეუთოს ექსპერტებმა მოამზადეს, მომზადებისას გაერთიანებისა და შეკრებების შესახებ ეუთოს ექსპერტთა პანელისგან (რომელშიც ჯერემი მაკბრაიდიც შედის) კონსულტაცია მიიღეს, კოლეგიალური რეცენზია კი შემდგომ უფროს მრჩეველთან გაატარეს. შესაბამისად, ნინო წილოსანის განცხადების საპირისპიროდ ჯერემი მაკბრაიდს ამ დასკვნის წერაში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ კონსულტაციებისათვის ჩართული ჯგუფის წევრებიდან ერთ-ერთი იყო.

ზემოხსენებული პანელის მთავარი ფუნქცია, რომლის ერთ-ერთი წევრი ჯერემი მაკბრაიდია, ოფიციალური წყაროს განმარტებითაც საკანონმდებლო სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისას, ასევე მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ კანონპროექტებისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზისას, ODIHR-ისთვის რჩევების, მითითებებისა და რეკომენდაციების მიწოდებაა. ეს არ ნიშნავს, რომ დასკვნის ავტორი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელი ან მისი რომელიმე წევრია. დასკვნას ეუთო/ოდირის ექსპერტები ამზადებენ და მისი მომზადების დროს კონსულტაციას გადიან სხვადასხვა ჯგუფთან. სწორედ ასეთ კონტრიბუციაზეა მითითება ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ მომზადებულ დასკვნაში.

ამას ადასტურებს თავად ODIHR-ის პრესსპიკერის კატია ანდრუშის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილი წერილობითი პასუხი, სადაც ODIHR-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონის შესახებ სამართლებრივი დასკვნა მათი შიდა ექსპერტების მიერ დაიწერა. ODIHR-ის პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასების ტექსტი, გამოქვეყნებამდე, განსახილველად მათ შორის გარე ექსპერტთა პანელს [შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელს] გადაუგზავნეს. პრესსპიკერის განცხადებით, „[გარე] ექსპერტთა პანელი შედგება 14 აღიარებული საერთაშორისო ექსპერტისაგან, მათ შორის შედის ჯერემი მაკბრაიდიც, მაგრამ მოსაზრება არ დაუწერია არც მას და არც პანელის სხვა რომელიმე წევრს. არცერთ გარე ექსპერტთან ან კონსულტანტთან არ ყოფილა კონტრაქტი, რომ გაეწია კონტრიბუცია შეფასების შედგენაში”.

ამდენად, ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა მათი შიდა ექსპერტების მიერ დაიწერა. დასკვნა ასევე გადაეგზავნა ოდირის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელს, რომელშიც ჯერემი მაკბრაიდიც შედის, თუმცა ამ პანელის ფუნქცია ODIHR-ისთვის რჩევების, მითითებებისა და რეკომენდაციების მიწოდებაა. არც ზოგადად პანელს და არც მის რომელიმე წევრს ოდირის დასკვნა არ დაუწერია, რასაც მისი პრესსპიკერის განცხადებაც ადასტურებს. ამდენად, მტკიცება, რომ OSCE/ODIHR-ის დასკვნის თანაავტორი ჯერემი მაკბრაიდია, აბსურდულია და მას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით ტყუილი აფასებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი